რუსეთმა საკუთარ ბაზარზე „ბორჯომის“ მინერალური წყალი დაუშვა
ქართულმა მინერალურმა წყალმა „ბორჯომი“ რუსულ ბაზარზე დაბრუნების ნებართვა მიიღო, განაცხადა „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელმა გენადი ონიშჩენკომ.
„ბორჯომი რუსეთის პროდუქციის რეესტრში დარეგისტრირდა და რუსულ ბაზარზე იქნა დაშვებული“, – განუცხადა ონიშჩენკომ საინფორმაციო სააგენტო „იტარ–ტასს“ 11 აპრილს.
„ბორჯომის“ მწარმოებელი კომპანია IDS Borjomi Beverages მიესალმა ამ განცხადებას და განაცხადა, რომ ახლა ის რუსეთის ხელისუფლებისგან რეგისტრაციის შესახებ ოფიციალურ შეტყობინებას ელოდება.
2012 წლის დეკემბრის ბოლოს კომპანიის IDS Borjomi Beverages საკონტროლო პაკეტი რუსულმა „ალფა ჯგუფმა“ შეიძინა გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისგან. გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად „ალფა ჯგუფი“ კომპანიის 55.7%–ის მფლობელია.
„როსპოტრებნადზორმა“ ქართული ღვინის, მინერალური წყლების და სხვა პროდუქტების იმპორტი 2006 წელს ”უხარისხობის” მოტივით აკრძალა. თუმცა ამ გადაწყვეტილებას თბილისმა პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა და განაცხადა, რომ რუსეთის ძალისხმევა საქართველოს ეკონომიკის ძირის გამოთხრისკენ იყო მიმართული.
IDS ბორჯომის აღმასრულებელმა დირექტორმა ვლადიმერ აშუროვმა განუცხადა რუსულ გაზეთ „კომერსანტს“, რომ კომპანია იმ 3.5%–იანი ბაზრის წილის დაბრუნებას გეგმავს, რომელიც მას 2005 წელს ეკავა, სანამ მოსკოვი ქართული პროდუქციის იმპორტს აკრძალავდა.
IDS ბორჯომის ადგილობრივი ფილიალი რუსეთში „ბორჯომის“ ერთადერთი დისტრიბუტორი იქნება რუსეთში; ამჟამად, კომპანია რუსეთში მინერალურ წყლებს „სვიატოი ისტოჩნიკ“ და „ედელვაისს“ აწარმოებს და ყიდის.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2012 წელს ქართული მინერალური და მტკნარი წყლის ექსპორტმა 59.34 აშშ დოლარი შეადგინა; 2011 წელს ეს მაჩვენებელი 47.6 მილიონი აშშ დოლარი იყო. 2005 წელს იგივე მაჩვენებელი 32.48 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, რაც 2006 წელს რუსული ემბარგოს შემდეგ 24 მილიონამდე შემცირდა.
აპრილის დასაწყისში საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ მინერალური წყლების მოპოვებაზე მოსაკრებლის სამჯერ გაზრდას აპირებს.
ამ გადაწყვეტილებას, რასაც პარლამენტის თანხმობა სჭირდება, „ბორჯომის“ მწარმოებლის შეშფოთება მოყვა. კომპანიამ "IDS ბორჯომი საქართველო", რომელიც IDS Borjomi Beverages–ის ადგილობრივი ფილიალია, განაცხადა 4 აპრილს, რომ მოსაკრებლის გასამმაგება უარყოფითად აისახება IDS ბორჯომი საქართველოს მიერ წარმოებული პროდუქციის, განსაკუთრებით კი მინერალური წყლის „ბორჯომის“ კონკურენტუნარიანობაზე როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის, უკრაინისა და სხვა საექსპორტო ბაზრებზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)