ეკონომიკის მინისტრმა ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატთან შეხვედრა გააუქმა

ეკონომიკის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ გააუქმა შეხვედრა ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატთან დავით ბაქრაძესთან, რომელმაც თვის დასაწყისში შესთავაზა მას ამგვარი შეხვედრის გამართვა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის განსახილველად.

კვირიკაშვილმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ 14 აგვისტოს ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულმა განცხადებამ დაარწმუნა იმაში, რომ ბაქრაძესთან შეთავაზებული შეხვედრა ნაციონალური მოძრაობის მიერ განიხილებოდა როგორც „წინასაარჩევნო პიარის ნაწილი და არა რეალური სურვილი დიალოგისა“.

ეკონომიკის მინისტრს მხედველობაში ჰქონდა ნაციონალური მოძრაობის განცხადება, რომელიც დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ გაახმოვანა და რომელშიც პრეზიდენტ სააკაშვილის პარტია „ეკონომიკაში შექმნილ მძიმე ვითარებაზე“ აფრთხილებდა კვლავაც მთავრობას.

„მიუხედავად იმისა, რომ  ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ეკონომიკაში შექმნილ მძიმე ვითარებაზე შეხვედრისთვის მზაობა სიტყვიერად გამოთქვა, ერთი კვირაა შეხვედრას უშედეგოდ ველით.  როგორც ჩანს, მინისტრს ეკონომიკასა და უმუშევრობის დაძლევაზე სასაუბრო უფრო მნიშვნელოვანი საქმეები გამოუჩნდა“, – განაცხადა ვაშაძემ.

ეკონომიკის მინისტრმა საპასუხოდ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მაშინ როცა ვაშაძემ ეს განცხადება გააკეთა, მას უკვე ჰქონდა სიტყვიერი შეთანხმება დავით ბაქრაძესთან შეხვედრის 15 აგვისტოს დღის პირველ საათზე გამართვის თაობაზე, თუმცა მან ეს მას შემდეგ გადაიფიქრა, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ წაუყენა ბრალდება, რომ მინისტრი თავს იკავებდა შეხვედრისაგან.

„ახლა მინდა გასაგებად განვაცხადო: მიუხედავად იმისა, რომ დავით ბაქრაძე გახლავთ ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე და ერთ-ერთი ლიდერი "ნაციონალური მოძრაობისა“, იმ პოლიტიკური ძალისა, რომლის ხელმძღვანელობითაც წლების განმავლობაში ხდებოდა ქვეყნის ეკონომიკის არასწორი მიმართულებით წაყვანა, ბიზნესმენების ტერორი, კანონიერი ქონების წართმევა; იგი გახლდათ თავმჯდომარე იმ პარლამენტის, რომელმაც ერთსულოვნად დაუჭირა მხარი სპეციალურად შექმნილ კანონს ერთი კონკრეტული ბანკის [ქართუ ბანკის] გასანადგურებლად, რომელშიც მე წლების განმავლობაში გენერალურ დირექტორად ვმუშაობდი. ბაქრაძე იყო ლიდერი იმ ძალისა, რომელიც გაზრდილი საგარეო ვალის ხარჯზე ქმნიდა ეკონომიკის არარეალური ზრდის ილუზიას და ახლა გაუჩნდათ სურვილი, რომ გვასწავლონ, თუ რა ეკონომიკური პოლიტიკით უნდა განვითარდეს ქვეყანა, იმ ფონზე, როდესაც ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გაუმკლავდეს ამ უმძიმეს მემკვიდრეობას და მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ქვეყანაში რეალურად თავისუფალი ბიზნესის განვითარებას, მე მაინც ჩავთვალე, რომ ვინაიდან  ვარ ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი, არავითარ შემთხვევაში უარი არ უნდა მეთქვა ამ შეხვედრაზე. თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ ვაცნობიერებდი, ამ შეხვედრის დადებითი შედეგის ალბათობა თითქმის ნულის ტოლი რომ იყო“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

„ვაშაძის განცხადებამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ "ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ეს შეხვედრა განიხილებოდა მხოლოდ და მხოლოდ როგორც წინასაარჩევნო პიარის ნაწილი და არა რეალური სურვილი დიალოგისა“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა და დასძინა, რომ მთელ პასუხისმგებლობას შეხვედრის ჩაშლაზე ნაციონალურ მოძრაობას აკისრებს.

„ძალიან ვწუხვარ, რომ პირადი წყენისა და გაბუტვის საბაბით დღეს ეკონომიკის მინისტრმა უარი თქვა საქმიან შეხვედრაზე“, – განაცხადა ბაქრაძემ 14 აგვისტოს, „მე ძალიან ვწუხვარ, რომ ეს შეთავაზება  – აბსოლუტურად საქმიანი, არაპოლიტიკური, კონკრეტული  წინადადებების განსახილველი შეთავაზება ბატონი კვირიკაშვილისთვის აღმოჩნდა მიუღებელი“.

