ევროპარლამენტის დეპუტატები საქართველოს სტუმრობენ
ევროპარლამენტის შვიდი წევრი 3–4 ივნისს თბილისში ქვეყნის ხელმძღვანელობასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.
დელეგაციის წევრები არიან ჩეხი დეპუტატი ლიბორ როუჩეკი და სლოვაკი დეპუტატი ბორის ზალა, ორივე სოციალისტ-დემოკრატთა პროგრესული ალიანსიდან ევროპის პარლამენტში (S&D); პოლონელი დეპუტატები კრჟიშტოფ ლისეკი და იან კოჟლოვსკი ევროპელ ხალხთა პარტიიდან (EPP); პოლონელი დეპუტატი რიშარდ ჩჟარნეცკი ევროპელ კონსერვატორთა და რეფორმისტთა ჯგუფიდან (ECR); ბელგიელი დეპუტატი ანემი ნეიც-უტებროკი ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსიდან ევროპისთვის (ALDE); და ავსტრიელი დეპუტატი ულრიკე ლუნაჩეკი, მწვანეები/ევროპელთა თავისუფალი ალიანსი ევროპის პარლამენტში.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ევროპარლამენტის წევრები შეხვდებიან პრემიერ–მინისტრ ივანიშვილს, პრეზიდენტ სააკაშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს, სასჯელაღსრულების მინისტრ სოზარ სუბარს, სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს, ასევე ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს. ორშაბათს დელეგაციის წევრები სამოქალაქო საზოგადოების და ასევე მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ვიზიტამდე, პოლონელმა დეპუტატმა კრჟიშტოფ ლისეკმა, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2011 წლის ნოემბერში წმინდა გიორგის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუციის მიღების ხელშეწყობის გამო, იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივანთან ვანო მერაბიშვილთან საპატიმროში შეშვება სთხოვა; თავის წერილში იუსტიციის მინისტრისადმი კრჟიშტოფ ლისეკი აცხადებს, რომ მას მერაბიშვილის ნახვა სურს, რათა „დაადგინოს ის ჰუმანიტარული პირობები, რომელშიც ის ამჟამად იმყოფება“. დეპუტატმა ლისეკმა 3 ივნისს Tweeter-ზე დაწერა, რომ მისი თხოვნა მერაბიშვილის მონახულებასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა და იგი ყოფილ პრემიერ–მინისტრს 4 ივნისს შეხვდება.
პრეზიდენტ სააკაშვილის ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ევროპის ხალხთა პარტიაში დამკვირვებლის სტატუსი აქვს. ევროპის ხალხთა პარტიის პრეზიდენტმა ვილფრედ მარტენსმა დაგმო მერაბიშვილის დაკავება, როგორც „ძალიან სერიოზული უკანდახევა ქართული დემოკრატიისთვის“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)