დეპუტატი ვერულაშვილი: ‘ვანო მერაბიშვილის გვერდში დგომა დანაშაულია’
დეპუტატმა მარიკა ვერულაშვილმა, რომელმაც ნაციონალური მოძრაობა 5 თებერვალს დატოვა, დაადასტურა, რომ ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ გავრცელებული ბრალდებები „ნამდვილად“ შსს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს დათა ახალაის ეკუთვნის და განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი კიდევ „ძალიან ბევრ არასასიამოვნო სიურპრიზს უნდა ელოდეს“.
ეს განცხადება ვერულაშვილმა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაის სასამართლო პროცესზე მისვლისას 17 აპრილს გააკეთა ჟურნალისტებისთვის, რაც პარტიის დატოვების შემდეგ მისი პირველი საჯარო გამოსვლა იყო.
მისი თქმით, დათა ახალაიას მიმართვა, რომელიც „სიურპრიზი აღმოჩნდა ბევრი პოლიტიკური ძალისთვის“, არანაირ კავშირში არ არის 19 აპრილს ნაციონალური მოძრაობის მიერ რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ აქციასთან, „უბრალოდ ეს არის დათა ახალაიას საჩუქარი, მე ვთვლი, რომ დამსახურებული საჩუქარი ვანო მერაბიშვილისადმი“, რომელსაც 15 აპრილს ამ ფორმით მიულოცა დაბადების დღე.
„ვანო მერაბიშვილი არ არის მიჩვეული სიმართლის თქმას, თუმცაღა, მინდა გითხრათ, რომ მას ამის მოსმენა ძალიან ხშირად მოუწევს, უახლოეს მომავალში ის ძალიან ბევრ არასასიამოვნო სიურპრიზს უნდა ელოდეს“, – განაცხადა ვერულაშვილმა.
მან გაიზიარა დათა ახალაიას მიერ გახმოვანებული ბრალდებები იმ ნაწილში, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ნაციონალური მოძრაობის „კრახი“ მერაბიშვილის დამსახურება იყო.
„ჩემი პარტიის კრახი საპარლამენტო არჩევნებში ვთვლიდი, რომ სწორედ მისი დამსახურება იყო და მე მიმაჩნდა, რომ ამ დამარცხების შემდეგ ის აღარ უნდა ყოფილიყო ამ პარტიის გენერალური მდივანი, რადგან ეს ასე მაინც მოხდა, მე გადავწყვიტე, რომ ჩემი ადგილი აღარ იყო ამ პარტიის რიგებში“, – განაცხადა ვერულაშვილმა ნაციონალური მოძრაობის დატოვების მიზეზების კომენტირებისას.
„დღესაც ვთვლი და მაშინაც ვთვლიდი, რომ ვანო მერაბიშვილის გვერდში დგომა დანაშაულია“, – განაცხადა მან.
ვერულაშვილი ბოლო ორი მოწვევის პარლამენტის წევრია, რომელმაც არჩევნები ნაციონალური მოძრაობის სახელით ყვარლის მაჟორიტარულ ოლქში მოიგო. დეპუტატობამდე მრავალი წლის განმავლობაში იგი მიხეილ სააკაშვილის პრესსამსახურს ხელმძღვანელობდა.
პრეზიდენტი სააკაშვილი იანვარში, ვიდრე ვერულაშვილი მის პარტიას დატოვებდა, აცხადებდა, რომ ის იყო ერთ-ერთი იმ დეპუტატთაგანი, რომელზეც ახალი ხელისუფლება „მეუღლის დაჭერის“ მუქარით „ზეწოლას“ ახორციელებდა, რათა ის ნაციონალურ მოძრაობას გამიჯნვოდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)