გენშტაბის უფროსის მოადგილე ჰელმანდში ქართველ სამხედროებზე New York Times-ის სტატიას აკრიტიკებს
ქართველი ჯარისკაცები 42-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონიდან შირ გაზაის ბაზასთან პატრულირების დროს უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ, ჰელმანდის პროვინცია, ავღანეთი, 2013 წლის 10 მაისი. ფოტო: კაპრალი ალეხანდრო პენა/DVIDSA
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ New York Times-ის მიერ ჰელმანდის პროვინციაში განთავსებული ქართველი სამხედროების შესახებ ინფორმაციას „აბსოლუტური სიბრიყვე“ და „უსუსური სისულელეების ერთობლიობა“ უწოდა.
ჰელმანდის პროვინციაში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ სატვირთო მანქანის აფეთქების შედეგად შვიდი ქართველი სამხედროს დაღუპვის შესახებ სტატიაში New York Times-ი წერდა თავის შეტყობინებაში ქაბულიდან, რომ „ზოგიერთი ადგილობრივი ავღანელი უხუცესის თანახმად, ქართველი სამხედროები ადგილობრივებს არ მოწონთ, რადგანაც ისინი თვითნებურად აჩერებენ ხალხს გასაჩხრეკად, პატივისცემით არ ეპყრობიან მათ და მათი ენა არ ესმით“.
New York Times-ი იტყობინებოდა მუსა ყალას მახლობლად მდებარე ლანდი ნავას მკვიდრი ერთი უხუცესის სიტყვებზე დაყრდნობით: „ქართველები ისე გვექცევიან თითქოს ჩვენი სამხედრო ბატონები [warlords] იყვნენ, ისინი ხალხს კარგად არ ექცევიან. ზოგჯერ ისინი მგზავრებს აჩერებენ გასაჩხრეკად და ხალხი ჩივის, რომ ისინი მათ ნივთებს, ფულს, მაჯის საათებს და სხვა ღირებულ ნივთებს იპარავენ“.
„შემიძლია გითხრათ, რომ აბსოლუტური სიბრიყვეა, რაც იქ არის დაწერილი – ეს საუკეთესო პირობებში“, – განაცხადა ბრიგადის გენერალმა კაპანაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „აქცენტები“ საუბრისას პარასკევს საღამოს, „და ძალიან ცუდ პირობებში – ეს არის მიზანმიმართული, რაღაც გარკვეული კამპანიის ნაწილი და ვიღაცის შეკვეთა“.
მისი თქმით, პატრულირების და გაწმენდის ოპერაციის დროს ქართველ სამხედროებს ავღანეთის ეროვნული არმიის ან პოლიციის წარმომადგენლები ახლავს თან და ქართველ სამხედროებს არ აქვთ უფლება, რომ ადგილობრივების სახლებში შევიდნენ. გენშტაბის უფროსის მოადგილემ განაცხადა, რომ სამხედროების ავღანეთში გადასროლამდე მომზადება ასევე მოიცავს კურსებს, რომლის დროსაც ისინი ეცნობიან, თუ როგორი უნდა იყოს მათი ურთიერთობა ადგილობრივ მოსახლეობასთან, და ასევე სწავლობენ მათ წეს–ჩვეულებებს. კაპანაძემ ასევე აღნიშნა, რომ „ავღანეთის ტერიტორიაზე მოქმედებს ე.წ. ომის წარმოების წესები“, რომელსაც ქართველი სამხედროები იცავენ.
„ეს არის ის შეზღუდვები, რასაც უნდა დაემორჩილოს სამხედრო მოსამსახურე…. ყველა ქართველი ასრულებს ამას, ვინაიდან ეს არის შემადგენელი ნაწილი იმ საერთო პოლიტიკის, რასაც ჰქვია გულისა და გონებისათვის ბრძოლა ავღანეთის ტერიტორიაზე, ანუ მოსახლეობის მხარდაჭერის მოპოვება", – განაცხადა კაპანაძემ.
„ეს დაწერილი სტატია არის ბოღმის გადმონთხევა, უსუსური სისულელეების ერთობლიობა. იმ ავღანელს, ვისაც ეს ჰკითხეს, მასზე კომპეტენტური ნუთუ ვერ მოიძებნა იმ თალიბანში, რომ ცოტა უფრო სხვანაირად ეთქვა, რეალობასთან მიახლოებული რაღაც საკითხები?“ – განაცხადა კაპანაძემ იმ მამაკაცის შესახებ, რომელზე დაყრდნობითაც New York Times-ი წერდა თავის სტატიაში და რომელიც მოიხსენიება, როგორც უხუცესი ლანდი ნოვადან, „მე ის მიკვირს, რატომ დაიბეჭდა ეს სტატია“.
კითხვაზე, ფიქრობს თუ არა ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რეაგირება უნდა მოახდინოს New York Times-ის ინფორმაციაზე, მაგალითად საპასუხო სტატიის გამოქვეყნებით, კაპანაძემ უპასუხა: „მე მაგალითად გადავაყლაპებდი მთელ გაზეთს მის [სტატიის] დამწერს – რა რეაქცია უნდა მოახდინოს ხელისუფლებამ, ეს პოლიტიკური ნაწილის გადასაწყვეტია“.
იგივე სტატიაში New York Times-ი ასევე იტყობინება ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლების სიტყვებზე დაყრდნობით, რომ მათ სასარგებლოდ მიაჩნიათ ქართველი სამხედროების ყოფნა რეგიონში, რადგან ისინი გზებზე უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.
იმავე ინფორმაციის თანახმად, გენერალმა ჯოზეფ დანფორდმა, ავღანეთში ნატოს და აშშ–ის სამხედრო ძალების მეთაურმა, ქართველ ხალხს მიუსამძიმრა და ISAF-ის მისიაში საქართველოს წვლილის ქებაში „ძალ-ღონე არ დაიშურა".
„იმის მიუხედავად რომ ეს სამწუხარო მომენტია ქართველი ხალხისა და კოალიციის ძალებისთვის, ეს არ გადაგვახვევინებს ჩვენი ძალისხმევიდან, რომ სტაბილურობა და უსაფრთხოება მივუტანოთ ავღანელ ხალხს“, – განაცხადა მან, „საქართველოს მხარდაჭერა ISAF–ის მისიაში მტკიცე და კონკრეტულია. ბევრმა შეიტანა წვლილი ავღანეთში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების გაუმჯობესებაში, მაგრამ ქართველი ჯარისკაცები ყოველთვის გამოირჩეოდნენ თავიანთი სიმტკიცითა და სურვილით, რომ რთული მისიები შეასრულონ“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)