ფანჯიკიძე პარიზში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე 1 ივლისს პარიზში თავის ფრანგ კოლეგას ლორან ფაბიუსს შეხვდა. 

შეხვედრაზე მინისტრებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების ფართო სპექტრი  მიმოიხილეს, მათ შორის რეგიონალური პოლიტიკის საკითხები, საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი, განაცხადა საქართველოს საგარეო უწყებამ.

ფანჯიკიძემ შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ საფრანგეთი „სრულად უჭერს მხარს“ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტისთვის, რომელიც ნოემბრის ბოლოს არის დაგეგმილი.

„შეხვედრაზე მინისტრები ასევე შეეხნენ პრობლემატიურ საკითხებსაც, რაც საფრანგეთში ქართული კრიმინალური დაჯგუფებების საქმიანობას  უკავშირდება“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)