საქართველო და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი
ევროკავშირმა საქართველოსთან ღრმა და ყოვლისმომცველ სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები შესაძლოა წლის ბოლოს დაიწყოს იმ შემთხვევაში, თუ „საკმარისი პროგრესი იქნება მიღწეული მთელი რიგი დარჩენილი ძირითადი რეკომენდაციების შესრულების საქმეში“, ნათქვამია ერთობლივ დეკლარაციაში, რომელიც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა 30 სექტემბერს მიიღო; თუმცა მასში არ არის დაკონკრეტებული მოლაპარაკებების დაწყების შესაძლო თარიღი.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები და წარმომადგენლები, ასევე ხუთი პოსტ–საბჭოთა ქვეყნის ლიდერები – სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, მოლდოვადან და უკრაინიდან (ბელარუსი სამიტს არ დაესწრო), რომლებიც 2009 წლიდან აღმოსავლეთ პარტნიორობაში არიან გაერთიანებული, ვარშავაში ორდღიან სამიტზე შეიკრიბნენ. ამგვარი სამიტები ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მათი მიზანი მომავალი თანამშრომლობის პრიორიტეტების განსაზღვრაა.
ვარშავაში სამიტის შემდეგ ქართველი ჟურნალისტებისთვის გაკეთებულ განცხადებაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ სამიტზე საქართველოსთვის ორი ძირითადი საკითხი გამოიკვეთა. ერთი, მისი თქმით, ის არის, რომ „ევროკავშირის ბევრმა ლიდერმა“ სამიტზე გაკეთებულ განცხადებებში დაიწყო იმის აღიარება, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო.
„მთავარი, რაც შეიცვალა გუშინ და დღეს, ძალიან ბევრი ლიდერი ევროკავშირის ლაპარაკობდა, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი. არასოდეს, თუნდაც რამდენიმე თვის წინ ამაზე ხმამაღლა თქმაც არ შეიძლებოდა. ეს არის ძალიან, ძალიან დიდი ცვლილება“, – განაცხადა სააკაშვილმა.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთი ქვეყნის ერთობლივ დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ვარშავის სამიტის მონაწილეები „აღიარებენ ზოგიერთი პარტნიორის ევროპულ მისწრაფებებს და ევროპულ არჩევანს და მათ მზადყოფნას ააშენონ ღრმა და მდგრადი დემოკრატია“.
პოლონეთის პრემიერ–მინისტრმა დონალდ ტუსკმა, რომელიც თვის დასაწყისში მიესალმა საქართველოს და მოლდოვას იმ რეფორმების გატარებისთვის, რომლებიც მათ ევროკავშირში შესასვლელად სჭირდებოდათ, განაცხადა სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, რომ ამ ეტაპზე შეუძლებელია საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის იმედების გამართლება, რომლებიც ვარშავის სამიტისგან „ევროკავშირის წევრობის ნათელ პერსპექტივას ელოდნენ“.
„მე მესმის, რომ დღეს ჩვენ არ გვაქვს საკმარისი პირობები – არც ევროკავშირის მხრიდან, და არც ამ ქვეყნების მხრიდან – რათა შევძლოთ ამგვარი პერსპექტივის უზრუნველყოფა; მაგრამ ჩვენი სურვილია, რომ ამ პირობების შესრულება რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ტუსკმა.
კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც პრეზიდენტმა სააკაშვილმა სამიტის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში გაამახვილა ყურადღება ის იყო, რომ საქართველო ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებს შორის.
„აბსოლუტურად ყველა და არა მხოლოდ ამ დარბაზში, არამედ პრესაში ევროპაში, ამერიკაში, დღეს მაგალითად, წერს და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაზე შორს წასული ამ პარტნიორების ქვეყნებში ევროპული ინტეგრაციის თვალსაზრისით ეს არის საქართველო. მოლდოვაც ახსენეს, მაგრამ საქართველო ყველგან ფიგურირებს პირველ ადგილზე“, – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ეს იმ რეფორმების შედეგია, რომლებიც საქართველომ განახორციელა მიუხედავად ყველა იმ გამოწვევისა, რომლის წინაშეც ქვეყანა იდგა.
ვარშავის სამიტის ერთობლივ დეკლარაციაში ნათქვამია, რომ „კარგი პროგრესი იქნა მიღწეული ასოცირებულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებში მოლდოვას რესპუბლიკასთან და მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული მოლაპარაკებებში სომხეთის რესპუბლიკასთან, აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან და საქართველოსთან“.
„რაც შეეხება ასოცირებული შეთანხმებების ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ნაწილს საქართველოსთან და მოლდოვას რესპუბლიკასთან, გათვალისწინებულია, რომ ამგვარი მოლაპარაკებები წლის ბოლოსთვის დაიწყება იმ შემთხვევაში, თუ საკმარისი პროგრესი იქნება მიღწეული მთელი რიგი დარჩენილი ძირითადი რეკომენდაციების შესრულების საქმეში“, – ნათქვამია დეკლარაციაში.
ჟურნალისტებისთვის გაკეთებულ განცხადებაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის წევრობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის.
„ევროკავშირის წევრობა, ევროკავშირთან დაახლოება გადამწყვეტია ჩვენი განვითარებისთვის, ჩვენი უსაფრთხოებისთვის, იმიტომ, რომ ჩვენ ვერ დავრჩებით მარტო, ჩვენ ვართ ძალიან რთულ რეგიონში ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე. და ეს არის ჩვენთვის უბრალოდ სიკვდილ–სიცოცხლის საკითხი, ეგზისტენციალური საკითხია, რომ უნდა ვიყოთ რაღაც გაერთიანებაში, ჩვენ აღარ ვართ დსთ–ს წევრი და არც არაფერს არ იძლეოდა დსთ და ვერც დავრჩებოდით იქ, მაგრამ სადღაც ხომ უნდა ვიყოთ, ეს სადღაც არის ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ევროპული სახლი“, – განაცხადა სააკაშვილმა.
ვარშავის სამიტის ერთობლივი დეკლარაცია ხაზს უსვამს „მეტი მეტისთვის“ მიდგომას, და აცხადებს, რომ „რეფორმების ტემპი თანამშრომლობის ინტენსივობას განსაზღვრავს, და ის პარტნიორები, რომლებიც უფრო აქტიურად იქნებიან ჩართული რეფორმების განხორციელებაში, ევროკავშირთან ურთიერთობისგან მეტ სარგებელს მიიღებენ, მათ შორის უფრო ახლო პოლიტიკურ ურთიერთობას, უფრო ღრმა თანდათანობით ეკონომიკურ ინტეგრაციას ევროკავშირის შიდა ბაზარზე და ევროკავშირის გაზრდილ მხარდაჭერას“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)