ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის კომიტეტი ‘შეშფოთებას’ გამოთქვამს

ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის კომიტეტის პრეზიდენტმა კომიტეტის სახელით „ღრმა შეშფოთება“ გამოხატა ადგილობრივი არჩევითი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის წინააღმდეგ განხორციელებული სამართლებრივი პროცედურების და „იმ ფორმის“ გამო, რომლითაც ეს განხორციელდა.  

„ადგილობრივ დონეზე არჩეული ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ განხორციელებული სამართალწარმოება ჩვენი კომიტეტისთვის ღრმა შეშფოთების მიზეზს წარმოადგენს“, – აღნიშნა კომიტეტის პრეზიდენტმა ლარს მოლინმა (შვედი, ევროპის სახალხო პარტიიდან) 4 ივლისის განცხადებაში, „ამ საქმეების რაოდენობა, მათი წარმოების ფორმა, მრავალჯერადი დაბარებები [დაკითხვაზე] ადგილობრივი ხელისუფლების ნორმალურ ფუნქციონირებას აფერხებს.  ვინაიდან, სასამართლოებს გადაწყვეტილება ამ თემაზე ჯერ არ მიუღიათ, კომიტეტის წევრები მოუწოდებენ მთავრობას, პატივი სცეს ადგილობრივი პოლიტიკოსების უფლებებს“.

კომიტეტმა, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის შესრულებას მონიტორინგს უწევს, 3 ივლისს თბილისში შეხვედრა გამართა.

ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის ფაქტების დამდგენი მისია საქართველოს თებერვლის ბოლოს სტუმრობდა. 19 მარტს სტრასბურგში გამართულ სხდომაზე, კონგრესმა განაცხადა, რომ გავრცელებულმა ინფორმაციამ იმის თაობაზე, რომ საკრებულოების წევრებზე ზეწოლა ხორციელდება, რათა მათ დატოვონ საკუთარი პოსტები ან შეიცვალონ პარტიული კუთვნილება, „ადგილობრივი დემოკრატია საფრთხის წინაშე დააყენა“.

„ეს მიუთითებს მცდარ აღქმაზე (როგორც საზოგადოების, ისე პოლიტიკოსების მხრიდან), რომ ადგილობრივი ხელისუფლება პირდაპირაა დამოკიდებული სახელმწიფო პოლიტიკაზე, რაც ქმნის მოლოდინს, რომ ცვლილებები ცენტრალურ ხელისუფლებაში დაუყონებლივ უნდა აისახოს ადგილობრივ ხელისუფლებაზეც, მიუხედავად იმ მანდატებისა, რომლებიც დემოკრატიული ადგილობრივი არჩევნების შედეგად იქნა მოპოვებული“, – განაცხადა კონგრესმა და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას „უზრუნველყოს ადგილობრივი ხელისუფლების და დემოკრატიულად არჩეული წარმომადგენლების ავტონომიურობა  და დამოუკიდებლობა ისე, რომ ეროვნული არჩევნების შედეგებმა არ იქონიოს გავლენა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების სტრუქტურაზე“.

კონგრესის მომხსენებლებმა ასევე აღნიშნეს, რომ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა მკაფიო პოლიტიკურ ნებას გამოხატავს, რომ განხორციელდეს ადგილობრივი ხელისუფლების ავტონომიის გაზრდისკენ მიმართული მნიშვნელოვანი რეფორმა.     

მონიტორინგის კომიტეტის თანახმად, რომელმაც 3 ივლისს თბილისში შეხვედრა გამართა, საქართველოს ხელისუფლებამ მომდევნო თვეებში იმ რეფორმის მასშტაბი უნდა განსაზღვროს, რომლის განხორციელებასაც ის აპირებს ადგილობრივ თვითმმართველობასთან მიმართებაში. კომიტეტის პრეზიდენტმა ლარს მოლინმა განაცხადა, რომ კონგრესი მზად არის საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგისთვის იმ რეკომენდაციების განხორციელებაზე, რომელიც კონგრესმა 2013 წლის მარტში შეიმუშავა.

„ხელისუფლებამ ამ მხრივ თანამშრომლობაზე მზადყოფნა გამოთქვა, რაც დადებითი ნიშანია”,– განაცხადა მონიტორინგის კომიტეტის პრეზიდენტმა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)