ირანული ბიზნეს ფორუმი საქართველოში
52 ირანული კომპანიის 90–ზე მეტი წარმომადგენელი ჩამოვიდა საქართველოში ქვეყნის ბიზნეს და საინვესტიციო შესაძლებლობების გასაცნობად.
ვიზიტის პირველ დღეს თბილისის საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით „ირანსა და საქართველოს შორის ეკონომიკური და სამრეწველო თანამშრომლობის პირველი კონფერენცია და გამოფენა“, სადაც ირანელ ბიზნესმენებს თბილისში მყოფმა ირანელმა დიპლომატებმა ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოში არსებული ეკონომიკური და ბიზნეს გარემოს შესახებ.
ვიზიტის დროს ირანელი ბიზნესმენების ჯგუფი ასევე გეგმავს ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში სტუმრობას.
დელეგაციის შემადგებლობაში შედიან ბიზნესის ფართო სპექტრის წარმომადგენლები მათ შორის საბანკო, სავაჭრო, კვების წარმოების, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ფარმაცეფტული, სამშენებლო, სამრეწველო და სოფლის მეურნეობის სფეროებით.
დელეგაციის შემადგებლობაში შედიან სამი ბანკის Bank Saderat Iran, Tejarat Bank და Sina Bank–ის აღმასრულებელი დირექტორები და საბჭოს წევრები.
ფორუმში ასევე მონაწილეობენ შემდეგი კომპანიების წარმომადგენლები: კონსერვირებული საკვები პროდუქტების მწარმოებელი კომპანია Aftab Derakhshan Fars Co.; შაქრის მწარმოებელი Agro Industrial Jovin; ხილისა და თხილის ექსპორტიორი Jozef; რავანსარის საქონლის, ფრინველის, თევზეულის საკვები პროდუქციის მწარმოებელი; ტექნიკური და საინჟინრო მომსახურების მომწოდებელი კომპანია Arme Tarh Espidan; წყალგამძლე მემბრანების მწარმოებელი Bamgostaran Co.; საბურავების მწარმოებელი Barez Industrial Group; ფოლადის პროდუქციით მოვაჭრე Bonyan Steel; ფოლადის ექსპორტიორი Sepahan Industrial Steel Co.; სამრეწველო ქარხანა Arman Crusher; სამრეწველო ლაბორატორიული აღჭურვილობის მწარმოებელი Bon Afzar; პოლიმერული მასალების მწარმოებელი Chimiaran Co.; ქიმიური პროდუქციის (კოსმეტიკური და ჰიგიენური საშუალებების, ვაზელინი და თხევადი პარაფინის) მწარმოებელი კომპანია Ehsan Chemi; Goldaru Pharmaceutical; Golrang Pharmaceutical Investment Group; Iran Hormone Pharmaceutical; მცენარეული წამლების მწარმოებელი Zardband Pharmaceutical Co.; ძაფის მწარმოებელი Iran Boress; ირანის ენერგო ინდუსტრიისთვის ტექნიკური საინჟინრო მომსახურების მიმწოდებელი Iran Powerplant Repairs Co.; ენერგოტრანსფორმატორების მწარმოებელი Iran Transfo; საინჟინრო და ტექნიკური მომსახურების კომპანია Nima Consulting Engineering; ინფრასტრუქტურული და სამრეწველო პროექტების მართვის სერვისის მომწოდებელი Jahanpars Engineering & Construction Co.; ფოლადის მილების მწარმოებელი Pipe&Profile Jouybar Luleh Co.; საღებავების მწარმოებელი კომპანიები Sahar Paint და Khodrang Polymer&Reef Iran Chemical Complex; ელექტრომრიცხველების მწარმოებელი Kontorsazi Iran; პოლიპროპილენის ტომრების და სასუქების მწარმოებელი Koud Golfam Shomal; განათების სისტემების მიმწოდებლები Shab Forouz Lighting Industries და Lighting Trading Co. Ltd; ბიტუმის მომწოდებელი Matin Kimia Sepahan; რეზინის და პლასტმასის მწარმოებელი Mouj Andisheh Novin Baspar; შამპუნის მწარმოებელი Negin Behdasht Aryan Co.; სამედიცინო მოწყობილობების მწარმოებელი Osveh Asia Medical Instuments Co.; ლაბორატორიული