ნატოს გენერალურმა მდივანმა და პარლამენტის თავმჯდომარემ რეფორმებზე იმსჯელეს


ნატოს გენარალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის შეხვედრა ქართველ პარლამენტარებთან.

მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნები „მნიშვნელოვანი მაჩვენებელი იქნება იმისა, თუ რამდენად ძლიერია საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები“, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან დღეს დილით გამართული შეხვედრის შემდეგ.

„პარლამენტი დემოკრატიის ქვაკუთხედია და დემოკრატია საქართველოს მომავლის ქვაკუთხედია“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე შიდა დემოკრატიული რეფორმები იქნა განხილული.

„საქართველო უკვე არის [ნატოს] ძლიერი პარტნიორი და მე მოუთმელად ველი იმ დღეს, როდესაც თქვენ ჩვენი ალიანსის ძლიერი წევრი იქნებით“, – განაცხადა რასმუსენმა. მან ასევე აღნიშნა, რომ წევრობა მუშაობას და რეფორმებს მოითხოვს და ნატო მზად არის საქართველოს ამ კუთხით დაეხმაროს.

პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებით, „თამამად შეიძლება ითქვას, რომ „დღეს საქართველო უფრო ახლოა ნატოსთან, ვიდრე ის ოდესმე ყოფილა“. რასმუსენმა 9 ნოემბერს, მისი ვიზიტის პირველ დღეს განაცხადა, რომ მართალია კიდევ ბევრი სამუშაო რჩება გასაკეთებელი, მაგრამ საქართველო „ძალიან დაუახლოვდა ნატოს“ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ.

„საქართველოს და ნატოს პარტნიორობა არის წარმატებული ისტორია“, – განაცხადა ბაქრაძემ.

მისი თქმით, საქართველოს გააჩნია ყველა ის მექანიზმი, მათ შორის წლიური ეროვნული პროგრამა და ნატო–საქართველოს კომისია, რომლებიც პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის არის საჭირო. 

„ჩვენ გვაქვს ვალდებულება ბუქარესტის სამიტის, როცა ნატომ დააფიქსირა ცალსახად, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი“, – განაცხადა ბაქრაძემ, "სამივე ეს ელემენტი ქმნის სწორედ იმ პირობას, რომლის მიხედვითაც საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი“.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალი ჩიკაგოს სამიტი [2012 წლის მაისში] იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა დაფიქსირდეს საქართველოს და ნატოს ურთიერთობებში არსებული პროგრესი; იმედი გვაქვს, რომ ჩიკაგოს სამიტზე მოხდება კიდევ ერთი ნაბიჯის წინ გადადგმა და საქართველოს კიდევ უფრო დაახლოება ნატოსთან“, – განაცხადა ბაქრაძემ.

„რა თქმა უნდა, გვესმის ისიც, რომ ეს არ არის ცალმხრივი გზა, გვესმის ისიც, რამდენი უნდა გააკეთოს საქართველომ ამისათვის… საქართველოში მიმდინარე შიდა რეფორმების გაგრძელება, დემოკრატიის გაძლიერება, ეკონომიკური რეფორმების გაღრმავება – ყველაფერი ეს ქმნის წინაპირობას, რომ ყველა იმ მექანიზმთან ერთად, რაზეც მე ვისაუბრე, საქართელოს ნატოში ინტეგრაცია იყოს წარმატებული პროცესი“, – დასძინა მან.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)