ბენილუქსის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს ეწვევიან

მოლდოვაში განხორციელებული ვიზიტის შემდეგ ბელგიის, ნიდერლანდების და ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრები 5–6 სექტემბერს საქართველოს ეწვევიან.

თბილისში ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრის მოადგილე და საგარეო საქმეთა, საგარეო ვაჭრობისა და განვითარების სფეროში თანამშრომლობის მინისტრი დიდიე რეინდერსი, ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანს ტიმერმანსი და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს  ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა და მიგრაციის მინისტრი ჟან ასელბორნი ქართველ კოლეგას მაია ფანჯიკიძეს შეხვდებიან. ბენილუქსის ქვეყნების  საგარეო საქმეთა მინისტრები ასევე შეხვდებიან პრეზიდენტ სააკაშვილს, პრემიერ-მინისტრ ივანიშვილს, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას, შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და პრემიერ–მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძეს; ასევე დაგეგმილია შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

„შეხვედრაზე საკითხების ფართო სპექტრი იქნება განხილული, მათ შორის ქვეყნებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტები, განსაკუთრებით კი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება“, – განაცხადა ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, „მხარეები ყურადღებას გაამახვილებენ საქართველოს ევროპულ და ევრო–ატლანტიკურ მისწრაფებებზე და 2013 წლის ნოემბერში ვილნიუსში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მნიშვნელობაზე. ამას გარდა, ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოში არსებულ ვითარებას, მათ შორის მომავალ არჩევნებს და მიმდინარე რეფორმებს, რომელთა მიზანიც დემოკრატიის გამყარება და კანონის უზენაესობის გაძლიერებაა“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)