უსუფაშვილი იმედოვნებს, რომ PACE რუსეთის დელეგაციის მოთხოვნილ სანქციებს საქართველოს არ დაუწესებს

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა 30 სექტემბერს სტრასბურგში განაცხადა, რომ „ძალიან დიდი უსამართლობა“ იქნება, თუ რუსეთის დელეგაციის მოთხოვნით საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ფარგლებში სანქციები დაუწესდება.

საქართველოს მიმართ სანქციების დაწესება PACE-ში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ალექსეი პუშკოვმა იმის გამო მოითხოვა, რომ PACE-ის დელეგაციის შემადგენლობიდან, რომელიც გასულ კვირას საქართველოს წინასაარჩევნო ვითარების შეფასების მიზნით სტუმრობდა, საქართველოს თხოვნით ამოიღეს რუსი დეპუტატი ვასილი ლიხაჩევი. ამის გამო პუშკოვი ითხოვს საქართველოს ორი წლით აეკრძალოს PACE-ის ღონისძიებების გამართვა. სანქციების დაწესებაზე ასამბლეის მუდმივი კომიტეტი, სავარაუდოდ, ვენაში ნოემბერში იმსჯელებს.

დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ლიხაჩევის დელეგაციიდან ამოღება საქართველომ იმის გამო მოითხოვა, რომ მას დარღვეული აქვს საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ვინაიდან საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე იმყოფებოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. საქართველოში შემოსვლისას ასეთი პირები ჯარიმით ან 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯებიან, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

„რია ნოვოსტის“ ცნობით, ლიხაჩევმა დაადასტურა, რომ ის 2009 წელს მართლაც იმყოფებოდა სეპარატისტულ აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით და მოსალოდნელი სანქციების შესახებ ინფორმაციის გაანალიზების შედეგად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელობასთან კონსულტაციების გზით მიიღო გადაწყვეტილება თბილისში დაგეგმილი ვიზიტის გაუქმების თაობაზე.

„ამის თაობაზე რუსეთის საპარლამენტო დელეგაცია და ზოგიერთი სხვა წარმომადგენელი სხვადასხვა ქვეყნებიდან ითხოვენ საქართველოს დასჯას და საქართველოში ევროსაბჭოს ეგიდით ღონისძიებების გამართვის აკრძალვას, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალიან პრინციპული პოზიცია და ეს მოვახსენეთ ყველას, რომ ეს იქნება ძალიან დიდი უსამართლობა და დარწმუნებულები ვართ, რომ ევროპის საბჭო ამას არ გააკეთებს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.

მისი თქმით, ეს საკითხი მან სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ჟან-კლოდ მინიონთან, ასამბლეის გენერალურ მდივანთან ვოიცეკ სავიცკისთან და საქართველოს საკითხზე თანამომხსენებლებთან გამართულ შეხვედრებზე განიხილა.

დავით უსუფაშვილი PACE-ს საშემოდგომო სესიას  შავი ზღვის აუზის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) თავმჯდომარის რანგში ესწრება.

ვიზიტის ფარგლებში მას შეხვედრები აქვს ასევე დაგეგმილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ტორბიორნ იაგლანდთან; ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული მმართველობის კონგრესის პრეზიდენტთან ჰერვიგ ვანსტაასთან და მის გენერალურ მდივანთან ანდრეას კიფერთან; ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრეზიდენტთან დინ შპილმანთან და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისართან ნილს მუჟნიეკსთან.

უსუფაშვილი ასევე შეხვდება ვენეციის კომისიის პრეზიდენტს ჯანი ბუკიკიოს.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება ასევე PACE-ს ლიბერალ-დემოკრატთა ალიანსის პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარესთან ან ბრასორთან; სოციალისტების პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარესთან ანდრეას გროსთან; სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარესთან პედრო აგრამუნდთან და ევროპელი დემოკრატების პოლიტიკურ ჯგუფთან.