ივანიშვილი რიგაში შეხვედრებს მართავს
ლატვიაში ვიზიტის მეორე დღეს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი რიგის კონფერენციის ფარგლებში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს რადოსლავ შიკორსკის შეხვდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა მადლობა გადაუხადა რადოსლავ შიკორსკის ივლისში პოლონეთში ვიზიტის დროს "გულთბილი მიღებისთვის" და იმ ძალისხმევისთვის, რომელსაც ვარშავა იჩენს ნატოსთან ასპირანტი ქვეყნების თანამშრობლობის გაღრმავების მიზნით.
პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა, რომელმაც ვიზიტის პირველ დღეს ლატვიის ხელმძღვანელობასთან გამართა მოლაპარაკებები, 7 სექტემბერს შეხვედრა გამართა ასევე ეუთოს გენერალურ მდივანთან ლამბერტო ზანიესთან, რომლის დროსაც, საქართველოში მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად, პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის თანახმად, საუბარი ასევე შეეხო „ეუთოს სრულფასოვანი მისიის აღდგენას, ეუთოს მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ ვითარებას“.
დღესვე ბიძინა ივანიშვილი რიგის კონფერენციის ფარგლებში გამართულ სამუშაო სადილზე სიტყვით გამოვიდა, სადაც ძირითადი ყურადღება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებზე გაამახვილა და განაცხადა, რომ „საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას არავითარი სხვა ალტერნატივა არა აქვს“.
მისი თქმით, დასავლური კურსი საქართველოს ხალხის არჩევანია და „ვერც ერთი ხელისუფლება ვერ დააყენებს ეჭვქვეშ ამ არჩევანს და ვერ გადაუხვევს ამ გზას“.
„საქართველო, მისი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, მრავალი საფრთხის წინაშე დგას. ამიტომ, ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე გავხდეთ დასავლური უსაფრთხოების სისტემის განუყოფელი ნაწილი“, – განაცხადა ივანიშვილმა.
თავის გამოსვლაში მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიზანია 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები იყოს “ყველაზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში“.
პრემიერ-მინისტრი ლატვიიდან ესტონეთში გაემგზავრება, სადაც მისი ხელმძღვანელობით სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი 8-9 სექტემბერს შედგება.