წლიური ინფლაცია 14.3%–მდე გაიზარდა

წლიურმა ინფლაციამ მაისში 14.3% შეადგინა, აპრილში 13.5%–მდე მცირე კლების შემდეგ, განაცხადა "საქსტატმა" 3 ივნისს.

სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ფასები მაისში წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 30.7%–ით გაიზარდა და ყოველწლიური ინფლაციის საერთო მაჩვენებელში 12.6% შეადგინა, იტყობინება "საქსტატი".

ფასების ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ხილის ქვეჯგუფზე – 93,7%; ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე – 41,3%; ზეთსა და ცხიმზე – 34,5%; პურსა და პურპროდუქტებზე – 25,8%; ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე – 23,3%.

"საქსტატის" ინფორმაციით, მაისში საწვავის ფასები, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლთან შედარებით, 21.4%–ით გაიზარდა. 

მაისში საკომუნიკაციო მომსახურებების სფეროში წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლთან შედარებით 13.1%–იანი კლება დაფიქსირდა. 

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რომელმაც 25 მაისს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8%–ზე უცვლელად დატოვა, განაცხადა, რომ წლის ბოლოსთვის ინფლაციის  დაახლოებით 8%–მდე შემცირება არის მოსალოდნელი.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)