შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა მოადგილეები წარადგინა

შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 30 ოქტომბერს მისი ხუთი მოადგილე წარადგინა და განაცხადა, რომ მეექვსე მოადგილის თანამდებობა, რომელიც იმავდროულად სასაზღვრო პოლიციის უფროსიც უნდა იყოს, ვაკანტური რჩება.

ხუთი მოადგილიდან ორი ამჟამინდელი მოწვევის პარლამენტში დეპუტატი გახდა კოალიცია „ქართული ოცნების“ სიით. მათ სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდებათ.

დეპუტატი ლაშა ნაცვლიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გახდა. „მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ძალიან წარმატებული მოადგილე იქნება და ძალიან დამეხმარება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა 30 ოქტომბერს.

2001–2003  წლებში ლაშა ნაცვლიშვილი მაშინდელ უშიშროების სამინისტროში მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, შემდეგ ის 2004–2008 წლების მოწვევის პარლამენტში ლაგოდეხის მაჟორიტარი იყო. ამავე პერიოდში ის რესპუბლიკურ პარტიაში გაწევრიანდა, თუმცა 2010 წელს დატოვა პარტიის რიგები. 1 ოქტომბრის არჩევნებში მან დეპუტატის მანდატი ბიძინა ივანიშვილის პარტიის ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს კვოტით მიიღო. 90–იან წლებში ნაცვლიშვილი პროკურატურაში, ასევე ცოტა ხნის განმავლობაში სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურშიც მუშაობდა.

შს მინისტრის მოადგილე გახდა ასევე ლევან იზორია. სამართლის დოქტორი იზორია 2004–2006 წლებში პოლიციის აკადემიის რექტორი იყო და „სწორედ მის სახელს უკავშირდება ძალიან წარმატებული  პროექტი საპატრულო პოლიციის“, განაცხადა ღარიბაშვილმა. იზორია თავდაცვის ამჟამინდელი მინისტრის ირაკლი ალასანიას მიერ 2009 წელს დაფუძნებული ჩვენი საქართველო–თავისუფალი დემოკრატების წევრი იყო. ის ჩხოროწყუს მაჟორიტარად იყრიდა კენჭს 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, თუმცა დამარცხების გამო სადეპუტატო მანდატი ვერ მოიპოვა.

ირაკლი ალასანიას პარტიის წევრი იყო შს მინისტრის კიდევ ერთი მოადგილე ალეკო ტაბატაძე, რომელიც მისმა ახალმა ხელმძღვანელმა დაახასიათა, როგორც „ძალიან მაღალი პროფესიონალი“. ტაბატაძეს შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმიანობის დიდი ხნის გამოცდილება აქვს, სადაც ის 1991–2008 წლებში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მისმა სახელმა გაიჟღერა „ქართული ოცნების“ სამი აქტივისტის „პოლიციის თანამშრომლების მოსყიდვის“ ბრალდებით დაკავების საქმეში. თუმცა იმის გამო, რომ ის „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატთა სიაში 177–ე იყო, არ დაუკავებიათ სხვა აქტივისტებთან ერთად.

ახალარჩეული პარლამენტის კიდევ ერთი დეპუტატი, გელა ხვედელიძე, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან“ შს მინისტრის მეოთხე მოადგილის თანამდებობას დაიკავებს. გელა ხვედელიძე, 1993–2004 წლებში სამართალდამცავ სტრუქტურებში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა, მათ შორის იყო ვაკე–საბურთალოს პოლიციის უფროსი და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი.

ალექსი ბატიაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მეხუთე მოადგილე იქნება. ის 1995–2004 წლებში უშიშროების სტრუქტურებში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა, ხოლო 2009 წლამდე იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურებში განაგრძო საქმიანობა, მათ შორის თანამდებობის პირთა ქონებრივი და ფინანსური მდგომარეობის ბიუროს უფროსად. 

„მე ვარ დარწმუნებული, რომ წარმოდგენილი გუნდი იქნება ძალიან ეფექტური“ შსს–ის იმ პოლიტიკის გატარებისას, რომელიც დაეფუძნება „სამართლიანობას, კანონიერებას და ჰუმანურობას“, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა და დასძინა, რომ „ყველა პროფესიონალი და კეთილსინდისიერი“ თანამშრომელი შეინარჩუნებს ადგილებს სამინისტროში. 

მისი თქმით, მისი მეექვსე მოადგილის და იმავდროულად სასაზღვრო პოლიციის უფროსის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი. მან ასევე დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ ამ მიმართულებით გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები იგეგმება.

სამთავრობო პროგრამის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს უშიშროების ფუნქციები უნდა გამოეყოს და სახელმწიფო უსაფრთხოების ცალკე სამსახურს გადაეცეს. თუმცა ამ რეფორმის განხორციელებამდე, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სამინისტროს შიდა რეორგანიზაციის ფარგლებში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტისა (კუდი) და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდი) გაუქმება იგეგმება.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)