ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი პრეზიდენტად იყრის კენჭს

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში იყაროს კენჭი.

12 ივლისს მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი ვარაუდით, პრეზიდენტი არჩევნების პირველივე ტურში, რასაც ამომრჩეველთა ნახევარზე მეტის მხარდაჭერა სჭირდება, ვერ იქნება არჩეული და მეორე ტურის გამართვა გახდება საჭირო. 

„ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ  ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანი ღირებულება, როგორიცაა ქრისტიანული დემოკრატია, აღმოჩნდება ერთ-ერთი მთავარი მოტივატორი ჩემს გუნდთან და ჩემს კანდიდატურასთან ერთად, რათა ქართველი ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელი იყოს წარმოდგენილი არჩევნების მეორე ტურში“, – განაცხადა თარგამაძემ.

მისი ლიდერობით 2008 წელს შექმნილი ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, რომელიც საპარლამენტო უმცირესობის წამყვანი ძალა იყო წინა მოწვევის პარლამენტში, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარლამენტს მიღმა დარჩა მიღებული ხმების 2.04%-ით.

საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი კოალიციის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი იქნება, რომელმაც განაცხადა, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვასთან ერთად განათლების მინისტრისა და ვიცე-პრემიერის პოსტებს დატოვებს.

ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატი თვის ბოლოს გამოვლინდება პრაიმერის გზით, რომელშიც ამ ეტაპზე საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე ლიდერობს.

არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა ასევე პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და „დემოკრატიული მოძრობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

თუმცა ამ ეტაპზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კანდიდატად დარეგისტრირების თაობაზე ოფიციალური განაცხადი 7 კანდიდატს აქვს წარდგენილი, მათ შორის ლეიბორისტული პარტიის სახელით მის ლიდერს შალვა ნათელაშვილს და ამავე პარტიის ყოფილ წევრს ნესტან კირთაძეს, რომელსაც დამოუკიდებელი კანდიდატის რანგში სურს პრეზიდენტად კენჭისყრა. დანარჩენი ხუთი კანდიდატობის მსურველი საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ადამიანები არიან, რომლებიც ასევე საინიციატივო ჯგუფებმა წარადგინეს.

საპრეზიდენტო კანდიდატობის მსურველებისთვის განაცხადების ოფიციალურად წარდგენის ვადა 7 სექტემბერს იწურება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)