ცესკო-ს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადადგა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი 12 აგვისტოს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე 11 კვირით ადრე, თანამდებობიდან გადადგა.
ხარატიშვილს, რომელიც ცესკოს თავმჯდომარედ ხუთწლიანი ვადით წინა პარლამენტმა 2010 წლის იანვარში აირჩია, საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზებზე ჯერ არ უსაუბრია.
ცესკოს პრესსპიკერმა ეკა აზარაშვილმა განაცხადა: „როგორც ჩემთვის ცნობილია, 15 აგვისტოს ბატონი ზურაბი თავად აპირებს რომ გააკეთოს განცხადება. ის ასევე გააკეთებს განმარტებებს, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება“.
კანონის თანახმად, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ცესკოს თავმჯდომარის გადადგომიდან 15 დღის ვადაში უნდა შეარჩიოს და წარადგინოს სამი კანდიდატი ცესკოს თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე სამოქლაქო სექტორთან კონსულტაციების შემდეგ.
საარჩევნო კოდექსის თანახმად, "ცესკოს თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაწყვეტილებას კანდიდატურების წარდგენიდან 5 დღის ვადაში იღებენ ცესკოში პარტიების მიერ დანიშნული წევრები, გარდა წინა საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე პარტიის მიერ დანიშნული წევრისა".
13–წევრიანი ცესკოს შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე; პრეზიდენტის მიერ შერჩეული და პარლამენტის მიერ დამტკიცებული ხუთი სერტიფიცირებული წევრი (ცესკოს ხუთივე ამჟამინდელი სერტიფიცირებული წევრი წინა პარლამენტმა დაამტკიცა) და იმ პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული შვიდი წევრი, რომელთაც გასული წლის საპარლამენტო არჩევნებზე საუკეთესო შედეგები აჩვენეს.
პოლიტიკური პარტიებისთვის გამოყოფილი შვიდი ადგილის გადანაწილება 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა განსაზღვრა. ამრიგად, ექვსი ადგილი კოალიცია ქართულ ოცნებაში შემავალი ექვსი პარტიის წარმომადგენლებს გამოეყოთ, ხოლო ერთი ადგილი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს ერგო.
საარჩევნო კოდექსის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარის არჩევა ხდება „ცესკოში პარტიების მიერ დანიშნული წევრების, მაგრამ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება არ აქვს "წინა საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე პარტიის მიერ დანიშნულ" წევრს.
ეს დებულება კოდექსში 2009 წლის დეკემბერში შევიდა და იმ დროს არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე იყო მორგებული, როდესაც ნაციონალური მოძრაობა მმართველი პარტია იყო; ეს ცვლილება მაშინდელი ოპოზიციური პარტიების მიმართ კომპრომისად განიხილებოდა და მიზნად ისახავდა ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნული ცესკოს წევრის გამორიცხვას კომისიის ახალი თავმჯდომარის არჩევის პროცესიდან. ამჟამად, არა „პარტიას“, როგორც ეს საარჩევნო კოდექსშია მითითებული, არამედ ექვსი პარტიისგან შემდგარ საარჩევნო ბლოკს აქვს საუკეთესო შედეგები ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე. ერთადერთი ცალკე აღებული პარტია, და არა საარჩევნო ბლოკი, რომელმაც საუკეთესო შედეგი აჩვენა ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე, ნაციონალური მოძრაობაა, ამიტომ შესაძლოა ამ პარტიის წარმომადგენელმა ვერ მიიღოს კენჭისყრაში მონაწილეობა.
კანონის თანახმად, პარტიების მიერ დანიშნული ცესკოს წევრების სულ ცოტა ოთხი ხმაა საჭირო იმისათვის, რომ კანდიდატმა თავმჯდომარის პოსტი დაიკავოს; წინააღმდეგ შემთხვევაში, პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს, რომელმაც პრეზიდენტის მიერ შერჩეული სამი კანდიდატიდან ერთი უნდა აირჩიოს. სწორედ ამგვარი სცენარი განვითარდა 2010 წლის იანვარში, როდესაც ცესკოს იმ წევრებმა, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის მიერ არ იყვნენ დანიშნული, ვერ შეძლეს კომისიის ახალი თავმჯდომარის არჩევა, რის შედეგადაც პარლამენტმა ხარატიშვილი აირჩია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)