უგულავამ პრეზიდენტობის მისთვის ყველაზე მისაღები კონკურენტი კანდიდატები დაასახელა
თბილისის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მისთვის ყველაზე მისაღები კანდიდატი პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და ამჟამად საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძეა.
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობან განაცხადა, რომ ის პრაიმერის გზით შეარჩევს თავის საპრეზიდენტო კანდიდატს.
„მე ჩემს პირად აზრს გეტყვით, რომ შეუძლებელია წინასწარ იმის თქმა, თუ ვინ იქნება ჩვენგან იმიტომ, რომ ეს პროცესია პრაიმერის და პრაიმერი იმის პრაიმერია, რომ შეიძლება მოულოდნელიც იყოს ვინმესთვის შედეგი, მათ შორის ჩემთვის ან საზოგადოებისთვის… ჩემ პირად, ხაზს ვუსვამ, აზრს გეტყვით, შემიძლია ვთქვა, რომ მე დღეს ორივე მხრიდან ორ კანდიდატს ვხედავ: ოცნების მხრიდან, ჩემის აზრით, ყველაზე მეტად ამ თანამდებობას ალასანია შეესაბამება, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, ჩემის აზრით, ისევ ხაზს ვუსვამ, ბაქრაძე შეესაბამება“, – განუცხადა უგულავამ ჟურნალისტებს 9 მაისს.
ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა 9 მაისს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატები მას შემდეგ გაირკვევა, რაც პარტია პრაიმერის ჩატარების წესზე შეთანხმდება.
მერაბიშვილმა პასუხი არ გასცა კითხვას იქნება თუ არა ის ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატი.
პარლამენტის ვიცე–სპიკერმა და ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა ცოტა ხნის წინ, რომ მან შესაძლოა მონაწილეობა მიიღოს პარტიულ პრაიმერში.
უგულავამ, რომლის უფლებამოსილების ვადაც მერის პოსტზე 2014 წელს იწურება, გამორიცხა ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრა.
უგულავამ ასევე განაცხადა 9 მაისს, რომ ქართული ოცნება სავარაუდოდ განათლების მინისტრს და ვიცე–პრემიერს გიორგი მარგველაშვილს დაასახელებს საპრეზიდენტო კანდიდატად.
პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა განაცხადა 7 მაისს, რომ ქართული ოცნება თავის საპრეზიდენტო კანდიდატს მომავალ კვირას, სავარაუდოდ ორშაბათს დაასახელებს.
ბოლო დროს მედია საშუალებებით ბევრი ვარაუდი ვრცელდება ქართული ოცნების შესაძლო საპრეზიდენტო კანდიდატების თაობაზე და მათ შორის მარგველაშვილის კანდიდატურაც სახელდება. ქართული ოცნების წარმომადგენლები საპრეზიდენტო კანდიდატურის თაობაზე მიმდინარე განხილვებზე საუბრისგან თავს იკავებენ.
თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განუცხადა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს 8 მაისს: „დაახლოებით ვიცი, ვინ შეიძლება დასახელდეს [ქართული ოცნების კანდიდატად] და კონკრეტულად ვის აქვს შანსი, რომ შედგეს მის ირგვლივ კონსენსუსი“.
მან თავი აარიდა ყველა იმ კითხვას, რომლებზე პასუხიც მინიშნება იქნებოდა იმისა, თუ ვინ შეიძლება გახდეს ქართული ოცნების კანდიდატი.
ალასანიამ ასევე განაცხადა, რომ კოალიციაში გაერთიანებული სხვა პარტიებისგან განსხვავებით, იგი და მისი პარტია "თავისუფალი დემოკრატები" ძლიერი საპრეზიდენტო სისტემის მომხრენი რჩებიან, ნაცვლად საპარლამენტო რესპუბლიკისა.
„მაგრამ ანგარიში უნდა გავუწიოთ აუცილებლად იმ რეალობას, რა რეალობაშიც დღეს ვართ“, – განაცხადა მან, მხედველობაში ჰქონდა რა ის ფაქტი, რომ პრემიერ–მინისტრი ივანიშვილი და კოალიცია ქართული ოცნების სხვა წევრები ძლიერი საპრეზიდენტო სისტემის წინააღმდეგ გამოდიან. „აქედან გამომდინარე, მე ბუნებრივია მხარს დავუჭერ საზოგადოების და კოალიციაში უმრავლესობის მოსაზრებას ამ ეტაპზე… მე ვთვლი, რომ აუცილებელია შანსი მივცეთ ამ ახალ ფორმას“.
ახალი საკონსტიცუციო მოდელი, რომელიც ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევა ძალაში, მნიშვნელოვნად გაზრდის პრემიერ–მინისტრის უფლებამოსილებას პრეზიდენტის უფლებების შემცირების ხარჯზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)