ნაციონალური მოძრაობა პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს და პრაიმერს იწყებს
ნაციონალურ მოძრაობაზე „დიდი შეტევის" მიუხედავად, პარტია ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კამპანიას იწყებს და კანდიდატის შესარჩევად პრაიმერს ჩაატარებს, განაცხადა პრეზიდენტ სააკაშვილის პარტიამ 28 ივნისს.
მანამდე, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა ასევე განაცხადეს, რომ ისინი პარლამენტის სხდომებს ბოიკოტს უცხადებენ თბილისის მერიის ოთხი თანამშრომლის დაკავების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად.
„ბუნებრივია ასეთ პირობებში შეუძლებელია ჩვეულებრივი რუტინული საპარლამენტო საქმიანობის წარმართვა“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა.
ბეჟაშვილმა, რომელმაც ეს განცხადება ქუთაისში პარლამენტის შენობაში გააკეთა, რომლის გვერდით ნაციონალური მოძრაობის სხვა დეპუტატებიც იდგნენ, აღნიშნა, რომ „ჩვენ გადავდივართ პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში. საპარლამენტო ფრაქცია ტოვებს პარლამენტის სხდომას და მთელი შემადგენლობით მიდის თბილისში, რათა თბილისში გავაგრძელოთ ჩვენი სიმართლისთვის და კანონიერებისთვის ბრძოლა“.
ასევე 28 ივნისს ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ პრაიმერის გზით საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევის პროცესს იწყებს.
ის კანდიდატები, რომლებიც პრაიმერში მიიღებენ მონაწილეობას, შაბათს დასახელდებიან, განაცხადა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ.
„გუშინ განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მიმდინარეობს დიდი შეტევა საქართველოში პოლიტიკური ოპოზიციის განადგურებისათვის“, – განაცხადა ვაშაძემ თბილისში პარტიის განცხადების წაკითხვისას, „მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ გადავწყვიტეთ, დევნისა და შევიწროების, დაპატიმრებების ფონზე მაინც არ შევცვალოთ პრაიმერის ჩატარების გეგმა. ხელისუფლების ზრახვების განხორციელება და შესაბამისად, ოპოზიციის არარსებობა კატასტროფა იქნება ქვეყნისთვის და ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიცია, 30 ივლისს ვიწყებთ პრაიმერს ქუთაისიდან“.
პრაიმერის ჩატარების გეგმა ითვალისწინებს „რეგიონალური კონფერენციების“ ჩატარებას, რომლის დროსაც კანდიდატები დებატებს გამართავენ ადგილობრივი და ეროვნული მნიშვნელობის პოლიტიკურ საკითხებზე.
ქვეყნის სხვადასხვა ადგილებში სულ ექვსი ასეთი კონფერენცია გაიმართება; ბოლო ასეთი კონფერენცია თბილისშია დაგეგმილი 28 ივლისს.
კენჭისყრა თითოეული ამ რეგიონალური კონფერენციის შემდეგ გაიმართება. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თითოეული რაიონული ორგანიზაცია ირჩევს 25 დელეგატს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ კენჭისყრაში. ამას გარდა, კენჭისყრაში მონაწილეობას ასევე შეძლებენ ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებიც შესაბამის რაიონებში არიან არჩეული. თბილისის კონფერენციაზე (დედაქალაქში ნაციონალურ მოძრაობას მაჟორიტარი დეპუტატები არ ჰყავს, რადგანაც მათ ათივე ოლქში წააგეს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები), კენჭისყრაში მონაწილეობას პარტიული სიით არჩეული დეპუტატები მიიღებენ.
პარალელურად, ასევე გაიმართება კენჭისყრა ინტერნეტის მეშვეობით, რომლის დროსაც ნაციონალური მოძრაობის წევრობა არ არის სავალდებულო კენჭისყრაში მონაწილეობისთვის.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)