ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე საქართველოსთან ურთიერთობებზე

საქართველო „მტკიცედ“ მიიწევს ნატოს წევრობისკენ და „მნიშვნელოვან პროგრესსაც“ მიაღწია, თუმცა „ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვს შესასრულებელი“, განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრე ვერშბოუმ, რომელიც საქართველოს ორდღიანი ვიზიტით სტუმრობდა.

29 ივნისს ბათუმში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე საუბრისას ვერშბოუმ განაცხადა, რომ „ნატო ეფუძნება საერთო ღირებულებებს და პრინციპებს: თავისუფლება, დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა“.

„ნებისმიერი ქვეყანა, რომელსაც იმედი აქვს, რომ ნატოს წევრი გახდება, ამ ღირებულებების და პრინციპების ერთგული უნდა იყოს. ნატოს მოკავშირეები მოხარული არიან, როცა ხედავენ ძალიან პოზიტიურ დინამიკას საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში. ამ განვითარების სასიცოცხლო შემადგენელი ნაწილია ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა“, – განაცხადა მან.

„თუმცა აქაც ბევრი რამ არის გასაკეთებელი“, – განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ და აშშ–ის თავდაცვის მდივნის ყოფილმა თანაშემწემ. „კერძოდ, მნიშვნელოვანია, რომ იყოს ღია და გამჭირვალე პოლიტიკური პროცესი და თანაბარი პირობები ყველა მოთამაშისთვის, მედიის თანაბარი ხელმისაწვდომობით და ნათელი საგზაო წესებით, რომლებიც ყველასთვის ერთნაირია“. 

„ეს იქნება საქართველოს წარმატების ერთ–ერთი გასაღები [ნატოში] გაწევრიანების მისწრაფებების განსახორციელებლად. და ამდენად,  მოველით, რომ წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები და მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნები იქნება თავისუფალი, სამართლიანი და ინკლუზიური“, – დასძინა ვერშბოუმ.

მან განაცხადა, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციაში და ასევე მისი მონაწილეობა ნატოს ჩიკაგოს სამიტის ფარგლებში გამართულ ძირითად შეხვედრებში „იმის ძლიერი გამოხატულებაა, თუ რამდენად ღრმა გახდა ამ ქვეყნის პარტნიორობა ალიანსთან“.

„ეს ასევე იყო ნათელი გამოხატულება იმისა, თუ რამდენად წარმატებულად გარდაიქმნა საქართველო უსაფრთოების მომხმარებლიდან უსაფრთხოების ღირებულ მიმწოდებლად, მიიწევს რა მტკიცედ წინ ნატოს წევრობის შესახებ დეკლარირებული მიზნისკენ“, – განაცხადა ვერშბოუმ.

მისი თქმით, „გადამწყვეტი“ მნიშვნელობა აქვს „ინსტიტუტების შესაძლებლობის და ეფექტურობის გაძლიერებას, და საქართველოს სამხედრო ძალების ალიანსის ძალებთან თავსებადობის შემდგომ გაფართოებას“.

დაადასტურა რა ნატოს ღია კარის პოლიტიკა, ვერშბოუმ განაცხადა, რომ „საქართველო ნატოს ერთ–ერთი უძლიერესი პარტნიორია უსაფრთხოების დარგში“, რომელიც „ალიანსის წევრობის გზაზე დგას“.

„მოკავშირეებს ჯერ არ გადაუწყვეტიათ, როდის მოხდება ეს, მაგრამ ნატო კვლავაც განაგრძობს თქვენი ძალისხმევის მხარდაჭერას, რათა ეს მისწრაფება რეალობად იქცეს“, – განაცხადა მან.

მან ასევე გაიმეორა ნატოს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და განაცხადა, რომ მოკავშირეები „არ აღიარებენ საქართველოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობას“ და მოუწოდა რუსეთს საქართველოს ძალის გამოუყენებლობის პირობას ანალოგიური დაპირებით უპასუხოს.

„ამავე დროს, ნატო ასევე ეცდება გააუმჯობესოს საკუთარი ურთიერთობები რუსეთთან, ვინაიდან ნატო და რუსეთი ამ კონტინენტის და მთლიანი ევრო–ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში მთავარი მოთამაშეები არიან“, – განაცხადა ვერშბოუმ.

28–29 ივნისს ვიზიტის დროს ალექსანდრე ვერშბოუ შეხვდა თავდაცვის მინისტრს ბაჩო ახალაიას, შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს, უშიშროების საბჭოს მდივანს გიგა ბოკერიას, სახელმწიფო მინისტრს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძეს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)