პოლიცია ინტერნეტით ვიდეოს გავრცელებასთან დაკავშირებულ პირად ცხოვრებაში ჩარევის ფაქტს იძიებს
პირად ცხოვრებაში ჩარევის გასაპროტესტებლად მცირერიცხოვანი აქცია გაიმართა პარლამენტის ძველი შენობის წინ 4 მაისს. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge
ფარულად გადაღებული ვიდეოს ინტერნეტით გავრცელებამ, რომელიც სამი პიროვნების სექსუალურ სცენას შეიცავდა იმ მამაკაცის მონაწილეობით, რომელიც ბოლო დროს მწვავედ აკრიტიკებდა რამდენიმე მაღალჩინოსანს, კიდევ უფრო გაამძაფრა წუხილები პირად ცხოვრებაში ჩარევის თაობაზე.
შემთხვევას პოლიტიკური ასპექტიც გააჩნია. ვიდეოზე ასახული ერთი მამაკაცის იდენტიფიცირება მოხდა როგორც პირისა რომელიც ბოლო დროს ხშირად ადანაშაულებს პრემიერ–მინისტრ ივანიშვილის მრჩეველს გია ხუხაშვილს, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს გელა ხვედელიძეს და მთავარი პროკურორის მოადგილეს ლაშა ნაცვლიშვილს იმ ბიზნესების ხელში ჩაგდებაში რომლებიც მანამდე ყოფილი ხელისუფლების მიერ კონტროლდებოდა.
მამაკაცმა, რომელმაც 4 მაისს პრესკონფერნცია მოიწვია, განაცხადა, რომ ვიდეომასალა ფაბრიკაციას წარმოადგენს და ამ ფაბრიკაციის უკან ხუხაშვილი, ხვედელიძე და ნაცვლიშვილი დგანან, რაც მიზნად ისახავს მის დისკრედიტაციას მას შემდეგ, რაც ამ პირების კორუფციულ გარიგებებში დადანაშაულება დაიწყო. მან ასევე განაცხადა, რომ დარწმუნებულია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ არის ჩარეული ამ ვიდეოს გამოქვეყნებაში.
ხუხაშვილმა დაგმო ამ ვიდეოს გავრცელება, როგორც „წარმოუდგენელი დანაშაული“ და აღნიშნა 4 მაისს გავრცელებულ განცხადებაში, რომ მის მიმართ ბრალდებები მისი საწინააღმდეგო ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილია. მან ასევე განაცხადა, რომ ის მამაკაცი, რომელიც მას ადანაშაულებს, თავად გახდა მისი და რამდენიმე მაღალჩინოსნის წინააღმდეგ დაგეგმილი „პროვოკაციის“ მსხვერპლი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 3 მაისს, რომ ლგბტ უფლებების დამცველი ორგანიზაციის „იდენტობას“ მიმართვის საფუძველზე მან პირად ცხოვრებაში ჩარევის საქმეზე გამოძიება დაიწყო.
მან ასევე განაცხადა, რომ გამოძიება პირადად კონტროლზე შს მინისტრმა აიყვანა.
სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა შსს–ს ეფექტური გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდა, რათა გამოვლინდნენ ის პირები, რომლებიც ვიდეომასალის გამოქვეყნების უკან დგანან.
2013 წლის იანვარში პროკურატურამ განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სამხედრო პოლიციის ყოფილმა ხელმძღვანელობამ ათობით ფარული ვიდეო ჩანაწერი გააკეთა, სადაც ასახულია „საზოგადოებისათვის ცნობადი მამაკაცების“ სექსუალურ კავშირი სექსუალურ უმცირესობას მიკუთვნებულ მამაკაცებთან, რაც შემდგომში მათი დაშანტაჟებისთვის გამოიყენებოდა. პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული მასალები, სადაც სახეები დაფარული იყო, ნაჩვენები იყო ზოგიერთი ქართული ტელეარხის მიერ, რამაც ზოგიერთი უფლებადამცველი ორგანიზაციის და ლგბტ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების პროტესტი გამოიწვია.
29 აპრილს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობის სხვა მაღალჩინოსნები, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლების იმ დიდ ჯგუფს შეხვდნენ, რომელთაც უკანონო თვალთვალის და მიყურადების აღმკვეთი ღონისძიებების განხილვის მიზნით კონფერენციაზე შეიკრიბნენ. შეხვედრაზე პრემიერ–მინისტრმა და სხვა მაღალჩინოსნებმა პირობა დადეს, რომ მჭიდროდ ითანამშრომლებდნენ სამოქალაქო საზოგადოებრივ ჯგუფებთან, რათა უკანონო თვალთვალის და მიყურადების აღსაკვეთად შეიქმნას როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი მექანიზმები ძლიერი საზოგადოებრივი კონტროლის უზრუნველსაყოფად.
იმავე შეხვედრაზე მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების პირობებში შინაგან საქმეთა სამინისტროში „ცალკე განყოფილება“ არსებობდა, რომელსაც უკანონო მოსმენები ევალებოდა და რომელიც მისი სამინისტროში მისვლის შემდეგ გაუქმდა. მან ასევე განაცხადა, რომ აუდიო და ვიდეო ჩანაწერების უზარმაზარი არქივი, რომელიც პოლიტიკოსების, მათ შორის მისი და პრემიერ–მინისტრის უკანონო მოსმენების შედეგად იქნა მოპოვებული, კვლავ ინახება სამინისტროში. მისი თქმით, ეს არქივი მხოლოდ მას შემდეგ განადგურდება, რაც უკანონო თვალთვალის საქმეებზე მიმდინარე გამოძიებები დასრულდება.
4 მაისს ათზე მეტი ადამიანი შეიკრიბა მცირე აქციაზე, რომელიც ლგბტ უფლებადამცველი ორგანიზაციის „იდენტობა“ ორგანიზებით გაიმართა, რათა პირად ცხოვრებაში ჩარევის შემთხვევები გაეპროტესტებინათ. რამდენიმე მომიტინგეს ხელში ეკავა ბანერები წარწერებით: „შეწყვიტეთ თვალთვალი“, „გაანადგურეთ კადრები“. აქცია უკვე იშლებოდა, როდესაც რამდენიმე ახალგაზრდა მათ მიუახლოვდა და ლანძღვა და შეურაცხყოფა დაუწყო. ინციდენტი, რომელიც მცირე დაპირისპირებაში გადაიზარდა, პოლიციის მისვლის შემდეგ განიმუხტა.
ორგანიზაცია „იდენტობა“ 17 მაისს თბილისის ცენტრში აქციის გამართვას გეგმავს, რათა ჰომოფობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღნიშნოს. შარშან, როდესაც ლგბტ აქტივისტები ამ დღის აღსანიშნავად თბილისის ცენტრში მანიფესტაციას მართავდნენ, მართლმადიდებლურმა ჯგუფებმა მათი მსვლელობა ჩაშალა, რასაც დაპირისპირება მოყვა. „იდენტობამ“ სამართალდამცავებს ზომების მიღებისკენ მოუწოდა, რათა შარშანდელი ინციდენტის მსგავსი წელსაც არ განმეორდეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)