სააკაშვილი ლიტვის პრემიერ–მინისტრს შეხვდა


ლიტვის პრემიერ–მინისტრი ანდრიუს კუბილიუსი და პრეზიდენტი სააკაშვილი 30 აპრილს ყვარელში შეხვედრის დროს. ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია 

საქართველომ 2013 წლის ბოლოსთვის უნდა დაასრულოს მოლაპარაკებები ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმებაზე, განაცხადა პრეზიდენმა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ის, რომ ლიტვა მომდევნო წლის მეორე ნახევარში ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდება, ამ პროცესს კიდევ უფრო „გააადვილებს“. 

მან ეს განცხადება 30 აპრილს ყვარელში გააკეთა, სადაც საკუთარ კარ–მიდამოში ლიტვის პრემიერ–მინისტრს ანდრიუს კუბილიუსს უმასპინძლა.

„ახლა გვაქვს ისტორიული შანსი იმიტომ, რომ მომავალი წლის მეორე ნახევარში ლიტვა იქნება ევროკავშირის პრეზიდენტი და ეს ემთხვევა ერთის მხრივ, ჩემი საპრეზიდენტო ვადის, ამ საპრეზიდენტო ვადის დასასრულს და ვვარაუდობ და როგორც მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ საპრეზიდენტო ვადის დასასრულისთვის მე უნდა დავამთავრო, ჩვენ უნდა დავამთავროთ ის, რომ საქართველომ უნდა გააფორმოს ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან; რაც მთავარია, გააფორმოს აუცილებლად ღრმა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება; და გააფორმოს ასევე უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულება ან მიუახლოვდეს საბოლოოდ ამ ხელშეკრულების გაფორმებას“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„ჩვენ მადლობელი ვართ იმ დიდი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ლიტვისგან მთელი ეს წლები ვიღებთ, მათ შორის ევროკავშირის შიგნით“, – აღნიშნა მან.

პრემიერ–მინისტრის კუბილიუსის თქმით, მისი ვიზიტის მიზანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს მისწრაფების მიმართ ლიტვის „სრული მხარდაჭერის“ დემონსტრირება. მისი თქმით, ლიტვის თავმჯდომარეობის დროს შესაძლებელი იქნება ევროკავშირი–საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის და უვიზო მიმოსვლის შეთანხმებების მიღწევა. „სწორედ ეს არის, რაშიც დარწმუნებული ვართ, რომ შეგვიძლია მივაღწიოთ“, – განაცხადა ლიტვის პრემიერ–მინისტრმა.

პრემიერ–მინისტრი კუბილიუსი, რომელმაც სამდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 30 აპრილს დაიწყო, ორშაბათს პრემიერ–მინისტრ ნიკა გილაურს შეხვდა და განაცხადა, რომ ლიტვასაც შეუძლია ბევრი რამ ისწავლოს ქართული რეფორმებიდან.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)