სააკაშვილმა მოსახლეობას სიტყვით მიმართა
პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოსახლეობას მიმართა თავისი რეზიდენციიდან, სადაც მის სატელევიზიო გამოსვლას ასევე ესწრებოდნენ უცხოელი დიპლომატები, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები, ჟურნალისტები და სხვა მიწვეული სტუმრები.
ქვემოთ მოცემულია მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის ძირითადი პუნქტები:
- მან თავისი გამოსვლა „შეშფოთების“ და „გულისტკივილის“ გამოხატვით დაიწყო იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომელსაც ეროვნული ბიბლიოთეკის წინ ჰქონდა ადგილი, სადაც თავდაპირველად მისი გამოსვლა იგეგმებოდა.
- სააკაშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ „ულტიმატუმის“ ენა გამოიყენა, როდესაც უარი თქვა მოესმინა მისი ანგარიშისთვის პარლამენტში, რის შემდეგაც სააკაშვილმა გადაწყვიტა ეროვნული ბიბლიოთეკიდან მიემართა მოსახლეობისთვის. საპარლამენტო უმრავლესობამ განაცხადა ხუთშაბათს, რომ პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში მხოლოდ მას შემდეგ გაიმართება, რაც მოგვარდება უთანხმოება პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე.
- სააკაშვილმა განაცხადა, რომ არასწორი აქცენტი გაკეთდა პრეზიდენტის კომპეტენციაზე, რომელიც უფლებას აძლევს მას დაითხოვოს მთავრობა და დანიშნოს ახალი მინისტრთა კაბინეტი პარლამენტის თანხმობის გარეშე. მისი თქმით, მას არ აქვს ამ უფლების გამოყენების განზრახვა. პრეზიდენტის თქმით, პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვაზე თანხმობა არსებობს.
- სააკაშვილი აცხადებს, რომ მთავარი უთანხმოება ეხება „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტს, რომელიც პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანას ეხება.
- კიდევ ერთი უთანხმოება, მისი თქმით, ეხება „ქართული ოცნების“ განზრახვას, რომ შეიცვალოს პრეზიდენტის არჩევის წესი და ის აღარ იყოს პირდაპირ არჩევითი თანამდებობა.
- სააკაშვილის თქმით, ახლა იგი იმ სიტყვას წაიკითხავს, რომელიც პარლამენტში გამოსვლისთვის მოამზადა;
- მან საქართველოს ნაციონალურ პროექტზე ისაუბრა, რომელიც დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, დემოკრატიას, ტერიტორიულ მთლიანობას და ევროპულ ინტეგრაციას აერთიანებს. მისი თქმით, ეს ნაციონალური პროექტი არც ერთ კონკრეტულ პარტიას არ ეკუთვნის, ისევე როგორც ოცნება არ ეკუთვნის რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს.
- არც ერთ პარტიას არ აქვს უფლება გაანადგუროს ეს ნაციონალური პროექტი, აცხადებს პრეზიდენტი.
- მისი თქმით, ის რაც დღეს ეროვნული ბიბლიოთეკის წინ მოხდა, არ არის ის გზა, რომელიც საქართველოს ევროპაში მიიყვანს.
- სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ბოლო ცხრა წლის მანძილზე საქართველომ ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები შექმნა და ერთ–ერთ უსაფრთხო ქვეყნად გადაიქცა.
- ახალმა მთავრობამ კიდევ უფრო უნდა განავითაროს ის, რაც უკვე მიღწეულია, აცხადებს პრეზიდენტი სააკაშვილი.
- იგი ახალ მთავრობას წინა მთავრობის დროს დაწყებული ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტის შეჩერებაში ადანაშაულებს.
- სააკაშვილი ახალ მთავრობას ციხეებიდან „სეპარატისტების“ გათავისუფლებაში ადანაშაულებს.
- მისი თქმით, ამომრჩევლებმა იმიტომ კი არ მისცეს „ქართულ ოცნებას“ ხმა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, რომ უკვე აშენებულის დანგრევა სურდათ, არამედ იმიტომ, რომ მიღწეულის შემდგომი განვითარება უნდოდათ.
- მისი თქმით, იგი იმიტომ მიდიოდა პარლამენტში, რომ „ქართული ოცნებისთვის“ თანაცხოვრება და თანამშრომლობა შეეთავაზებინა.
