სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადა 12 თვემდე შემცირდება

პარლამენტმა 5 აპრილს მესამე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადის 15-დან 12 თვემდე შემცირებას ითვალისწინებს.

კანონპროექტის თანახმად, 12-თვიანი ვადა გავრცელდება ასევე იმ პირებზეც, რომლებიც სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვეული იყვნენ 2012 წლის 7 მარტის შემდეგ.

სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადა ბოლოს 2012 წლის დასაწყისში შეიცვალა, როდესაც ის 12–დან 15 თვემდე გაიზარდა.

ამჟამად საქართველოს შეიარაღებულ ძალებში შერეული სისტემა მოქმედებს და მოიცავს, როგორც სავალდებულო გაწვევას, ისე საკონტრაქტო სამსახურს.

თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 2016 წლის ბოლოსთვის მთლიანად პროფესიულ არმიაზე გადასვლა იგეგმება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)