საქართველოს პატრიარქი რუსეთს და საქართველოს დიალოგისკენ მოუწოდებს

საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ მოუწოდა საქართველოს და რუსეთის ლიდერებს "გამოიჩინონ სიბრძნე“ და დაიწყონ ორ ქვეყანას შორის დიალოგი "სხვადასხვა დონეზე“.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა 1 მარტს, რომ ეს მოწოდება შეესაბამება საქართველოს ხელისუფლების "სრულ მზადყოფნას ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ თემაზე დავიწყოთ სრულმასშტაბიანი დიალოგი“.

"მივმართავ ორივე სახელმწიფოს ხელმძღვანელებს, მოვუწოდებ მათ, გამოიჩინონ სიბრძნე, სიმამაცე და დაიწყონ დიალოგი სხვადასხვა დონეზე, რათა განიხილონ და მოაგვარონ დაგროვილი რთული საკითხები,“ – ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში.

"ჩვენ ყველა ღონე უნდა მივმართოთ, რათა არ დავუშვათ ნეგატიური პროცესების შენარჩუნება და გაღრმავება… ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ წარსულის გაკვეთილები და ვუცქიროთ მომავალს ჩვენი ხალხების და ქვეყნების ინტერესთა გათვალისწინებით… მტრული დამოკიდებულების გაგრძელება მეზობლებს შორის დაუშვებელია,“ – ნათქვამია განცხადებაში.

ამავე განცხადების თანახმად, არსებული უარყოფითი რიტორიკა არ უწყობს ხელს მხარეებს შორის დაახლოებას. 

განცხადება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის მოსკოვში დაგეგმილ ვიზიტამდე გამოქვეყნდა. დელეგაციას  საპატრიარქოს საგარეო საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზუგდიდ-ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე უხელმღვანელებს.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა 1 მარტს, რომ პატრიარქის განცხადება "სრულიად ეხმაურება იმ სულისკვეთებას, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია“.

"საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია კარგად არის ცნობილი როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ სრულ მზადყოფნას ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ თემაზე დავიწყოთ სრულმასშტაბიანი დიალოგი რუსეთის ფედერაციასთან,“ – განაცხადა მან.

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას რუსეთთან დიალოგის სურვილი კიდევ ერთხელ გამოთქვა, მოსკოვმა ამის საპასუხოდ განაცხადა, რომ სააკაშვილის განცხადება არის "პიარ–აქცია და მოუქნელი მცდელობა საკუთარი თავი კონსტრუქციულ და მშვიდობისმოყვარე პოლიტიკოსად წარმოაჩინოს“.

"შეუძლებელია ამგვარი განცხადებების სერიოზულად მიღება, თუნდაც იმიტომ, რომ მათ ჩვეულებრივ თან სდევს უხეში ანტი–რუსული რიტორიკა, კონფრონტაციული და შეურაცხმყოფელი თავდასხმები რუსეთის ფედერაციის მისამართით,“ – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა 17 თებერვალს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)