ივანიშვილი “საქართველოს რკინიგზის” გენერალურ დირექტორს აქებს

პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე „კარგი ბიჭი“ და „საინტერესო პიროვნებაა“ და მართალია მას არ უფიქრია მასზე, როგორც პრემიერ–მინისტრობის პოტენციურ კანდიდატზე, თუმცა „ერთ-ერთი ვარიანტი“ შესაძლოა ისიც იყოს.

ქართულ მედიაში ცოტა ხნის წინ გავრცელდა ვარაუდები, რომ ბახტაძე ივანიშვილმა პრემიერ–მინისტრის პოსტისთვის შეარჩია, რომელიც ივანიშვილს თანამდებობიდან მოსალოდნელი გადადგომის შემდეგ შეცვლის.

როდესაც ბიძინა ივანიშვილს ამის შესახებ ჰკითხეს 9 სექტემბერს, მან ღიმილით უპასუხა: „სხვათაშორის კარგად მიკარნახეთ. მე არ მქონდა ის განრიგში და ერთ–ერთ კანდიდატად შეიძლება განვიხილოთ. კარგია ბიჭია სხვათაშორის“.

„მე არ განვიხილავდი მას, მაგრამ საინტერესო პიროვნებაა და შეიძლება ერთ–ერთ ვარიანტად ეგეც დარჩეს“, – დასძინა ივანიშვილმა.

31 წლის მამუკა ბახტაძე, რომელიც არ არის ცნობადი სახე ფართო საზოგადოებისთვის და არასდროს ყოფილა ჩართული პოლიტიკაში, „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურ დირექტორად 2013 წლის მარტის ბოლოს დაინიშნა. 2010 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის ბოლომდე ის საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალურ დირექტორად მუშაობდა, რომელიც საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შემადგენლობაში შედის.

7 სექტემბერს რადიო „თავისუფლების“ თბილისის ბიუროსთან ინტერვიუში ივანიშვილმა განაცხადა, რომ მას „თითქმის გადაწყვეტილი“ აქვს, თუ ვის დაასახელებს  ახალ პრემიერ–მინისტრად. „მაგრამ ეს პარტნიორებს უნდა შევუთანხმო. მე ერთი კაცი არ გადავწყვეტ ამას, ჩემი ეს ვარიანტი პოლიტიკურ საბჭოსაც, პარლამენტსაც და მთავრობასაც უნდა შევუთანხმო“, – განაცხადა მან.

9 სექტემბერს პრემიერ–მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პრემიერ–მინისტრის თანამდებობის დატოვებას და პოლიტიკიდან წასვლას  27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებიდან „რამდენიმე კვირაში“ გეგმავს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)