ინტერვიუ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ანდჟეი ტიშკევიჩი, 2011 წლის აგვისტო. ფოტო: ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელმა ანდჟეი ტიშკევიჩმა განაცხადა Civil.ge-სთან ელექტრონული ფოსტით მიცემულ ინტერვიუში, რომ მისიის ახალი ხელმძღვანელის შერჩევის პროცესი მიმდინარეობს, ვინაიდან წელს ზაფხულში ის ტოვებს თავის პოსტს.
ტიშკევიჩი, რომელიც სადამკვირვებლო მისიას თითქმის ორი წელია ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ მის მიერ თანამდებობიდან დაგეგმილ წასვლას არაფერი აქვს საერთო 2012 წლის აპრილში წარმოქმნილ უთანხმოებასთან, როდესაც სეპარატისტული აფხაზეთის ხელისუფლებამ იგი „აფხაზეთის ტერიტორიაზე არასასურველ პირად გამოაცხადა“; მისი თქმით, ორწლიანი მუშაობის შემდეგ თანამდებობის დატოვება „მიღებული პრაქტიკაა“. „ორი წელი მისიაში დიდი დროა; ეს ჩვეულებრივი პერიოდია უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის მისიებისთვის“, – განაცხადა მან.
ინტერვიუში ტიშკევიჩმა ასევე ისაუბრა რუსული ძალების მიერ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მავთულხლართების გავლებაზე, რაც საქართველოს შეშფოთებას იწვევს.
ბოლო დროს იმატა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად ადგილობრივების დაკავების ფაქტებმა, როგორც ცხინვალი აცხადებს, „საზღვრის დარღვევის გამო“. როგორ ფიქრობთ, რა არის დაკავებების რაოდენობის ზრდის მიზეზი და რა როლს თამაშობს მისია, ერთი მხრივ, ამგვარი შემთხვევების აღსაკვეთად და მეორე მხრივ, დაკავებული ადგილობრივების გათავისუფლებისთვის?
როგორც კი დაკავება მოხდება, EUMM დაუყონებლივ ააქტიურებს ცხელ ხაზს, რაც ჩვენი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ნაწილია. ცხელი ხაზის მეშვეობით ჩვენ ხელს ვუწყობთ ინფორმაციის გაცვლას და მოლაპარაკებებს, რათა რაც შეიძლება სწრაფ გათავისუფლებას მივაღწიოთ. გადაადგილების თავისუფლება იმ მოსახლეობისთვის, რომლებიც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების სიახლოვეს ცხოვრობენ, EUMM–ის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამიტომ, ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკონტროლებთ დაკავების იმ შემთხვევებს, რომლებზეც თქვენ საუბრობთ. გარდა ამისა, ეს საკითხი 31 მაისს ერგნეთში დაგეგმილი IPRM-ის მომდევნო შეხვედრის დღის წესრიგში შევა და მის შესახებ ევროკავშირის ინსტიტუტებსაც ეცნობებათ.
რა თქმა უნდა, როდესაც კი დაკავების შემთხვევებს განვიხილავთ ცხელი ხაზის მეშვეობით, ვცდილობთ გავარკვიოთ ის მიზეზები, რის გამოც მოხდა ეს დაკავებები. ჩვენ განვაგრძობთ ამის კეთებას, მათ შორის IPRM-ის მომდევნო შეხვედრის მსვლელობისას.
ბოლო პერიოდში ადგილზე განთავსებულმა რუსმა სამხედროებმა გააქტიურეს მავრთულხლართების გაბმა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გარკვეულ მონაკვეთებზე, რაც, ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის თქმით, კიდევ უფრო ართულებს მათ თავისუფალ გადაადგილებას და სასოფლო–სამეურნეო საქმიანობას. ხედავთ თუ არა რაიმე კავშირს ე.წ. "საზღვრის" მოწყობის ღონისძიებებსა და დაკავებების რაოდენობის ზრდას შორის და მიგაჩნიათ თუ არა, რომ ეს ორი ტენდენცია იმაზე მიანიშნებს, რომ რუსეთის ფედერაციის ძალები კიდევ უფრო ამკაცრებენ კონტროლს ადმინისტრაციულ საზღვარზე?
