სასჯელაღსრულების მინისტრმა ჟურნალისტები გლდანის საპყრობილეში შეუშვა

სასჯელაღსრულების ახალმა მინისტრმა გიორგი ტუღუშმა დღეს ჟურნალისტები გლდანის მე–8 საპყრობილეში შეუშვა.

პატიმრები ჟურნალისტების ეზოში გამოჩენას ხმაურით და შეძახილებით შეხვდნენ.

ზოგიერთმა პატიმარმა უთხრა ჟურნალისტებს საკნის ფანჯრებიდან, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ მას შემდეგ შეიცვალა, რაც ციხეში პატრულის თანამშრომლები შევიდნენ; თუმცა სხვების თქმით, რამდენიმე ბადრაგი პატიმრებს არჩევნების შემდეგ შურისძიებით ემუქრება; პატიმრების თქმით, ციხის ბადრაგი მხოლოდ მაშინ ემუქრება მათ, როდესაც ახლომახლო პატრულის თანამშრომლები არ ჩანან. პატიმრები ასევე ამბობენ, რომ მათ ცემას ხშირად ჰქონდა ადგილი, სანამ ციხის ირგვლივ სკანდალი ატყდებოდა.

"ქვეყანას თუ უნდა, რომ ციხე დაწყნარდეს და ნორმალურად იყოს აქ სიტუაცია… აი აქ ვინც მუშაობდა, აბსოლუტურად ყველა მოაშორონ ტერიტორიას", – უთხრა ჟურნალისტებს ერთ–ერთმა პატიმარმა.  

გიორგი ტუღუშმა, რომელიც სახალხო დამცველი იყო, ვიდრე პრეზიდენტი სააკაშვილი მას სასჯელაღსრულების მინისტრად დანიშნავდა, განუცხადა ჟურნალისტებს, რომ მისი მთავარი პრიორიტეტი პატიმართა ცუდი მოპყრობის სრული აღმოფხვრაა; მან ასევე აღნიშნა, რომ ის სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ ჯანდაცვის პრობლემებსაც მოაგვარებს. მან ასევე განაცხადა, რომ ბრძანება გასცა, რომ დაუყონებლივ გადაეყვანათ საავადმყოფოებში ის პატიმრები, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაც მძიმეა.

იმავდროულად, 21 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შოთა უტიაშვილი, რომელიც პრემიერ–მინისტრ ვანო მერაბიშვილის უფროსი მრჩეველი იყო, ტუღუშის მოადგილედ დაინიშა.

This post is also available in: English (ინგლისური)