მერაბიშვილი: ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელობის დისკრედიტაციის მცდელობები მიმდინარეობს
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ბოლო დროს მის წინააღმდეგ ყოფილი თანაგუნდელების მიერ გახმოვანებული ბრალდებები გამოწვეულია იმით, რომ მათ ვერ გაუძლეს ზეწოლას; მისი თქმით, ეს არის ხელისუფლების ძალისხმევის ნაწილი, რომ ნაციონალური მოძრაობის დისკრედიტაცია მოახდინოს 19 აპრილს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციის წინ.
„ხელისუფლების უსუსური მცდელობა, რომელსაც ჩვენ მოველოდით, 19 აპრილისთვის მოახდინოს დისკრედიტაცია და განხეთქილება შეიტანოს ნაციონალურ მოძრაობაში, ფუჭად ჩაივლის“, – განუცხადა მერაბიშვილმა ჟურნალისტებს 17 აპრილს.
როდესაც მერაბიშვილს ნაციონალური მოძრაობის ყოფილი დეპუტატის მარიკა ვერულაშვილის განცხადებაზე და ასევე შსს–ის ყოფილი მაღალჩინოსნის დათა ახალაიას ბრალდებებზე ჰკითხეს, მან უპასუხა: „სამწუხაროდ ძალიან ბევრმა ჩვენმა და პირადად ჩემმა მეგობარმა ვერ გაუძლო ზეწოლას, შანტაჟს და მე მხოლოდ სინანული შემიძლია გამოვთქვა ამის შესახებ. მაგრამ, მე ვთვლი, რომ ნაციონალური მოძრაობის ძირითადი ბირთვი არის მტკიცე, ისინი [ამჟამინდელი მთავრობა] მათ უმრავლესობას ვერ შეაშინებენ“.
- დეპუტატი ვერულაშვილი: ‘ვანო მერაბიშვილის გვერდში დგომა დანაშაულია’
- სააკაშვილი ნაციონალურ მოძრაობაში დაპირისპირებას უარყოფს
- დათა ახალაიას სახელით გავრცელებული განცხადების შემდეგ ნაციონალურ მოძრაობაში უთანხმოების ნიშნები გაჩნდა
„მე გადავიტან ყველა ასეთ გამოხტომას იმიტომ, რომ მე მიყვარს საქართველო, მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, მე ვაპირებ დავრჩე ამ ქვეყანაში და რა ზეწოლაც არ უნდა ხორციელდებოდეს, მე ვაპირებ ბოლომდე ვიბრძოლო ჩემი, ჩემი ქვეყნის, ჩემი ოჯახის, ჩემი მეგობრების მომავლისთვის“, – განაცხადა მერაბიშვილმა.
როდესაც მას ისევ ჰკითხეს ყოფილი თანაგუნდელების ბრალდებებზე მის წინააღმდეგ, მერაბიშვილმა უპასუხა: „შეიძლება იყოს ადამიანი, ვინც შეიძლება ვერ გაუძლოს სხვადასხვა ცდუნებას, ზეწოლას, დაშინებას, შანტაჟს, მაგრამ ნაციონალური მოძრაობის ძირითადი ბირთვი იქნება ერთად იმიტომ, რომ წინააღმდეგობა გვაძლიერებს ჩვენ“.
„რა თქმა უნდა, არის სამწუხარო, როდესაც შენი მეგობარი ვერ უძლებს ზეწოლას, მაგრამ მე მინდა ყველას შევუნდო იმიტომ, რომ მათ ვერ გაუძლეს ზეწოლას. მაგრამ მე ვარ ძალიან ბედნიერი, რომ უმეტესობა ჩემი მეგობრების დღესაც ჩვენთან ერთად დგანან და ჩვენთან ერთად აგრძელებენ ბრძოლას“, – განაცხადა მან.
მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას „ძალიან ეშინია 19 აპრილის“. მან ხელისუფლება "მასობრივი შეკრების“ ჩატარებისთვის დაბრკოლებების შექმნაშიც დაადანაშაულა. ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივმა აქტივისტმა ქუთაისში 17 აპრილს განაცხადა, რომ მას უცნობი პირები დაესხნენ თავს, სცემეს და უთხრეს, რომ არ წასულიყო თბილისში დაგეგმილ აქციაზე.
„19 აპრილის შემდეგ ხელისუფლება დაინახავს, რომ ნაციონალური მოძრაობა გაძლიერდა უფრო, უფრო ეფექტური და მოტივირებული გახდა“, – განაცხადა მერაბიშვილმა, „ნაციონალური მოძრაობა აიძულებს ხელისუფლებას, რომ ხალხს ემსახუროს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დაკარგავს ხელისუფლებას, და ხელისუფლებაში მოვლენ ის პროგრესული ძალები, რომლის მთავარი ამოცანა ოპონენტის განადგურება კი არ არის, არამედ ქვეყნის წინსვლაა“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)