საია „ქართული ოცნების“ სამი დაკავებული წევრის სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ დაკავებული სამი წევრის მიმართ სისხლის სამართლებრივი გამოძიების შეწყვეტას ითხოვს და მათი საქმის ადმინისტრაციული წესით განხილვისკენ მოუწოდებს.

კონსერვატიული პარტიის ერთ წევრს და ეროვნული ფორუმის ორ წარმომადგენელს თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. კოალიციის წარმომადგენლებმა, რომლებმაც ეს დაკავება პოლიტიკურ დევნად შეაფასეს, განაცხადეს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

კოალიციის სამივე წარმომადგენელი პოლიციამ 16 ივლისს დააკავა და მათ პარტიების შესახებ კანონით დადგენილი შეზღუდვისათვის თავის არიდების მიზნით თვალთმაქცური გარიგების დადებისათვის ბრალი სისხლის სამართლის იმ მუხლით წაუყენა, რომელიც მოსყიდვას ეხება და მაქსიმალურ სასჯელად სამი წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სამივე აქტივისტმა რამდენიმე პირს საერთო ჯამში 8 750 ლარი გადასცა, რომელთაც შემდეგ ეს თანხა კონსერვატიული პარტიის და ეროვნული ფორუმის ანგარიშებზე გადარიცხეს საწევრო შენატანის სახით.

საიას თქმით, გამოძიების ხელთ არსებული მასალები "არავითარ შემთხვევაში ამომრჩევლის მოსყიდვაზე“ არ მიუთითებს, არამედ მხოლოდ უკანონო საწევრო შენატანებსა ან უკანონო შემოწირულობებზე, რაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში ისჯება, როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გარიგების ღირებულების ხუთმაგი ოდენობით დაჯარიმების გზით.

„სრულიად შეუსაბამო, არაპროპორცული და უკანონოა დაკავებულ პირთა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაზე მსჯელობა, ვინაიდან სახეზე არ არის სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება. აღნიშნული კი, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, გამოძიების/სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველია.“, – ნათქვამია საია–ს განცხადებაში.

საია ამგვარი საქმეების სისხლის სამართლის კონტექსტში გადატანის ტენდენციას „შემაშფოთებელს“ უწოდებს.

ორგანიზაციამ იმ ფარულ ვიდეო–ჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც შსს–მ საქმეზე გამოაქვეყნა, ასევე მოუწოდა პოლიციას, რომ ოპერატიული ვიდეო–მასალების მოპოვებისას დაიცვას „გონივრული ზღვარი“, რათა გამოირიცხოს დანაშაულის პროვოცირების ნიშნების არსებობა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)