სოხუმში რუსი დიპლომატი მოკლეს

9 სექტემბერს დილით სოხუმში რუსი დიპლომატი დიმიტრი ვიშერნევი, სეპარატისტულ აფხაზეთში რუსეთის საელჩოს პირველი მდივანი და ვიცე-კონსული მოკლეს, იტყობინება „აფსნიპრესი“.

36 წლის დიპლომატს ცეცხსასროლი იარაღიდან მაშინ ესროლეს, როცა ის სამსახურეობრივი მანქანით ტოვებდა მის საცხოვრებელ სახლთან მდებარე ავტოფარეხს. სროლის შედეგად ასევე მძიმედ დაიჭრა დიპლომატის მეუღლე, რომელსაც სოხუმის სავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა.

„რია ნოვოსტი“ და „ინტეფაქსი“ აფხაზ სამართალდამცავებზე დაყრდნობით იტყობინებიან, რომ შემთხვევის ადგილას აღმოაჩინეს ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც მობილურ ტელეფონზე იყო მიმაგრებული, თუმცა არ ამოქმედებულა.

აფხაზი სამართალდამცავები საქმეს განზრახ მკვლელობის და ასევე იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლებით იძიებენ.

სეპარატისტული აფხაზეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა, რომელმაც მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა, სამართალდამცავ ორგანოებს მკვლელობის გასახსნელად მაქსიმალური ძალისხმევის გამოვლენისკენ მოუწოდა.

მომხდართან დაკავშირებით სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ „როგორიც არ უნდა იყოს ამ საშინელი ბოროტმოქმედების მოტივები“, სოხუმი რუსი დიპლომატის მკვლელობას აფასებს, როგორც „აფხაზეთის რესპუბლიკის მშვიდობასა და სტაბილურობაზე თავდასხმას, რომელიც მიმართულია რუსულ-აფხაზური სტრატეგიული და ძმური ურთიერთობების ჩაშლისკენ, როგორც პროვოკაციას, რომელიც გათვლილია სხვადასხვა, მათ შორის პოლიტიკურ შედეგებზე“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)