ნებისმიერ შემთხვევაში, ღობეების აგება აშკარად არღვევს მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების უფლებას. ის აფერხებს ადამიანების მიერ საარსებო წყაროს მოპოვებას, ყოფს ოჯახებს და თემებს და ხელს უშლის ბავშვებს, რომ სკოლაში იარონ. ეს მიუღებელია. ამის ყველაზე უახლესი მაგალითია დიცი, სადაც ჩვენმა დამკვირვებლებმა ნახეს, რომ ახალი ღობეები იგება. EUMM–მ ხელი შეუწყო მხარეებს შორის კომუნიკაციას და ჩვენ ვესწრებოდით იმ სპეციალურ შეხვედრას, რომელმაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების და სამხრეთ ოსეთში რუსეთის სასაზღვრო ძალების წარმომადგენლები შეკრიბა. ეს საკითხი ერგნეთში IPRM-ის მომდევნო შეხვედრის ერთ–ერთი მთავარი თემა იქნება.
როდესაც საქმე ეხება გადაადგილების თავისუფლებას, ჩვენი, როგორც EUMM–ის როლი არის, რომ სიტუაციას ყოველდღიურად დავაკვირდეთ და ევროკავშირს და მის 27 წევრ სახელმწიფოს ვაცნობოთ ჩვენი დასკვნები მათ მიერ განხორციელებული პოლიტიკის ინფორმირებისთვის. უფრო პრაგმატული თვალსაზრისით, ჩვენ ხელს ვუწყობთ დისკუსიებს ყველა მხარეს შორის, რათა ადგილობრივებს რაც შეიძლება თავისუფალი გადაადგილების და ყოველდღიური საქმიანობის განხორციელების საშუალება მივცეთ.
თითქმის ორი წელია სადამკვირვებლო მისიას ხელმძღვანელობთ. თქვენი აზრით, რა იყო ძირითადი ტენდენციები უსაფრთხოების თვალსაზრისით ბოლო ორი წლის მანძილზე, როგორც სეპარატისტული რეგიონების შიგნით, ისე მის გარშემო? რა ძირითადი გამოწვევების წინაშე დგას მისია მისი მანდატით გათვალისწინებული საკითხების მოგვარების თვალსაზრისით?
ყველა მხარეს შორის არსებობს კონსენსუსი, რომ EUMM–ის განთავსებამ 2008 წლის ოქტომბრიდან, აგვისტოს ომის კვალდაკვალ, მნიშვნელოვნად გააძლიერა სტაბილურობა საქართველოში და რეგიონის მასშტაბით.
ჩვენი ყოველდღიური მონიტორინგის და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის წყალობით, რომელიც ითვალისწინებს ყოველთვიური შეხვედრების გამართვას და 24-საათიან ცხელ ხაზს, ჩვენ ხშირად ვახერხებდით კონფლიქტის მხარეებს შორის დაძაბულობის შემცირებას ან ესკალაციის თავიდან აცილებას, როგორც ეს მაგალითად დეკემბერში მოხდა, როდესაც კოდას მახლობლად ორმხრივ ცეცხლი გაიხსნა. ჩვენ ასევე ხშირად დავხმარებივართ დისკუსიებს და იმ საკითხების პრაგმატულ მოგვარებას, რომლებიც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიების მაცხოვრებლებს ეხებოდათ, როგორიცაა საირიგაციო არხების რეაბილიტაცია, ფერმერებისთვის ამ მიწების ხელმისაწვდომობა და სამედიცინო მიზნით მათი გადაყვანა. ჩვენ ასევე წარმატებით დავეხმარეთ პატიმრების გათავისუფლებას ორივე მხრიდან და დაკარგულების შესახებ ინფორმაციის გაცვლას.
ჩვენ იმედგაცრუებული ვართ იმის გამო, რომ EUMM–ს არ შეუძლია თავისი მანდატის განხორციელება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებას დავაკვირდეთ და ასევე იმას, აქვს თუ არა ადმინისტრაციული საზღვრების სიახლოვეს მცხოვრებ მოსახლეობას გადაადგილების თავისუფლება, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. რთულია ამის გაკეთება, როდესაც კონფლიქტში ჩართულ ყველა ტერიტორიაზე ვერ შედიხარ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ის არის, რომ IPRM-ის შეხვედრები აფხაზეთში, რასაც გალის IPRM-ის შეხვედრებად მოიხსენიებენ, ერთ წელიწადზე მეტი ხანია შეწყდა. მიუხედავად იმისა, რომ ვაგრძელებთ კონტაქტებს ყველა მხარესთან ცხელი ხაზის მეშვეობით და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, IPRM-ის პერიოდული შეხვედრების არარსებობა ჩვენი მანდატის განხორციელებას კიდევ უფრო ართულებს. შარშანდელი აპრილიდან მისი შეწყვეტის შემდეგ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები გამოსავლის პოვნას ცდილობენ, რათა IPRM-ის შეხვედრები წინაპირობების გარეშე აღდგეს, თუმცა [მათი ძალისხმევა] წარუმატებელი რჩება.
