შუალედურ არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი დასრულდა

ნაძალადევის, ბაღდათის და სამტრედიის ერთმანდატიან ოლქებში საღამოს 8 საათისთვის საარჩევნო უბნების დახურვით ხმის მიცემა შეწყდა და შუალედური არჩევნების შედეგების დათვლის პროცესი დაიწყო.

ცესკოს თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, წინასწარ შედეგებთან დაკავშირებით გარკვეული ტენდენცია შუაღამისთვის გამოიკვეთება, ხოლო არჩევნების შედეგების საბოლოო შეჯამებას რამდენიმე დღე დასჭირდება.

მისი ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ სამივე ოლქში საშუალოდ 32-33% შეადგინა, საიდანაც ყველაზე მაღალი აქტივობით ბაღდათის რაიონი გამოირჩეოდა, სადაც საარჩევნო უბნებზე გამოცხადებულთა რაოდენობამ 48%-ს გადააჭარბა; ამომრჩველთა 43.55%-მა მისცა ხმა სამტრედიაში, ხოლო ნაძალადევში არჩევნებში მონაწილეობა 27.97%-მა მიიღო.

ხარატიშვილის შეფასებით, ხმის მიცემის პროცესმა „მშვიდად, ექსცესების გარეშე“ ჩაიარა, თუმცა მას ასევე ახლდა თან „მცირე ტექნიკური ხარვეზები“.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, 27 აპრილის შუალედურ არჩევნებზე „მასშტაბურ“ დარღვევბს ადგილი არ ჰქონია, თუმცა იყო ცალკეული პრობლემები, მათ შორის გადასატანი ყუთით ხმის მიცემის  პროცედურის განხორციელებისას.

ნაძალადევის ოლქში ყველაზე მაღალი კონკურენციაა, სადაც მაჟორიტარი დეპუტატის მანდატისთვის ათი კანდიდატი იბრძვის, მათ შორის ქართული ოცნებიდან თამარ კორძაია, ნაციონალური მოძრაობიდან პაპუნა დავითაია; თავისუფალი საქართველოდან კახა კუკავა, ლეიბორისტული პარტიიდან გიორგი გუგავა და დამოუკიდებელი კანდიდატი სოსო მანჯავიძე.

ბაღდათის ერთმანდატიან ოლქში რვა კანდიდატი იყრის კენჭს, მათ შორისაა პაატა კიკნაველიძე ქართული ოცნებიდან და ვლადიმერ წიქორიძე ნაციონალური მოძრაობიდან, რომელიც ბაღდათის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა.

სამტრედიის ერთმანდატიან ოლქში მიმდინარე არჩევნებში ხუთი კანდიდატი მონაწილეობს, მათ შორის გიორგი კახიანი ქართული ოცნებიდან და ემზარ შუბლაძე ნაციონალური მოძრაობიდან, რომელიც სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა.

ეს ადგილები ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 1 ოქტომბერს ნაძალადევში გამარჯვებულ თეა წულუკიანს, ბაღდათის ყოფილ მაჟორიტარს არჩილ კბილაშვილს და სამტრედიაში გამარჯვებულ კახი კალაძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლის გამო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)