სააკაშვილი მინარეთის დემონტაჟზე კომენტარს აკეთებს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაგმო ხელისუფლების მიერ მინარეთის დემონტაჟი ადიგენის რაიონის სოფელ ჭელას მეჩეთიდან, როგორც „უკანონობა, რომელიც ჩადენილი იქნა ქართველი მუსლიმების მიმართ“, რამაც მისი თქმით, ასევე „აღაშფოთა ბევრი ქართველი მართლმადიდებელი“.

ბათუმში მეჩეთის წინ მისულმა სააკაშვილმა განაცხადა: „მე ვფიქრობ, ის რაც მოხდა ადიგენში, ეს არის სრულიად წინასწარ განზრახული, ძალიან ცუდი შინაარსის მქონე პროვოკაცია, რომელიც საბოლოო ჯამში აპირისპირებს ქართველს ქართველთან, აპირისპირებს საქართველოს სხვადასხვა აღმსარებლობის მოქალაქეებს და ეს უკვე არის გაგრძელება მრავალთვიანი ტენდენციის“.

„ის რომ წინა მთავრობის დროს ასეთი რამეები არ ხდებოდა, ეს არ იყო შიშის ბრალი. ეს იყო ბრალი იმისა, რომ ჩვენ ყველანი მუდმივად ვიმეორებდით, რომ საქართველოში არის ყველა თანასწორი, საქართველო ეკუთვნის ყველას“, – აღნიშნა მან. 

„მე მოვუწოდებ მთავრობას შეწყვიტოს ზიზღის ენით და  შურისძიების ენით ლაპარაკი. მე მოვუწოდებ ყველას, რომ ჩვენ ვაწარმოოთ დიალოგი ერთმანეთთან, ვიმუშაოთ სამოქალაქო მშვიდობის მიღწევის კუთხით“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„ამავე დროს მინდა ვთქვა, რომ ჩვენი რთული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, როცა მეზობლები გვყავს თურქეთი, აზერბაიჯანი და სხვა ქვეყნები და ეს მათთანაც გვიქმნის ასევე პრობლემებს, პრაქტიკულად ჩვენ ვრჩებით პირისპირ მხოლოდ ერთი მეზობლის, ჩვენი დამპყრობლის –  რუსეთის მიმართ“, – განაგრძო მან, „ასეთი პროვოკაციების შედეგად ჩვენ ვრჩებით დაუცველები“.

„ამიტომ მინდა მთავრობას მოვუწოდო, რომ ჩამოაყალიბოს მწყობრი პოლიტიკა და გამოხატოს პოზიცია, რათა მომავალში ვერავინ ერ შეძლოს ასეთი რამის გაკეთება“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„მუსლიმებისთვის მინარეთის მოხსნა იგივეა, რაც მართლმადიდებლებისთვის ან საერთოდ ქრისტიანებისთვის ეკლესიიდან ჯვრის მოხსნა  და ამას აქვს თავის შედეგები“, – აღნიშნა მან.

„მე, როგორც მართლმადიდებელმა, მინდა გამოვხატო სრული პატივისცემა ჩვენი მუსლიმი სისხლის და ხორცის მიმართ. საქართველოში არის რამდენიმე ასეული ათასი მუსლიმი, მსოფლიოში არის რამდენიმე მილიონი მუსლიმი ქართველი და არავის არ აქვს უფლება რაიმე სახის შუღლი ჩამოაგდოს მათსა და დანარჩენ ქართველებს შორის“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მან ასევე ადიგენის გამგებლის სიმონ პარუნაშვილის დაკავება მინარეთის დემონტაჟის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს დაუკავშირა. პარუნაშვილი 27 აგვისტოს დააკავეს, რომელსაც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური 2011 და 2012 წელს სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

სააკაშვილმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ადიგენის გამგებელი მას შემდეგ დააკავეს, რაც მან უარი თქვა „უკანონო ბრძანების შესრულებაზე მინარეთის დაშლის“.

„ამ გამგებელს ამ ბრძანების არ შესრულებიდან რამდენიმე დღეში აკავებენ 2009 წელს თუ გასულ წლებში რაღაც სამსახურეობრივი გადაცდენის ბრალდებით – ეს არის არა მხოლოდ ძალიან უხერხული რამე, არამედ  უბრალოდ ძალიან დიდი უპატივცემულობა ქართული საზოგადოების მიმართ“, – განაცხადა მან.

„მე ვფიქრობ, კანონიერება უნდა აღდგეს; ვფიქრობ, რომ ყველას უფლებები უნდა იყოს უზრუნველყოფილი. იქაც ადგილზე, ძალიან ბევრი მართლმადიდებელი და სხვა აღმსარებლობის ხალხი დიდი აღშფოთების შეხვდა იმას, რაც მოხდა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)