ინსტრუმენტების კომპანია Pak Fan Co.; ორთოპედიული ინპლანტის მომწოდებელი კომპანია PTHI Co.; მილების მწარმოებელი Rahvard Khorasan Co.; სამზარეულოს მოწყობილობების მწარმოებლები Padisan და Rubino Kitchen Appliances; სამშენებლო კომპანიები Sahand Ab Azarbaijan Consortium (Saaco), Tarh-e Eslim Gostar და Simin Sepehan; ლაზერული კარტრიჯის მწარმოებელი Sakht System; კომპიუტერული მომსახურების მიმწოდებელი Sarv Rayaneh; IT და ელექტრონული უსაფრთხოების სისტემების პროვაიდერი Tolue Co.; სართავი მანქანების მწარმოებელი Shoka Iranian Knowledge Based Cooperative; პლასტმასის მილების მწარმოებელი Vino Plastic; Taksa Trade Development Group; Rise Company; Panam Pushan Polymer; Yalda Trading Co. და საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ჩამდინარე წყლების მართვის კომპანია Zolal Iran.
2 ივლისს გამართულ კონფერენციას საქართველოს ოფიციალური პირებიდან მხოლოდ ორი დეპუტატი ესწრებოდა გოგი თოფაძე და ზურაბ ტყემალაძე, ორივე მრეწველთა პარტიიდან, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობაში შედის. ღონისძიებაზე ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებიც იყვნენ მიწვეულნი.
ღონისძიების ორგანიზება ირანის საელჩოსთან თანამშრომლობით განახორციელა ირანულმა ENN Complex-მა, რომელიც „მენეჯერებს კონსულტაციებს და ტრეინინგ მომსახურებას უწევს“ და ასევე ფორუმების ორგანიზებას ახორციელებს საზღვარგარეთ ირანული ბიზნების წარმოჩენის მიზნით.
„შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ყველანაირი პირობა არსებობს, რომ უცხოურმა კომპანიებმა დაიწყონ ეკონომიკური აქტივობები, განსაკუთრებით ირანულმა კომპანიებმა“, – განაცხადა ირანის ელჩმა საქართველოში აბას თალებიფარმა. „ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ირანული ბიზნესისათვის საქართველოში არის შესაფერისი ნიადაგი, არის ყველანაირი პირობა იმისათვის, რომ ირანელმა ბიზნესმენებმა განახორციელონ თავიანთი ეკონომიკური აქტივობა და ძალიან დიდი ინტერესია ქართული კერძო სექტორის მხრიდანაც, რომ გაღრმავდეს ირანთან ურთიერთობა“.
„ჩვენ შორის არსებული ისტორიული ურთიერთობიდან გამომდინარე ჩვენ ვფიქრობთ, რომ არანაირი საფრთხე არ ემუქრება ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობას, ირანელები ყოველთვის პატივს სცემდნენ საქართველოს ფასეულობას და ყოველთვის ცდილობდნენ თავიანთი საქმიანობა სწორედ ამ ქართული ტრადიციების, ამ ქართული ფასეულობების ფარგლებში განახორციელონ“, – განაცხადა ირანის ელჩმა.
მისმა მოადგილემ უფრო დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ბიზნესმენებს საქართველოს ეკონომიკის, საგადასახადო სისტემის და მინიმალური ბიუროკრატიული პროცედურების შესახებ.
თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ რამდენიმე მსხვილი ქართული ბანკი, რომელთა შორისაც მან საქართველოს ბანკი, თი–ბი–სი ბანკი და ლიბერთი ბანკი დაასახელა, მკაცრ კონტროლს და რეგულაციებს იყენებენ იმ ირანელი მოქალაქეების მიმართ, რომელთაც საბანკო ანგარიშების გახსნა სურთ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა 21 ივნისს, რომ საქართველოს ხელისუფლება ყურადღებით აკონტროლებს ირანელების ბიზნეს საქმიანობას საქართველოში და ირანის წინააღმდეგ დაწესებულო სანქციების შესრულებაზე „მკაცრი კონტროლი“ აქვს დაწესებული.
წულუკიანმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ირანელი ფიზიკური და იურიდიული პირების დაახლოებით 150 საბანკო ანგარიში გაყინა.
მან ეს განცხადება Wall Street Journal–ის ვრცელი სტატიის საპასუხოდ გააკეთა. სტატია ბოლო დროს ირანელების მხრიდან საქართველოში ბიზნეს საქმიანობისადმი ინტერესის ზრდაზე მოგვითხობს და მასში მოცემულია რამოდენიმე დეტალური ინფორმაცია ეროვნებით ირანელი სამი პირის მიერ განხორციელებული ინვესტიციების შესახებ, მათ შორის ავიაკომპანია FlyGeorgia–სა და სს „ინვესტბანკში“. სტატიის თანახმად, საქართველოში ირანთან დაკავშირებული ბიზნესის დიდი ნაწილი არ ეწინააღმდეგება ირანზე დაწესებულ სანქციებს, მაგრამ აშშ–ს და ევროპის ოფიციალური პირები ეჭვობენ, რომ ამ ფინანსურ ნაკადში ასევე შესაძლოა სანქციებთან წინააღმდეგობაში მყოფი ტრანზაქციებიც მოხვდეს.
Wall Street Journal–ის სტატიის თანახმად, ირანის მხრიდან საქართველოში მზარდმა ბიზნეს საქმიანობამ “ობამას ადმინისტრაცია შეაკრთო, რადგან საქართველოსა და აშშ-ს შორის ღრმა ურთიერთობები არსებობს… მაგრამ ირანთან მიმართებით, საქართველო, რომელმაც ცოტა ხნის წინ ისეთი პრემიერ–მინისტრი აირჩია, რომელსაც ნაკლებად პროამერიკული პოზიცია უკავია, ვიდრე ბატონ სააკაშვილს, ცდილობს [აშშ-გან] დამოუკიდებელი პოლიტიკა ქონდეს.“
სტატიის ამ ნაწილთან მიმართებაში, აშშ-ის საელჩომ აღნიშნა თავის განცხადებაში 21 ივნისს: „ამ სტატიაში მოცემული გარკვეული განცხადების საპირისპიროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ძლიერი ურთიერთობების მიმართ საქართველოს მთავრობის ინტერესი არ განელებულა, ისევე როგორც საქართველოს ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის უწყვეტი ძლიერი სურვილი.“
„აშშ–ის წუხილები ირანის მიერ სანქციებისთვის თავის არიდებასთან დაკავშირებით ბოლო წლებში გაიზარდა და [ეს შეშფოთება] სათავეს იღებს ჯერ კიდევ იმ დროიდან, სანამ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა მოვიდოდა ხელისუფლებაში“, – განაცხადა აშშ–ის საელჩომ თბილისში.
2 ივლისს ცნობილი გახდა, რომ საქართველომ 1 ივლისიდან ცალმხრივად გააუქმა უვიზო რეჟიმი ირანის მოქალაქეებისთვის.
საქართველომ და ირანმა შეთანხმებას 45–დღიანი უვიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე 2010 წლის ნოემბერში მოაწერეს ხელი საქართველოში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის დროს. შეთანხმება ძალაში 2011 წლის იანვრის ბოლოს შევიდა, რამაც ხელი შეუწყო ირანიდან საქართველოში ვიზიტორების რაოდენობის ზრდას – თუ 2010 წელს ვიზიტების რაოდენობა დაახლოებით 21 300 იყო, 2012 წელს ამ მაჩვენებელმა 89 600-ს გადააჭარბა.
ორმხრივი ვაჭრობა საქართველოს და ირანს შორის „საქსტატის“ მონაცემებით 2010 წელს არსებული 70 მილიონი აშშ დოლარიდან 118.4 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა 2012 წელს.
„საქსტატის“ მონაცემებით, ირანიდან პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 2012 წელს მხოლოდ 404 700 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 2010 წელს ეს მაჩვენებელი 1 მილიონ აშშ დოლარს ოდნავ აღემატებოდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)