სააკაშვილი ივანიშვილის მიერ PACE-ში გაკეთებულ რამდენიმე განცხადებას აკრიტიკებს
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 23 აპრილს, რომ იგი არ გააკეთებს კომენტარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში პრემიერ–მინისტრ ივანიშვილის გამოსვლის „სტილზე ან დონეზე“, თუმცა დასძინა, რომ ზოგიერთი მისი განცხადება რუსეთსა და სეპარატისტულ რეგიონებზე შეშფოთების საგანს წარმოადგენს, რადგანაც მათ შესაძლოა უარყოფითი შედეგები მოყვეს საქართველოსთვის.
„კერძოდ კითხვაზე, როდესაც მას ჰკითხეს კოსოვოს, აფხაზეთის და ცხინვალის პარალელებზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თქვა შემდეგი, რაც მე საკუთარი ყურით მოვისმინე, რომ თურმე მხოლოდ ერთადერთი განსხვავება არის იმაში, რომ კოსოვომ დაუშვა ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი თავის ტერიტორიაზე, აფხაზეთი და ცხინვალი არ უშვებს დამკვირვებლებს და ამიტომ აფხაზეთს და ცხინვალს ამის გამო გაუჭირდებათ წარმომადგენლობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. მე მინდა შევახსენო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომ კოსოვო და აფხაზეთი განსხვავდება, როგორც ცა და დედამიწა; ასეთი შედარებები შეიძლება გააკეთოს მხოლოდ რუსმა მოღვაწემ და არა რომელიმე საღად მოაზროვნე ევროპელმა პოლიტიკოსმა, მითუმეტეს ქართველმა პოლიტიკოსმა. კოსოვოში იყო ეთნიკური წმენდა საერთაშორისოდ აღიარებული და კოსოვო აღიარა მთელმა მსოფლიომ, სერბეთში იყო მილოშევიჩი და მილოშევიჩის პასუხისმგებლობის გამო დადგა ეს შედეგები. ეს არაფერ კავშირში არ არის დამკვირვებლების შეშვება-არ შეშვებასთან და ყოველგვარი პარალელების გავლებაც კი ამ სტილის… არის სამართლებრივად სრულიად მიუღებელი და ამას პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები შეიძლება ჰქონდეს ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილის მხედველობაში ჰქონდა ივანიშვილის განცხადება, რომელიც მან PACE–ში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის ალექსეი პუშკოვის საპასუხოდ გააკეთა. ამ უკანასკნელმა ჰკითხა პრემიერ–მინისტრს, თუ რას ფიქრობდა იმის თაობაზე, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები, მიუხედავად ამ ორი სუბიექტის სტატუსისა, გამოსულიყვნენ PACE–ში. თავის კითხვაში პუშკოვმა ასევე ახსენა PACE–ს გადაწყვეტილება, რომელმაც ორ დეპუტატს კოსოვოდან PACE–ს კომიტეტის სხდომებში მონაწილეობის უფლება მისცა.
„ოსეთიც და აფხაზეთიც საქართველოს ნაწილია, შესაბამისად, ოსებსაც და აფხაზებსაც ჩვენ დელეგაციასთან ერთად, რა თქმა უნდა, საშუალება ექნებათ ყოველთვის, რომ მიიღონ მონაწილეობა ევროსაბჭოს მუშაობაში“, – განაცხადა ივანიშვილმა და შემდეგ კოსოვოსთან მიმართებაში დაამატა: „კოსოვო არათუ ზღუდავდა, თვითონ იწვევდა საერთაშორისო დამკვირვებლებს, აბსოლუტურად გახსნილი იყო ყოველგვარი თანამშრომლობისათვის, რაც საუბედუროდ არ ხერხდება დღეს და ჩვენ ელემენტარულ მონიტორინგს ვერ ვახორციელებთ აფხაზეთსა და ოსეთში, ჰუმანიტარული აქციების განხორციელების საშუალებაც არ არსებობს, ისინი დახურულები არიან, შესაბამისად, ასეთ პერსპექტივას, მე პირადად, ვერ ვხედავ“.
