ნატოს და საქართველოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა
ნატოს თავდაცვის მინისტრები 5 ივნისს ბრიუსელში ნატო–საქართველოს კომისიის ფარგლებში თავის ქართველ კოლეგას ირაკლი ალასანიას შეხვდნენ, რათა რეფორმების თვალსაზრისით საქართველოს გეგმები და შემდგომი თანამშრომლობა განეხილათ.
„ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ აქტიურ მხარდაჭერას, რომელიც საქართველომ ჩვენს ოპერაციებში აღმოგვიჩინა – წარსულში და ახლანდელში“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ნატო–საქართველოს კომისიაზე თავის გახსნით სიტყვაში, „ჩვენ ძალიან ვაფასებთ ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმს და სიმამაცეს. და პატივს მივაგებთ მათ თავგანწირვას. ეს ძალისხმევა კიდევ უფრო შთამბეჭდავია თავდაცვის სფეროში მიმდინარე იმ რთული რეფორმების ფონზე, რომელსაც ამჟამად საქართველო ახორციელებს“.
მისი თქმით, ნატო თვალყურს ადევნებს საქართველოს შიდა მოვლენებს.
„ჩვენ თვალყურს ვადევნებთ საქართველოს მთავრობას, რომ მან პატივი სცეს კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს და უმცირესობების უფლებებს. და მოვუწოდებთ საქართველოს, რომ განაგრძოს ძირითადი რეფორმები და თავისუფალი და სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნები ჩაატაროს წელს მოგვიანებით“, – განაცხადა რასმუსენმა.
„და მე მოუთმენლად ველი იმ მომავალს, რომელშიც საქართველო ალიანსის წევრი იქნება. ნატოს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები ძალაში რჩება. საქართველო გახდება ნატოს წევრი იმ პირობით, თუ შეასრულებს წევრობის მოთხოვნებს“, – დასძინა მან.
ნატომ განაცხადა პრესრელიზში, რომ ალიანსის თავდაცვის მინისტრებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს იმ მზადყოფნისთვის, რომელიც ავღანეთში 2014 წლის შემდგომ მისიაში მონაწილეობასთან დაკავშირებით გამოთქვა, „რათა ავღანეთის უსაფრთხოების ძალები გაწვრთნას, კონსულტაცია და დახმარება აღმოუჩინოს“ და მიესალმნენ საქართველოს „დინამიურ ძალისხმევას და მიღწევებს ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მონაწილეობა მიიღო ასევე ნატოს თავდაცვის მინისტრების 5 ივნისის შეხვედრაში ISAF-ში მონაწილე ალიანსის არაწევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან. შეხვედრა ნატოს ორდღიანი თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა, რომლის მთავარი თემებიც ავღანეთის საერთაშორისო მისია და კიბერუსაფრთხოება იყო.
ნატოს ორდღიანი თავდაცვის მინისტერიალის შეჯამებისას რასმუსენმა განაცხადა პრესკონფერენციაზე, რომ საქართველო ნატოს „ერთგული პარტნიორია“. მან ასევე განაცხადა, რომ საქართველო ახორციელებს რეფორმებს, რომლებიც რთული და შორსგამიზნულია.
„დღეს [თავდაცვის] მინისტრებმა მადლიერება გამოხატეს ყველაფრის მიმართ, რაც საქართველომ ჩვენი საერთო მიზნების მხარდასაჭერად გააკეთა. მათ კიდევ ერთხელ გამოხატეს ნატოს შემდგომი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ მისი საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ფარგლებში. და მათ ნათლად განაცხადეს, რომ ისინი მზად არიან მხარდაჭერა და დახმარება აღმოუჩინონ საქართველოს მისი რეფორმების გზაზე“, – განაცხადა რასმუსენმა.
„ჩვენი პარტნიორობა ღირებულებებს ეფუძნება. ნატო მხარს უჭერს ადმიანის უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემას. ამრიგად, ჩვენ თვალყურს ვადევნებთ საქართველოს, რომ მან პატივის სცეს კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს და უმცირესობების უფლებებს. და მოვუწოდებთ საქართველოს, რომ განაგრძოს ძირითადი რეფორმები და თავისუფალი და სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნები ჩაატაროს წელს მოგვიანებით“, – განაცხადა რასმუსენმა.
როდესაც მას რუსი სამხედროების მიერ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ე.წ. „საზღვრის მოწყობის“ პროცესის შესახებ ჰკითხეს, მან განაცხადა, რომ მავთულხლართების გაბმა „საერთაშორისო სამართლის“ და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებების დარღვევაა.
„ღობეების აგება გადაადგილების თავისუფლებას აფერხებს, ამან შესაძლოა შემდგომი დაძაბულობები გამოიწვიოს, ეს უბრალოდ მიუღებელია“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, „მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები“.
როდესაც ნატოს გენერალურ მდივანს ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის დაკავების შესახებ ჰკითხეს, მან განაცხადა, რომ ნატო „დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალყურს ამ მოვლენებს“.
„რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ, რომ ჩავერიოთ საქართველოს სამართლებრივ საქმეებში და სასამართლო სისტემაში. საქართველოს თავდაცვის მინისტრთან დღევანდელ შეხვედრაზე მე ნათლად განვაცხადე და მინისტრებმაც ნათლად განაცხადეს, რომ ჩვენ ვუშვებთ იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება პატივს სცემს კანონის უზენაესობის ფუნდამენტურ პრინციპებს და შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს უზრუნველყოფს. ჩვენ ნათლად დავაფიქსირეთ, რომ პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებების აღქმაც კი თავიდან უნდა იქნას აცილებული და ვიმედოვნებთ, რომ საქართველო დაიცავს ამ ფუნდამენტურ პრინციპებს“, – განაცხადა რასმუსენმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)