ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა



ახალარჩეულმა დეპუტატებმა ქუთაისში პარლამენტის ახალ შენობაში 21 ოქტომბერს პირველი შეკრება გამართეს. ფოტო: პარლამენტის პრესსამსახური.

ახალარჩეულმა პარლამენტმა 21 ოქტომბერს თავის პირველი შეკრება ქუთაისში აშენებულ პარლამენტის ახალ შენობაში გამართა.

ახალი პარლამენტის პირველი სხდომა პრეზიდენტმა სააკაშვილმა გახსნა, რომელმაც თავის გამოსვლაში „ქართულ ოცნებასა“ და ნაციონალურ მოძრაობას შორის კონსტრუქციული სამუშაო ურთიერთობების დამყარების საჭიროებაზე ისაუბრა, იმის მიუხედავად, რომ „ჩვენ განსხვავებული პოზიციები გვაქვს ეკონომიკურ პოლიტიკასთან, დანაშაულის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით, რეგიონალური განვითარების, სამოქალაქო უფლებების, უმცირესობების უფლებების, კულტურისა და საგარეო პოლიტიკის მიმართულებით“.

როდესაც პრეზიდენტი სააკაშვილი სხდომათა დარბაზში შევიდა, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ფეხზე არ წამოდგნენ მის დასახვედრად – ეს ქმედება ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთმა წევრმა გააკრიტიკა. პრეზიდენტის სიტყვის დასრულებას კოალიციის დეპუტაცია ასეთივე ჟესტით შეხვდა მაშინ, როცა თანაგუნდელები სააკაშვილს კვლავ ფეხზე წამოუდგნენ და ტაშით დააჯილდოვეს.

„ქართული ოცნების“ ლიდერმა და პრემიერ–მინისტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ დაძაბული წინასაარჩევნო კამპანიის შემდეგ ასეთი ქცევა მოულოდნელი არ იყო; „ეს ნორმალურია“, განაცხადა მან. „ჩვენ ჯერ კიდევ მოუშუშებელი გვაქვს ის ძალადობა, რაც მათ განახორციელეს მთელი ერთი წლის განმავლობაში… მოწიწების გამოხატვა ჯერ გვიჭირს… ჩვენ ყოველგვარ დაპირისპირებას უნდა ავერიდოთ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ვითანამშრომლოთ  და ქვეყანას მოვემსახუროთ“, – განუცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებს.

პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ პარლამენტმა 150–ვე წევრის უფლებამოსილება ცნო, ჩამოაყალიბა ფრაქციები, პარლამენტის ახალი თავმჯდომარე და ვიცე–სპიკერები და ასევე კომიტეტების თავმჯდომარეები აირჩია.

ახალ პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ 85 დეპუტატი ჰყავს – 15 მანდატით ნაკლები, რაც საკონსტიტუციო უმრავლესობას სჭირება. ნაციონალურმა მოძრაობამ კი 65 ადგილი მოიპოვა. თუმცა, ამ კონფიგურაციამ ახალი პარლამენტის პირველივე სხდომაზე დაიწყო შეცვლა.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებისგან შემდგარ საპარლამენტო უმცირესობას 60 დეპუტატი შეუერთდა.

ხუთმა მაჟორიტარმა დეპუტატმა, რომლებიც 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის სახელით იყრიდნენ კენჭს ერთმანდატიან ოლქებში, საპარლამენტო უმცირესობაში შესვლაზე უარი განაცხადა.

საქართველოს წარსული საპარლამენტო გამოცდილება აჩვენებს, რომ მაჟორიტარი დეპუტატები, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც აქტიურად არ არიან ჩართული პოლიტიკურ ცხოვრებაში, როგორც წესი, მმართველ პარტიასთან თანამშრომლობისკენ იხრებიან.

„მე მაქვს ძალიან დიდი ვალდებულებები ჩემი ხალხის წინაშე… ამ ვალდებულებების შესრულებას სჭირდება ისეთი მოქმედებები, რომლებიც მე უნდა ვაწარმოო, როგორც დამოუკიდებელმა პიროვნებამ… აქ დასამალი არაფერი არ არის და არავის წინააღმდეგ არ ვარ“, – განაცხადა ხობის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ბუკიამ, საპარლამენტო უმცირესობის გარეთ დარჩენილთაგან ერთ–ერთმა დეპუტატმა, რომელიც მაჟორიტარი ნაციონალური მოძრაობის სახელით გახდა. 

კიდევ ერთმა ასეთმა მაჟორიტარმა ლენტეხიდან, გოგი ლიპარტელიანმა განუცხადა ჟურნალისტებს: „ჩვენ [ხუთი დეპუტატი] ვართ დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატები და თანამოაზრეთა გუნდი, არც უმცირესობაში ვართ და არც უმრავლესობაში. ჩვენ გადავწყვიტეთ დამოუკიდებლად მუშაობა. რა თქმა უნდა, რომელიც იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება, ეს იქნება უმცირესობის მხრიდან, თუ უმრავლესობის მხრიდან, ჩვენ დავუჭერთ მას მხარს“

კიდევ სამი დეპუტატი, რომელთაც უარი თქვეს საპარლამენტო უმცირესობაში შესვლაზე, არიან: კახა ოქრიაშვილი, დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი და ფარმაცევტული ქსელის პსპ–ს თანადამფუძნებელი; ენზელ მკოიანი, ნინოწმინდას მაჟორიტარი დეპუტატი და სერგო ხაბულიანი, ცაგერის მაჟორიტარი დეპუტატი.

მედია წყაროები იტყობინებოდნენ 21 ოქტომბერს, რომ დეპუტატების ეს ჯგუფი ცდილობს სულ ცოტა ერთი დეპუტატი კიდევ მიიმხროს ნაციონალური მოძრაობიდან, რაც მათ რიცხვს ექვსამდე გაზრდის და შედეგად მათ ფრაქციის ჩამოყალიბების საშუალება ექნებათ. 

საპარლამენტო უმრავლესობა, რომელიც კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრებისგან შედგება, ცხრა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს აერთიანებს. ესენი არიან ექვსი პარტია, რომლებიც კოალიციის წევრები არიან – ივანიშვილის ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო; ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები; რესპუბლიკური პარტია; კონსერვატიული პარტია; ეროვნული ფორუმი და მრეწველები; ამას ემატება კიდევ სამი პარტია, რომლებიც ოფიციალურად არ არიან კოალიციის წევრები, თუმცა მათი ლიდერები „ქართული ოცნების“ პარტიულ სიაში არიან: ხალხის პარტია; მწვანეთა პარტია და სოციალ–დემოკრატები.

ახალარჩეული პარლამენტი ახალ მთავრობას და პრემიერ–მინისტრობის კანდიდატს ბიძინა ივანიშვილს 25 ოქტომბრის სხდომაზე დაამტკიცებს.

This post is also available in: English (ინგლისური)