სააკაშვილმა ასევე გააკრიტიკა ივანიშვილი მისი პასუხისთვის კიდევ ერთი რუსი დეპუტატის კითხვაზე რუსეთთან ურთიერთობების და 2008 წლის აგვისტოში „სააკაშვილის აგრესიის“ შესახებ.
„როდესაც ჩვენი არაკეთილმოსურნე დეპუტატი გეკითხება იმაზე, რომ საქართველომ ჩაიდინა აგრესია აფხაზების და ოსების მიმართ, ამას, მე მგონი, საქართველოს ლიდერი არ უნდა პასუხობდეს იმით, რომ ჩვენ მართლაც ბევრი შეცდომები დავუშვით გასულ წლებში“, – განაცხადა სააკაშვილმა.
„ეს არ არის ის პასუხი, რომლის მოსმენაც ჩვენგან უნდა მსოფლიოს. იმიტომ, რომ მაშინ ჩვენ ვინღა დაგვიცავს, თუ ჩვენ თვითონ ჩვენს პოზიციებს არ ვიცავთ, ვინ რატომ ამოიღებს ხმას, ვინ რატომ მოგვცემს ხმას, ვინ რატომ ჩამოვა აქ და დადგება ჩვენს გვერდით, ვინ გადაარჩენს ჩვენს დამოუკიდებლობას და როცა საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გამოდის და იძახის, რომ ‘რა ვქნა, ხო აგრესიაა… ეს არ არის ის, რასაც უნდა ვაკეთებდეთ. ვისი გულის მოგებას ვცდილობთ ამითი? ამას ხომ ექნება შედეგები საქართველოს სუვერენიტეტისთვის, საქართველოს თავისუფლებისთვის, საქართველოს მომავლისთვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. ამიტომ, მე მოვუწოდებ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომ შეუძლია სტრასბურგში მაკრიტიკოს მე რამდენიც უნდა … მაგრამ ტერიტორიული მთლიანობის საკითხებს ნუ ეთამაშება იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი მომავლის საკითხი და ისეთი რაღაც შეიძლება გავაფუჭოთ აქ, რომ მერე შეიძლება ვერასოდეს ვეღარ გამოვასწოროთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.
რუსმა დეპუტატმა ტამერლან აგუზაროვმა ჰკითხა ივანიშვილს, თუ რამდენად თავსებადია ახალი მთავრობის განზრახვა დაარეგულიროს ურთიერთობები რუსეთთან თბილისის პოლიტიკასთან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თაობაზე; შეკითხვის დასმისას, რუსმა დეპუტატმა ასევე განაცხადა: „იცოდა რა, რომ აფხაზებს და ოსებს არ უნდოდათ საქართველოში, სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესია განახორციელა“.
„ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების მხრიდანაც იყო ძალიან ბევრი შეცდომები დაშვებული ჩვენს ძმებთან აფხაზებთან და ოსებთან დამოკიდებულებაში. ორივე მხრიდან იყო ეს შეცდომები“, – უპასუხა ივანიშვილმა, „არსებობს იარები, რომლის მოშუშებას სჭირდება დრო და დღეს ჩვენი მიზანია, რომ აღარ გავიმეოროთ მსგავსი, არ მოვახერხოთ და არც ვიფიქროთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ისევ ძალით მოვახერხოთ და დავალაგოთ ურთიერთობა ჩვენს ძმებთან“.
მისი თქმით, მთავარი „გასაღები“ იმისკენ, რომ „მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ძმობით, მხოლოდ მოთმინებით“ მოხდეს აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობების დალაგება, საქართველოში დევს.
„ამისათვის მთავარი გასაღებია, რომ საქართველოში პირველ რიგში აღორძინდეს ეკონომიკა, განვითარდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, საქართველო უნდა გახდეს საინტერესო ქვეყანა… ოსებისთვის და აფხაზებისთვის, ევროპისთვის, რუსეთისთვის“, – განაცხადა მან, „ამას სჭირდება დრო, ამას სჭირდება სწორი თანმიმდევრული სვლები და მხოლოდ ამის შემდგომ ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ისტორიულ პროცესებზე და ვის რისი სურვილი აქვს“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)