UNDP-ის ხელმძღვანელი საქართველოს სტუმრობს
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ადმინისტრატორი ჰელენ კლარკი კვირას სამდღიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოვიდა.
17-19 თებერვლის ვიზიტის დროს იგი პრეზიდენტ სააკაშვილს, პრემიერ-მინისტრ ივანიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს, იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს და საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძეს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება, რათა „დემოკრატიული ტრანსფორმაციის გზაზე საქართველოს პროგრესი განიხილოს და ქვეყნის დემოკრატიული რეფორმებისა და ეკონომიკური მხარდაჭერის მიმართ UNDP-ის მხარდაჭერა გამოხატოს“, განაცხადა UNDP-მ.
კვირას ჰელენ კლარკი კაჭრეთს სტუმრობდა, სადაც მან პროფესიული კოლეჯი და სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრი მოინახულა. პროფესიული განათლება და გადამზადების პროგრამები იმ პროექტებს შორისაა, რომლებიც საქართველოში UNDP-ის მხარდაჭერით ხორციელდება; ხორციელდება ასევე სხვა პროექტებიც დაწყებული საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო რეფორმების და გარემოსდაცვითი საკითხების ხელშეწყობით და დამთავრებული ნდობის აღდგენის ღონისძიებებით კონფლიქტის მხარეებს შორის.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)