ქართულმა პარტიამ აშშ–ის საელჩოსთან აქცია გამართა
ოპოზიციური ქართული პარტიის ლიდერები და აქტივისტები 16 მაისს თბილისში აშშ–ის საელჩოს წინ შეეკრიბნენ, რათა „აშშ–ის ადმინისტრაციის მიერ სააკაშვილის რეჟიმის მხარდაჭერის“ წინააღმდეგ პროტესტი გამოეთქვათ.
„ამერიკისგან ვითხოვთ ერთადერთ რამეს, შეწყვიტოს ავტოკრატიის დახმარება, დადგეს ხალხის მხარეს და დაეხმაროს საქართველოში დემოკრატიის განმტკიცებას. ამერიკა არის სწორედ ის ქვეყანა, რომელსაც ამის გაკეთება შეუძლია, რომელსაც აქვს რეალური ბერკეტები ხელისუფლებაზე ზეწოლის. და თუ ეს ზეწოლა იქნება, ერთ დღეში ვითარება შეიცვლება,“ – განუცხადა ქართული პარტიის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს.
ქართული პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა ეროსი კიწმარიშვილმა აქციაზე განაცხადა, რომ ქართული პარტია მიმართავს აშშ–ის ადმინისტრაციას, რომ შეწყვიტოს ისეთი ურთიერთობები სააკაშვილთან, რომელიც ბუშის ადმინისტრაციის დროიდან ინერციით მოდის.
აქციამდე რამდენიმე საათით ადრე ქართულმა პარტიამ პრეზიდენტ ობამას სახელზე მიმართვა მოამზადა, რომელიც აქციის შემდეგ აშშ–ის საელჩოს გადაეცა.
ქართული პარტიის ერთ–ერთი ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გაკეთებული მკაცრი განცხადებისგან განსხვავებით, მიმართვაში ნათქვამია, რომ პარტია პატივს სცემს ამერიკის შეერთებული შტატებს და აცნობიერებს, რომ აშშ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. წერილში ნათქვამია, რომ იმის გამო, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლება მუდმივად არღვევს ადამიანის უფლებებს, "სულ უფრო მეტ ადამიანს უჭირს, გაიგოს, რატომ უჭერს აშშ მხარს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ამ მხარდაჭერას ბოროტად იყენებს“.
წერილში ასევე ნათქვამია, რომ მხოლოდ დემოკრატიული საქართველო შეიძლება იყოს ამერიკის შეერთებული შტატების რეალური პარტნიორი. "დასანანია, რომ არანაირი წინაპირობა არ არსებობს იმისა, რომ სააკაშვილი თავისი მმართველობის სტილს შეცვლის,"– ნათქვამია მიმართვაში.
"ქართული პარტია მოგიწოდებთ [აშშ–ს], სააკაშვილის მხარდაჭერა შეწყვიტოთ და საქართველოს დაუჭიროთ მხარი. ეს მოწოდება სწორედ ამერიკისადმი დიდი პატივისცემიდან და იმის გაცნობიერებიდან გამომდინარეობს, რომ აშშ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პარტნიორია", – ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტისადმი ქართული პარტიის მიმართვაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)