მთავრობა აუდიტორული შემოწმების აუტ–სორსინგს გეგმავს

იმ პრობლემების მოსაგვარებლად, "რომელიც კერძო სექტორს შემოსავლების სამსახურთან ურთიერთობისას აქვს“, მთავრობა აუდიტორული შემოწმების აუტ–სორსინგს გეგმავს, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა 13 აპრილს.
 
ბიზნესმენებთან შეხვედრაზე ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ კომპანიას შეუძლია ლიცენზიის მქონე სხვა კერძო აუდიტორულ ან საკონსულტაციო კომპანიას მიმართოს, რომ საგადასახადო შემოწმება ჩაუტაროს არა შემოსავლების სამსახურმა, არამედ სხვა აუდიტორულმა ან საკონსულტაციო კომპანიამ.

"ამბობდნენ, რომ ‘საგადასახადო შემოვიდა, დაგვლუქეს, პრობლემები შეგვიქმნეს და იმის გამო, რომ საგადასახადო შემოსულია გაყიდვები შეგვიმცირდა’,“ – განაცხადა გილაურმა და დასძინა, რომ აუდიტორული შემოწმების აუტ–სორსინგით "ეს საერთოდ მოისპობა“. 

მისი თქმით, ამგვარი აუდიტორული კომპანიის აქტს იგივე ძალა ექნება, როგორიც შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილს.

აუდიტორულ შემოწმებას მხოლოდ შემოსავლების სამსახურის მიერ ლიცენზირებული კომპანიები განახორციელებენ, განაცხადა მან და პირობა დადო, რომ კერძო აუდიტორული კომპანიების მიერ მოწოდებულ მომსახურებაზე ფასებს მთავრობა არ განსაზღვრავს.

"იქნება რამოდენი აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია, ამ კომპანიებს შორის ფასთან დაკავშირებით იქნება კონკურენცია. ფასს თავად ბაზარი განსაზღვრავს,“ – განაცხადა გილაურმა. 

მან ასევე აღნიშნა, რომ პირველ ეტაპზე, რომელიც შესაძლოა სამ ან ექვს თვეს გაგრძელდეს, ეს პილოტური პროექტი იქნება.

პრემიერ–მინისტრის თქმით, იმისათვის, რომ მეტი მოტივაცია მისცენ კომპანიებს ამ მომსახურების გამოსაყენებლად, მათ შესაძლო დარღვევებზე ჯარიმების ნაწილი არ დაერიცხებათ, ხოლო  თუ შემოსავლების სამსახური შეამოწმებს, მაშინ ჯარიმები დაეკისრებათ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)