ვინაიდან ჩვენ მისიის წარსულ და მომავალ საქმიანობებზე ვსაუბრობთ, მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და გაცნობოთ, რომ ჩემი ორწლიანი ვადა მისიის ხელმძღვანელის პოსტზე ამ ზაფხულს იწურება.
უკავშირდება თუ არა რამენაირად თქვენი წასვლა იმ უთანხმოებას, რომელსაც 2012 წლის აპრილში ჰქონდა ადგილი, როდესაც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ „აფხაზეთის ტერიტორიაზე არასასურველ პირად“ გამოგაცხადათ და რასაც გალში IPRM-ის შეხვედრების შეჩერება მოყვა?
არა, ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა. ორი წელი მისიაში დიდი დროა; ეს ჩვეულებრივი პერიოდია საერთო უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის მისიებისთვის. ჩემი ორწლიანი ვადის დროს მე ევროკავშირის და მისი წევრი სახელმწიფოების სრული მხარდაჭერა მქონდა. ჩემი მუშაობა სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის პოსტზე ძალიან საინტერესო, თუმცა გამოწვევებით აღსავსე იყო.
მართალია გული დამწყდება თბილისის და საქართველოს დატოვების გამო, მაგრამ მე ახალი სამსახურის დაწყება მომიწევს, რომელიც პოლონეთის ხელისუფლებამ შემომთავაზა. ბრიუსელში მისიის ახალი ხელმძღვანელის შერჩევის პროცესი მიმდინარეობს.
როგორ ფიქრობთ, რა გავლენა მოახდინა გალის IPRM-ის შეხვედრების შეჩერებამ ადგილზე არსებულ სიტუაციაზე, თუ ასეთი გავლენა საერთოდ იყო?
როგორც უკვე გითხარით, გალში IPRM-ის შეხვედრების შეჩერება მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა, როდესაც საქმე ჩვენი მანდატის განხორციელებას ეხება. ჩვენი მანდატის მთავარი ასპექტი ნდობის აღდგენაა და IPRM-ის შეხვედრების არარსებობამ ხელი შეუშალა ჩვენს შესაძლებლობას, რომ დავხმარებოდით ინფორმაციის გაცვლას კონფლიქტის მხარეებს შორის. საბედნიეროდ, ჩვენ განვაგრძეთ კონტაქტები ყველა მხარესთან ჩვენი ცხელი ხაზის მეშვეობით, რამაც ხელი შეუწყო იმ უამრავი საკითხის გადაწყვეტას, რომელიც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებობს.
თავის ბოლო ანგარიშში აფხაზეთის შესახებ ბრიუსელში განთავსებულმა საერთაშორისო კრიზისების ჯგუფმა განაცხადა, რომ 2012 წლის ოქტომბერში საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიანმა შეცვლამ ოპტიმიზმი გააჩინა ღია საომარი მოქმედებების რისკის შემცირების თაობაზე. იზიარებთ თუ არა ამ ოპტიმიზმს?
როგორც EUMM-ის, სადამკვირვებლო მისიის, ხელმძღვანელი, ჩემს ფუნქციებში არ შედის რაიმე პოლიტიკური განცხადებების გაკეთება. მიუხედავად პოლიტიკური ცვლილებებისა საქართველოში, EUMM განაგრძობს თავისი მანდატის განხორციელებას და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ სიტუაცია ადგილზე მშვიდი იყოს და არ ჰქონდეს ადგილი საომარი მოქმედებებს. მე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ყოველდღიური კავშირები ახლანდელ ხელისუფლებასთან ისეთივე კონსტრუქციულია, როგორც წინა ხელისუფლებასთან იყო.
როგორც შეაფასებდით EUMM-ის თანამშრომლობას საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებასთან? ისევ ძალაშია ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც საქართველომ ცალმხრივად შეზღუდა თავისი ძალების და მძიმე ტექნიკის განლაგება სეპარატისტული რეგიონების მიმდებარე ტერიტორიებზე?
ჩვენს თანამშრომლობას საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებასთან შევაფასებდი როგორც ძალიან კარგს. ჩვენი ქართველი კოლეგები ძალიან ღია და გამჭირვალეები არიან.
რა თქმა უნდა, ჩვენი ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს მთავრობასთან კვლავ ძალაშია. იმისათვის, რომ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელებას დააკვირდნენ, ჩვენი დამკვირვებლები რეგულარულად სტუმრობენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტებს და აღჭურვილობებს. რუსეთის ფედერაციის მიერ ასეთი საპასუხო შეთანხმება, რა თქმა უნდა, გააღრმავებდა გამჭირვალობას.