ებრაელი ბიზნესმენების საქმე საპარლამენტო დებატების განხილვის თემა გახდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის ქრთამის შეთავაზების ბრალდებით დაკავებული ისრაელის ორი მოქალაქის საკითხი, რომლებიც თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს ელოდებიან, დღევანდელი საპარლამენტო დებატების ერთ–ერთი თემა გახდა, რომლის დროსაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ერთ–ერთ განსასჯელს, რონ ფუქსს "თაღლითი“ და "მექრთამე“ ბიზნესმენი უწოდა.

საკითხი სამთავრობო კვირის ბოლო დღეს დეპუტატმა ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობიდან ლევან ვეფხვაძემ დააყენა, რომელმაც თავის გამოსვლაში პრემიერ–მინისტრ ნიკა გილაურს, რომელიც სხდომათა დარბაზში იმყოფებოდა, რონ ფუქსის და მისი პარტნიორის, ზეევ ფრენკელის დაპატიმრებაში მისი სავარაუდო როლის შესახებ პირდაპირი შეკითხვით მიმართა.

"იცოდა თუ არა პრემიერ–მინისტრმა, ბატონმა ნიკა გილაურმა, როდესაც ის ეპატიჟებოდა ებრაელ ბიზნესმენებს საქართველოში, რომ ისინი საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევაში იქნებოდნენ დაპატიმრებული?  თუ არ იცოდა, ეს ძალიან ცუდია –ეს ნიშნავს იმას, რომ მას არ ჰქონდა უწყებებიდან ინფორმაცია და თუ იცოდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანები ჩამოიყვანა სწორედ დასაპატიმრებლად. ეს არის კითხვა, რომელიც საზოგადოებაში არსებობს და ყველა მწვავე კითხვას, ბატონო ნიკა, უნდა გასცეთ ძალიან მკაფიო პასუხი,“ – განაცხადა დეპუტატმა ლევან ვეფხვაძემ.

რონ ფუქსი აცხადებს, რომ იგი საქართველოში მას შემდეგ ჩამოვიდა, რაც პრემიერ–მინისტრისგან მოწვევის წერილი მიიღო, რათა საქართველოს მთავრობასთან ის მრავალმილიონიანი დავა განეხილა, რომელიც მან საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში მოუგო. მისი თქმით, წერილი საქართველოს ხელისუფლების „გეგმის“ ნაწილი იყო, რათა ის საქართველოში შემოეტყუებინათ საკითხის მოგვარების მიზნით, თუმცა ეს ფაქტიურად მახე გამოდგა, რომელიც მის დაპატიმრებას და მრავალმილიონიან მოთხოვნაზე უარის თქმას ისახავდა მიზნად.

თავის 50–წუთიან გამოსვლაში, რომელშიც გილაური საპარლამენტო დებატების დროს დაყენებულ სხვადასხვა, ძირითადად ეკონომიკური ტიპის საკითხებს პასუხობდა, მან ებრაელი ბიზნესმენების თემაზე საერთოდ არ ისაუბრა.

თუმცა, ამ საკითხს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი შეეხო, რომელმაც აღნიშნა, რომ პრემიერ–მინისტრისგან მოწვევის მიღება არ ნიშნავს იმას, რომ უფლება გაქვს სახელმწიფოს ფული "გამოსძალო“.      

მან ხაზი გაუსვა, რომ რონ ფუქსის საკითხი დეპუტატმა ლევან ვეფხვაძემ, წინა კვირის შემდეგ, უკვე ხელმეორედ წამოწია. "როდემდე უნდა იყოთ ბატონო, ჩვენო პოლიტიკურო ოპონენტებო, თაღლითი, მექრთამე ბიზნესმენების დამცველები,“  – ჰკითხა პეტრე ცისკარიშვილმა მას.

ამ თემაზე თავისი წინა გამოსვლის მსგავსად, ცისკარიშვილმა კვლავ გაიმეორა, რომ ფუქსმა საქართველოში ნავთობის ტრანსპორტირებასა და მოპოვებაზე უფლებები 90–იან წლებში ქრთამის გადახდის გზით მოიპოვა და შემდეგ სახელმწიფოსგან ათობით მილიონის "გამოძალვას“ შეეცადა.

"თქვენ გგონიათ, რომ პრემიერ–მინისტრის მოწვევა რადგან აქვს ამა თუ იმ ბიზნესმენს, ეს მას იცავს და მისთვის არის იმუნიტეტი, რომ მერე შეუძლია ნებისმიერი გარიგებით და ქრთამის შეთავაზების ხარჯზე გამოსძალოს სახელმწიფოს ეს ათობით მილიონი დოლარი? სხვა ბიზნესმენები ამას არ აკეთებენ და ყველა სხვა პატიოსანი, წესიერი ადამიანი –  უცხოელი იქნება ეს, თუ ჩვენი თანამოქალაქე – რა თქმა უნდა, თავისუფალი არის ბიზნესის კეთებაში,“ – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)