სოხუმი და ცხინვალი სტატუს–ნეიტრალურ დოკუმენტების მიმართ უარყოფით განწყობას გამოხატავენ

სოხუმი და ცხინვალი თავიანთ უარყოფით პოზიციას აფიქსირებენ თბილისის გეგმების მიმართ, რომელიც სეპარატისტული რეგიონების მოსახლეობისათვის სტატუს–ნეიტრალური დოკუმენტების გაცემას ითვალისწინებს.

სეპარატისტული აფხაზეთის პრემიერ–მინისტრმა სერგეი შამბამ ამ ინიციატივას "მორიგი პოპულისტური ნაბიჯი“ და "ბოდვა“ უწოდა.

“საქართველოს შეთავაზება  – მორიგი პოპულისტური ნაბიჯია, რომელსაც არანაირი შედეგი არ ექნება. არავინ ამ პასპორტებს აქ არ აიღებს. ჩვენ გვაქვს შეთანხმება რუსეთთან ორმაგი მოქალაქეობის თაობაზე, მოქალაქეებს აქვთ როგორც რუსული, ისე აფხაზური პასპორტები. ასევე, რომ ჩვენ ეს ქართული პასპორტები არ გვჭირდება,“– განაცხადა შამბამ რუსულ გაზეთ "ვზგლიად“–თან ინტერვიუში.

ცხინვალის განცხადებით, თბილისის ინიციატივამ "საკმაოდ დაიგვიანა“ და ის რეგიონში "არავის აინტერესებს“.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო უწყებამ 15 აპრილს განაცხადა, რომ "ნეიტრალურ პასპორტების“ თემა თბილისთან 1998 წელს განიხილებოდა, როცა რეგიონი "აუღიარებელი“ იყო, თუმცა მაშინ საკითხი ვერ მოგვარდა, “დღესდღობით“ კი სამხრეთ ოსეთი "დამოუკიდებელი და აღიარებული სახელმწიფოა ყველა სახელმწიფოებრივი ატრიბუტით“.

სეპარატისტული ხელისუფლების ვებ–გვერდზე გამოქვეყნებული კომენტარის თანახმად, გარდა იმისა, რომ რეგიონის მაცხოვრებლებს გააჩნიათ "რუსეთის და რიგი ქვეყნების მიერ“ აღიარებული "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქეების პასპორტები“, მათ უმეტესობას "კანონიერ საფუძველზე“ მიღებული აქვს რუსეთის მოქალაქეობა და შესაბამისად, სხვა ქვეყნებში მგზავრობისათვის საჭირო დოკუმენტები.

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა 14 აპრილს განაცხადა, რომ სეპარატისტული რეგიონების მაცხოვრებლებისთვის "ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმით“ გათვალისწინებული სტატუს–ნეიტრალური დოკუმენტები შესაძლოა წლის ბოლომდე გახდეს ხელმისაწვდომი.

სახელმწიფო მინისტრის განმარტებით, ამგვარი დოკუმენტების აღება არ ნიშნავს საქართველოს მოქალაქეობის მიღებას, მასზე გამოსახული არ იქნება საქართველოს სახელმწიფოებრივი სიმბოლიკა და არ იქნება ბიომეტრიული ტიპის, თუმცა მათი მეშვეობით მოხდება პიროვნების იდენტიფიცირება. ტყეშელაშვილმა აღნიშნა, რომ თბილისს არ აქვს ამ დოკუმენტების "მასობრივ გამოყენების“ მოლოდინი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)