სააკაშვილი: საქართველო მტერს კურორტებით დაუპირისპირდება


პრეზიდენტი სააკაშვილი ანაკლიაში ნავით გასეირნების შემდეგ, 22 აგვისტოს კურორტის
გახსნის ოფიციალური ცერემონიალის დაწყებამდე რამოდენიმე საათით ადრე.

ნაცვლად იმისა, რომ აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ძალების ზრდის პასუხი თავდაცვითი სანგრების შენება ყოფილიყო, საქართველომ სხვა გზა აირჩია და ახალი სპა კურორტების განვითარებას შეუდგა იმ კედლის მახლობლად, რომელიც სეპარატისტულ რეგიონს დანარჩენი საქართველოსგან ყოფს, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 22 აგვისტოს.

მან ეს განცხადება ანაკლიაში ახალი კურორტის საზეიმო ვითარებაში გახსნისას გააკეთა.  

ანაკლიაზე სააკაშვილმა შარშან ნოემბერში ევროპარლამენტში გამოსვლისას გაამახვილა ყურადღება და მას ახალი ტურისტული კურორტი უწოდა „იმ რკინის ფარდის წინ, რომელიც საოკუპაციო ძალებმა“ აფხაზეთის გარშემო აღმართეს.

ვალენსიაში მდებარე არქიტექტურულმა კომპანიამ, CMD Ingenieros, რომელსაც საქართველოში მთავრობის დაკვეთით 20–მდე სხვადასხვა ობიექტი აქვს დაპროექტებული, მათ შორის ახალი პარლამენტის შენობა, ანაკლიაში საკურორტო ინფრასტრუქტურა დააპროექტა, რომლის ღირებულება, კომპანიის მონაცემებით, 16.5 მილიონი ევროა.

540–მეტრიანი საფეხმავლო ხიდი, რომელიც მდინარე ენგურზეა გადაჭიმული, ანაკლიას აფხაზეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მდებარე სოფელ განმუხურს უკავშირებს. კურორტის გახსნა ფეირვერკით და კონცერტით აღინიშნა, სადაც ქართველი მომღერლები აფხაზეთზე სიმღერებს ასრულებდნენ.


ფეირვერკის მაყურებლების სატელევიზიო კადრი, ანაკლია, 22 აგვისტო. 

„თუ ახლა მეორე მხარე გვისმენს, განგაშს ნუ გამოაცხადებენ, რადგან ეს არის მხოლოდ ფეირვერკი“, – განაცხადა სააკაშვილმა. „რაკეტების მაინც და მაინც არ ეშინიათ, რადგან ისინი ხალხს არ ითვლიან – ას, ათას, ასიათას საკუთარ მოქალაქეზე აუკანკალებლად აიღებენ ხელს“.

„მაგრამ ფეირვერკის, სიმღერების და, რაც მთავარია, თავისუფლების სულისა და აღმშენებლობის ისე ეშინიათ, როგორც სიკვდილის“, – დასძინა სააკაშვილმა.

აფხაზეთში განთავსებულ რუს ჯარისკაცებთან დაკავშირებით მან განაცხადა: „ჩვენ მტერს ყური აქვს მოდებული და თავის ჩაშმორებულ ნაწილში – ელარჯს მაგათ არავინ არ აჭმევს და დარწმუნებული ვარ ჭამენ თავის გერკულესს და გოროხის ფაფას, რომლის უმეტეს ნაწილს ასევე პარავენ თავიანთი ოფიცრები – და ნაღვლიანი თვალებით იყურებიან იმიტომ, რომ რატომ გადმოსვეს პლაჟზე, ვისგან იცავენ მათ უკან არსებულ სიცარიელეს, ალბათ, დღემდე ვერ გაუგიათ“.

მისი თქმით, რუსეთმა გამყოფი კედელი ააშენა და სამხედრო ძალების ზრდას შეუდგა აფხაზეთში და ამ ვითარებაში ბევრ ქვეყანას შესაძლოა საპასუხოდ თავდაცვითი სანგრები აეშენებინა, „რათა ჩვენი მტრის შემდგომი შემოჭრა აგვეცილებინა თავიდან.“ 

„ჩვენ სხვა გზა ავირჩიეთ და, ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ – სანგრების ნაცვლად 5 და 7-ვარსკვლავიანი სასტუმროები აგვეშენებინა, ხოლო ნაღმების ნაცვლად –  საუკეთესო აკვაპარკები ევროპაში, ახალი სამხედრო ნაწილების ნაცვლად – ეს უზარმაზარი ამფითეატრი თავისი დისკოთეკით; ასევე ფეხბურთის ახალი, ულამაზესი მოედნები, სადაც შეიქმნება ძალიან საინტერესო სპორტული კომპლექსები; ახალი სპა კურორტი, სადაც გოგირდის წყალიც შემოვიყვანეთ“, – განაცხადა მან.

„იქით არიან ბარბაროსები, აქეთ კი ცივილიზაციაა; იქით არის მონღოლოიდური რაღაც იდეოლოგია და გადმონაშთები და აქეთ არის ნამდვილი, უძველესი კოლხური ევროპა, უძველესი ცივილიზაცია, უძველესი სიყვარული, უძველესი ნიჭიერება. ამიტომ, ჩვენ ყოველთვის გავიმარჯვებთ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მან ასევე განაცხადა, რომ ანაკლია 2013 წლისთვის 200 000 ტურისტს უმასპინძლებს, ხოლო 2015 წლისთვის – დაახლოებით 400 000–ს. მისი თქმით, ანაკლია გახდება „ერთ-ერთი ყველაზე დიდი კურორტი მთელი შავი ზღვისპირეთის რეგიონში“.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ 2015 წლისთვის საქართველოს 7–8 მილიონი ტურისტი ეყოლება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)