- ‘კონსტიტუცია გვავალდებულებს, რომ ვითანამშრომლოთ’.
- მისი თქმით, მან ყველაფერი გააკეთა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემისთვის.
- „ეს იყო ხელისუფლების გადაცემა და არა რევოლუცია“, აცხადებს პრეზიდენტი.
- მისი თქმით, ოთხი ძირითადი იდეა არსებობს, რომელიც „ჩვენ გაგვაერთიანებს“.
- პირველი: საქართველო უნდა იყოს სუვერენული სახელმწიფო ევროატლანტიკური საგარეო პოლიტიკური კურსით.
- მეორე: კონსტიტუცია უნდა იყოს უზენაესი.
- მესამე: საქართველო უნდა იყოს ცივილიზებული ქვეყანა, სადაც ხალხს არ ექნება კრიმინალის და კორუმპირებული თანამდებობის პირების შიში.
- მეოთხე: საქართველო უნდა იყოს ქვეყანა, სადაც ხალხი იცხოვრებს თავისუფლად.
- იგი მოუწოდებს, რომ პროდასავლური საგარეო პოლიტიკური კურსი კონსტიტუციურად გარანტირებული გახდეს.
- იგი ფინანსური ამნისტიისკენ მოუწოდებს, რომლის პროექტიც მან უკვე წარუდგინა პარლამენტს განსახილველად.
- იგი დეოკუპაციის საკონსტიტუციო კანონისკენ მოუწოდებს.
- სააკაშვილი თავისი სიტყვის წაკითხვა დაასრულა და განაცხადა, რომ მას სურდა პარლამენტში მისვლა, რათა დეპუტატების კრიტიკული შენიშვნებისთვის მოესმინა, მაგრამ ახლა რეზიდენციაში დამსწრე აუდიტორიის კითხვებს უპასუხებს, რადგან "პარლამენტარებმა გაუშვეს ეს შესაძლებლობა".
- „რუსთავი 2“–მა ჰკითხა მას, დააყენებს თუ არა იგი შინაგან საქმეთა მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს ეროვნული ბიბლიოთეკის წინ განვითარებული მოვლენების გამო და როგორია ახალ მთავრობასთან დიალოგის შანსი დღეს განვითარებული მოვლენების შემდეგ.
- სააკაშვილმა უპასუხა, რომ დიალოგზე უარის თქმა არ შეიძლება; მისი თქმით, იგი არ აპირებს გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება და დააყენოს შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი.
- არც ჩემი და არც მთავრობის მხრიდან არ უნდა იყოს ცალმხრივი ქმედებები, აცხადებს სააკაშვილი.
- სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „ქართული ოცნება“ ზეწოლას ახდენს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებზე, რომ მათ დატოვონ საპარლამენტო უმცირესობა და პრეზიდენტის უფლებამოსილებაზე „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მისცენ ხმა.
- მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ასეთი მეთოდების გამოყენებით ასეთ ცვლილებებს ლეგიტიმურს არ გახდის.
- სააკაშვილს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა სთხოვა კომენტარი გაეკეთებინა შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა და მათმა მხარდამჭერებმა ეროვნული ბიბლიოთეკის წინ ინციდენტის პროვოცირება მოახდინეს მას შემდეგ, რაც უარი თქვეს პოლიციის მიერ გაკეთებულ უსაფრთხო დერეფნის გამოყენებაზე და სანაცვლოდ გადაწყვიტეს ბიბლიოთეკის ცენტრალურ შესასვლელთან მისულიყვნენ, სადაც მომიტინგეები იყვნენ მობილიზებული.
- სააკაშვილის თქმით, ახალმა მთავრობამ ამნისტიის შედეგად ციხეებიდან გათავისუფლებული ადამიანები მის წინააღმდეგ აქციის მოსაწყობად გამოიყენა.
- მას ასევე ჰკითხეს, თუ როგორი იყო მისი აზრი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის იდეაზე საარჩევნო ბარიერის 5%–დან სულ ცოტა 1%–მდე დაწევის თაობაზე. სააკაშვილის თქმით, იგი არ ეთანხმება ამ იდეას, რადგანაც ეს პარტიების დაყოფას და კიდევ უფრო მეტი პატარა პარტიის გაჩენას შეუწყობს ხელს.
- სააკაშვილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით არსებულ სირთულეებზე საუბრობს. მისი თქმით, მიუხედავად სირთულეებისა, იგი კვლავ მოუწოდებს პოტენციურ ინვესტორებს, რომ საქართველოში ინვესტიციები დააბანდონ. იგი აკრიტიკებს პრემიერ–მინისტრ ივანიშვილს მისი განცხადების გამო, რომ საქართველოს მაღალი რეიტინგი მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების ინდექსში სააკაშვილის „ტყუილების“ შედეგია.
- მისი თქმით, ის, რაც აფხაზეთს საქართველოში მოიზიდავს, არის ახალი საპორტო ქალაქის „ლაზიკას“ განვითარება, რომლის აშენებასაც მისი მთავრობა გეგმავდა შავი ზღვის სანაპიროზე აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად. სააკაშვილის თქმით, რუსეთთან აფხაზეთის გავლით რკინიზგის აღდგენა საქართველოს ამ მიზნის მიღწევაში ვერ დაეხმარება.
- კითხვაზე გამოვა თუ არა ის სიტყვით პარლამენტში, საკანონმდებლო ორგანოს თანხმობის შემთხვევაში, სააკაშვილმა უპასუხა: „დიახ, რა თქმა უნდა“.
- სააკაშვილმა განაცხადა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში წაგებამ ფაქტიურად გამოაცოცხლა მისი ნაციონალური მოძრაობა.
- როდესაც მას გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეებზე ჰკითხეს, სააკაშვილმა უპასუხა, რომ მასაც ბევრი კითხვები აქვს და ბევრი საკითხია, რომლის გაკეთებაც უკეთესად შეიძლებოდა. მან ასევე განაცხადა, რომ გირგვლიანის საქმე ძალიან „მძიმე“ იყო.
- მართალია იყო ბევრი ხარვეზი და შეცდომა, აცხადებს სააკაშვილი, მაგრამ მისმა მთავრობამ საუკუნეების მანძილზე პირველად მოახერხა ნამდვილი სახელმწიფოებრიობის აშენება.
- ტელეკომპანია „კავკასიის“ ჟურნალისტმა ჰკითხა პრეზიდენტს, რატომ შეიწყალა მან შსს–ს მაღალჩინოსნები, რომლებიც გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე გაასამართლეს. სააკაშვილმა უპასუხა, რომ მაშინ გირგვლიანის მკვლელობის საქმე „ზეპოლიტიზირებული“ გახდა. მისი თქმით, ეს საქმე გახდა „შავი ლაქა“ მისი პრეზიდენტობის პერიოდში არა იმიტომ, რომ იგი როგორღაც ჩართული იყო ამ საქმეში, არამედ იმიტომ, რომ ეს მისი პრეზიდენტობის პერიოდში მოხდა. თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ სახელმწიფომ დანაშაულის ჩადენიდან მალევე მოახდინა დამნაშავეთა გამოვლენა, დაკავება და გასამართლება. სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ თუ კიდევ არსებობს პრეტენზიები შეწყალების თაობაზე მის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, იგი მზად არის გაიზიაროს პასუხისმგებლობა ამაზე. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ იგი მხოლოდ მიესალმება, თუ ამჟამინდელი მთავრობის მიერ წარმოებული ახალი „ძალიან მიკერძოებული გამოძიება“ ამ საქმეზე რაიმე ახალს გამოავლენს.
- მას კიდევ ერთხელ ჰკითხეს გამოიყენებს თუ არა თავის საკონსტიტუციო უფლებამოსილებას, რომელიც მთავრობის დათხოვნას და ახლის დანიშვნას ითვალისწინებს. სააკაშვილმა უპასუხა, რომ ამის საჭიროებას ვერ ხედავს, თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდება.
- ორსაათიანი გამოსვლის დასრულებამდე სააკაშვილი კიდევ ერთელ შეეხო ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებულ მოვლენებს და განაცხადა, რომ აქცია ფაქტიურად მთავრობის დადგმულია. მისი თქმით, სანამ ჯერ კიდევ გვიან არ არის, საჭიროა "დაპაუზება" და იმის გააზრება, თუ რა მიმართულებით მიდის ქვეყანა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)