ნაციონალურმა მოძრაობამ წარადგინა წინადადებები, რომლებიც პარტიის თქმით, ეკონომიკის სტიმულირებას დაეხმარება; ამ წინადადებებს შორის არის: ეკონომიკის საკითხებზე რეგულარულ საფუძველზე  კონსულტაციების წარმოება, რათა ბიზნესს გაუჩნდეს სტაბილურობის განცდა; პარლამენტსა და მთავრობას შორის მეტი კოორდინაცია ეკონომიკასთან დაკავშირებული ახალი ინიციატივების შემუშავების პროცესში; მთავრობის მხრიდან ახალი რეგულაციების შემოღებაზე მკაცრი ეკონომიკური ფილტრის დაწესება, რაც გულისხმობს სპეციალური სტრუქტურის მიერ ყველა ახალი საკანონმდებლო ინიციატივის შეფასებას ეკონომიკაზე ზეგავლენის მოხდენის კუთხით; საგადასახადო ამნისტია; არაგეგმიური საგადასახადო შემოწმების მხოლოდ სასამართლოს თანხმობით ჩატარება; საწარმოებისთვის გადასახადების წინასწარი გადახდის იძულების სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადება და კანონით აკრძალვა.

„მე შევთავაზე მას შეხვედრა არა იმიტომ, რომ მე მიხარია ან მსიამოვნებს ბატონი კვირიკაშვილის ნახვა, არამედ იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში დღეს ადამიანებს აწუხებთ პრობლემები და საჭიროა ამ პრობლემების მოგვარება… განსხვავებით ბატონ კვირიკაშვილისგან, მე ყოველდღე დავდივარ საქართველოს რეგიონებში და ვხვდები ადამიანებს, განსხვავებით ბატონ კვირიკაშვილისგან, მე  ვხედავ, რომ დღეს ადამიანების დიდი ნაწილი ცხოვრობს ან ისე ან უფრო უარესად, ვიდრე ეს იყო ერთი წლის წინ და განსხვავებით ბატონ კვირიკაშვილისგან, მე მაწუხებს ამ ადამიანების ბედი და მსურს, რომ ამ ადამიანებმა იცხოვრონ უკეთესად“, – განაცხადა ბაქრაძემ 14 აგვისტოს.

საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატა, რომელიც ასზე მეტ მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნეს ორგანიზაციას აერთიანებს, 13 აგვისტოს ეკონომიკასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში მიესალმა კვირიკაშვილისა და ბაქრაძის იმ დროისთვის მოსალოდნელ შეხვედრას.

„2013 წელს ეკონომიკა შენელდა დაძაბული პოლიტიკური გარემოს და ზოგიერთი უადგილო საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, რამაც დააფრთხო კომპანიები და შედეგად ჩამოაყალიბა გაურკვეველი ბიზნეს გარემო“, – ნათქვამია საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის განცხადებაში.

„მიუხედავად ამისა, ბოლო დროს ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ გაჟღერებული განცხადებები, რომ ეკონომიკური სიტუაცია საშინელ მდგომარეობაში იმყოფება, წარმოადგენს უსაფუძვლო და დეზინფორმაციულ განცხადებას. ასეთი მწვავე განცხადებები აშინებს ინვესტორებს და ძირს უთხრის ქართული ბიზნესის წარმომადგენლების ნდობას მომავალში საკუთარი ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

„უარყოფითი რიტორიკა გამანადგურებელია, ზიანს აყენებს ეკონომიკას და ერთნაირად უარყოფით გავლენას ახდენს ყველა ქართველზე, მიუხედავად მათი პოლიტიკური მიდრეკილებისა. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვუწოდებთ როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას, რომ ღიად და კონსტრუქციულად განიხილონ ყველა ეკონომიკური გამოწვევები დახურულ კარს მიღმა ქვეყნის ინტერესების სასიკეთოდ“, – განაცხადა საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატამ.

მან ასევე მოუწოდა მთავრობასა და პარლამენტს, რომ ქვეყნის ძირითად ბიზნეს კომპანიებთან წინასწარი კონსულტაციების გარეშე თავი შეიკავონ ბიზნესზე გავლენის მომხდენი კანონების მიღებისგან.
„ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ პროგნოზირებადი ბიზნეს გარემოს მეშვეობით 2014 წელს ეკონომიკა მნიშვნელოვნად გაიზრდება. ჩვენ ასევე მოხარული ვართ, რომ რამოდენიმე უმთავრესმა საერთაშორისო ჯგუფმა გამოხატა მნიშვნელოვანი დაინტერესება საქართველოში გარკვეული დიდი ინვესტიციების განხორციელების კუთხით. ICC, რომელიც მოიცავს ასზე მეტ ძირითად კომპანიას და ბიზნეს ასოციაციას აბსოლუტურ ნდობას უცხადებს საქართველოს ეკონომიკას და ქვეყნის მომავალს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ბიზნეს კომპანიების საქმიანობის გაფართოებას და მოვუწოდებთ უცხოელ ინვესტორებს მშვიდად და თვითდაჯერებულად განახორციელონ ინვესტირება საქართველოში“, – ნათქვამია განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)