ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტი საქართველოში ვიზიტის შესახებ

ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის (PSC) ელჩებმა საქართველოს რეფორმების გზის გაგრძელებისკენ მოუწოდეს და „გამოთქვეს მოლოდინი, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები თავისუფალი, სამართლიანი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნება“.

პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ევროკავშირის ელჩები თითოეული წევრი სახელმწიფოდან და ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენლები და რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოების და კრიზისული სიტუაციების მონიტორინგს ახორციელებს ევროკავშირის რეაგირების ვარიანტების მოსამზადებლად, საქართველოს 29 სექტემბერს – 1 ოქტომბერს სტუმრობდა.

კომიტეტის წევრები შეხვდნენ პრეზიდენტ მეხეილ სააკაშვილს, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს, სახელმწიფო მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილს, ასევე პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძეს, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის და ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

ევროპელი დიპლომატები ასევე ესტუმრენ სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზს.

„კომიტეტმა შეშფოთება გამოთქვა ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ გადაადგილების შემზღუდავი ღობეებისა და სხვა ფიზიკური დაბრკოლებების აღმართვასა და ადგილობრივ მოსახლეობაზე მათ გავლენასთან დაკავშირებით. კომიტეტის წარმომადგენლებმა კვლავ დაადასტურეს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა“, – ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ პრეს–რელიზში.

ამავე პრეს–რელიზის თანახმად, ეს ვიზიტი „მკაფიო ნიშანია იმისა, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს  ევროკავშირი საქართველოს, როგორც ერთ–ერთი უმნიშვნელოვანეს პარტნიორს“.

„ის ასევე მიესალმება საქართველოს მხრიდან ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავების მკაფიო მზადყოფნას“, – ნათქვამია პრეს–რელიზში, „ევროკავშირი მოწადინებულია, რომ [ასოცირების შესახებ] შეთანხმების პარაფირება მოხდეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტზე ვილნიუსში“.

„კომიტეტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ასოცირების შესახებ შეთანხმების / ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის" წევრობა "საბაჟო კავშირის" წევრობასთან შეუთავსებელია. ევროკავშირი პატივს სცემს პარტნიორების თავისუფალ, სუვერენულ და ავტონომიურ არჩევანს, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მის პარტნიორებზე გაუმართლებელი ზეწოლა მიუღებელია“.

„იმისათვის, რომ ვილნიუსის სამიტი წარმატებული იყოს, უნდა შევინარჩუნოთ საქართველოს წინსვლა რეფორმების მიმართულებით. პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტი მიესალმება დღეისთვის მიღწეულ პროგრესს და მოუწოდებს საქართველოს განაგრძოს რეფორმების გზა, კიდევ უფრო გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები და კანონის უზენაესობა, და ასევე გაუმკლავდეს დარჩენილ გამოწვევებს“, – ნათქვამია პრეს–რელიზში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)