პარლამენტმა ათი ახალი წევრის უფლებამოსილება ცნო

პარლამენტმა ათი ახალი დეპუტატის უფლებამოსილება ცნო კოალიცია „ქართული ოცნებიდან“, რომლებმაც პარლამენტში ის ყოფილი დეპუტატები ჩაანაცვლეს, რომლებმაც მუშაობა აღმასრულებელ ხელისუფლებაში განაგრძეს.

სადეპუტატო მანდატი პარტია ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან საარჩევნო სიაში მომდევნო შვიდმა წევრმა მიიღო: მახირ დარზიევმა, თამაზ მეჭიაურმა, ალექსანდრე თამაზაშვილმა, თენგიზ ხუბულურმა,  ოთარ ჩრდილელმა, დავით ლორთქიფანიძემ, ომარ ნიშნიანიძემ; ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატებიდან ორმა: გიორგი ცაგარეიშვილმა და თამაზ შიოშვილმა; ხოლო რესპუბლიკელებიდან ფრიდონ საყვარელიძემ.  

სამი ადგილი ვაკანტური რჩება მანამ, სანამ ნაძალადევის, სამტრედიის და ბაღდათის ერთმანდატიან ოლქებში ახალი მაჟორიტარი დეპუტატები არ იქნებიან არჩეულნი. შუალედური არჩევნები ოქტომბერში ტარდება, თუმცა პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, შესაძლოა ის აპრილშიც გაიმართოს.

ამჟამად, პარლამენტში „ქართულ ოცნება“, რომელმაც სულ 85 მანდატი მოიპოვა არჩევნების შედეგად, 82 დეპუტატით არის წარმოდგენილი უმრავლესობაში.

უმცირესობაში შედის ნაციონალური მოძრაობის 59 დეპუტატი, რომლებმაც ქუთაისში სამშაბათის სხდომაზე გამოცხადებით შეწყვიტეს გასულ კვირას, მათ შორის სამხედრო მაღალჩინოსნების დაკავების გამო, პროტესტის ნიშნად განხორციელებული საპარლამენტო ბოიკოტი. 

ასევე ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერით გასული მაჟორიტარი დეპუტატების ექვს-წევრიანი ჯგუფი დამოუკიდებელი ფრაქციის სახით არის წარმოდგენილი საპარლამენტო კონფიგურაციაში.

საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის სულ ცოტა 100 დეპუტატის ერთობაა საჭირო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)