აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე საქართველოს სტუმრობს
აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკ რუბინი, რომელიც საქართველოს სტუმრობს, 9 აპრილს პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს შეხვდა.
12 აპრილს აშშ–საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში დემოკრატიის საკითხებზე მომუშავე ორმხრივი ჯგუფის შეხვედრაა დაგეგმილი. დემოკრატიის საკითხებზე მომუშავე ჯგუფი ერთ–ერთი იმ ოთხი უწყებათაშორისი ორმხრივი ჯგუფია, რომელიც აშშ–საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით განსაზღვრულ პრიორიტეტულ მიმართულებებზე მუშაობის მიზნით შეიქმნა. ორ ქვეყანას შორის ქარტიას 2009 წლის იანვარში მოეწერა ხელი. ქარტია სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებად ასევე განსაზღვრავს უსაფრთხოებას, ეკონომიკას და ხალხთა შორის ურთიერთობებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ამერიკელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ მან განიხილა ორმხრივი ურთიერთობების „ბევრი სფერო“, ასევე საქართველოს წვლილი ავღანურ მისიაში და ჟენევის მოლაპარაკებები. ფანჯიკიძემ განაცხადა შეხვედრის შემდეგ, რომ განხილვის მთავარ თემებს შორის ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებული საკითხებიც იყო.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს ახალი ელჩი აშშ–ში არჩილ გეგეშიძე. მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ გეგეშიძე რწმუნებათა სიგელებს პრეზიდენტ ობამას 15 აპრილს წარუდგენს.
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა ორშაბათს, რომ სახელმწიფო მდივნის მოადგილე სახალხო დიპლომატიის და საზოგადოებრივ საქმეთა საკითხებში ტარა სონენშაინი 13–16 აპრილს საქართველოს ეწვევა. იგი საქართველოს განათლების სამინისტროსთან ხელს მოაწერს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც საქართველოში ფულბრაიტის სტიპენდიის პროგრამის შესაძლებლობების გაფართოებას ითვალისწინებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)