ივანიშვილის თქმით, აშშ-ში მისი ვიზიტი ‘ალბათ’ ვეღარ მოხერხდება მოსალოდნელი გადადგომის გამო

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი ვიზიტი აშშ-ში თანამდებობიდან წასვლის გეგმების გამო “ალბათ ვეღარ მოხერხდება“, თუმცა „არაფერს ეს არ აფუჭებს“, რადგან ახალი ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს გააღრმავოს ურთიერთობები ყველაზე დიდ სტრატეგიულ პარტნიორთან.

შარშან ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ივანიშვილმა განაცხადა, რომ პირველი ვიზიტი აშშ-ში ექნებოდა, თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ ამერიკაში სხვა დროს გაემგზავრებოდა.

მისი თქმით, აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა ბოლოს მას ვაშინტონში ვიზიტის განხორციელება ნოემბრისთვის შესთავაზა.

„მე და რიჩარდს გვქონდა ბოლო შეხვედრა. მახსოვს, რომ შესვენებისას მკითხა რომ აქ რა გვეშველება, შენ ასე ადრე მიდიხარ [თანამდებობიდან]. ნოემბერი რიცხვიც კი ვუთხარი თითქმის. მე არ ვთვლი, რომ ეს არის ტრაგედია და იგივე ვუპასუხე რიჩარდს. ჩვენ გვაქვს ძალიან ახლო მეგობრული  ურთიერთობა“, – განაცხადა მან ტელეკომპანიების წამყვანებთან და საინფორმაციო სამსახურების უფროსებთან 2 ოქტომბერს სატელევიზიო შეხვედრაზე. 

„რაც აუცილებელი იყო ჩემთვის ამ ყველაზე დიდ სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელსაც მე დიდი მადლიერებით მოვიხსენიებ და შევახსენებ ჩვენ პარტნიორებს, ჩემი გუნდის წევრებს და მთლიანად საზოგადოებას, რომ ნურავის ნუ აქვს ილუზია, რომ ამერიკის ხარჯზე ჩვენ რაღაცეები უნდა გავაკეთოთ, რომ დავთმოთ მათი პოზიციები“, – განაცხადა მან, „ჩვენ უნდა მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ და მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ ამერიკის ინტერესები ჩვენ ქვეყანაში არ შესუსტდეს და გაღრმავდეს. და მე მგონი, ჩვენ ამ მხრივ ძალიან კარგი ნაბიჯები გავაკეთეთ“.

„რაც მთავარია, ჩვენ არათუ შევინარჩუნეთ, არამედ გავაღრმავეთ [აშშ-ის]  ადმინისტრაციასთან, პირველ რიგში, და ზოგადად სახელმწიფოსთან ჩვენი ურთიერთობები.  აქ ეჭვს არ იწვევს და ახალი ხელისუფლება ეჭვქვეშ არ აყენებს იმას, რომ ის არის ჩვენი ყველაზე დიდი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენი პერსპექტივაც, თუ გნებავთ, ძალიან დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ გავუფრთხილდებით და როგორ გავაგრძელებთ და  გავაღრმავებთ მათთან ურთიერთობას“, – აღნიშნა მან. 

აშშ-ში ვიზიტზე საუბარი ივანიშვილმა ჟურნალისტის შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ წამოიწყო.

„შესაბამისად დაპატიჟება მივიღე. შეურაცხყოფას ვერ იგრძნობს ქართველი ხალხი და მეც არ მაქვს უკმაყოფილების გრძნობა. პირველივე ვიზიტი, პირველი დაპატიჟება მქონდა ამერიკაში, რაზეც მე გამოვედი და საჯაროდ  განვაცხადე, რომ არ არის დრო საუკეთესო, ჩავთვალე მაშიმ“, – განაცხადა მან, „იმის შემდგომ ბოლო ვიზიტი ჰქონდა, რიჩარდად მოვიხსენიებ იმიტომ, რომ მართლა კარგი ურთიერთობა მაქვს ბატონ ნორლანდთან, ის საკუთარ ქვეყანაში იმყოფებოდა ორი კვირით, ჩამოვიდა და მითხრა, რომ ალბათ ისევ ნოემბერი დავგეგმოთ, რამდენჯერმე მახსენებდა ამას. მეც დავეთანხმე, რომ ალბათ ნოემბერი, თუმცა მე დაზუსტებით არ ვიცოდი რა და როგორ განვითარდებოდა“.

მან ასევე განაცხადა, რომ ვიზიტის არ განხორციელება რაიმე პრობლემას არ ქმნის, ვინაიდან  „არ წავსულვარ, მაგრამ ალბათ უფრო მეტი გაკეთდა გაცილებით, უფრო სწორად გადალაგდა ურთიერთობები  ჩვენს ძირითად პარტნიორთან“.

„ძალიან გაგვიმართლა ამ მხრივ, თუ გნებავთ და კიდევ ერთხელ მადლიერებით მოვიხსენიებთ ბატონ ნორლანდს, რომელიც არის ძალიან ეფექტური, ძალიან მაღალი პროფესიონალი, ძალიან პატიოსანი და უპატიოსნესი. არავის არ შეეპაროს ეჭვი იქ ნაციონალური მოძრაობიდან, რომ ჩვენ რამეს ვაჭარბებთ.  მე კიდევ ერთხელ შევახსენებ მოსახლეობას, რომ მახსოვს იოგის მასწავლებელი შევთავაზე და ეს იყო დასაწყისში და გამაფრთხილა ეს კორუფციას გავსო. აი ასეთი კაცი გახლავთ ბატონი ნორლანდი, ამიტომ  ეს არის ძალიან ენერგიული, ერთი ასაკის გახლავართ ის არის ჩემზე თვეებით უფროსი, ძალიან ბევრს ვხვდებით, ძალიან ბევრს ვმუშაობთ ერთად, ყველა მინისტრთან, ყველა სამინისტროში და ყველა სფეროში აქვს ძალიან აქტიური ქმედებები და იცის რა ხდება საქართველოში“.

ივანიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ძალიან ბევრი ვიზიტებია ამერიკიდან და „ვერავინ ვერ იტყვის იმას, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში გაუარესდა ჩვენს ძირითად პარტნიორთან ურთიერთობა“.

მან ასევე განაცხადა, რომ იზიარებს აშშ-ის ელჩის „სინანულს“ იმასთან დაკავშირებით, რომ „წასვლა ალბათ ვეღარ მოხერხდება“.

„განცდით მითხრა და რიჩარდს ვუთხარი მეც ესე, რომ რიჩარდ, ეს ხომ არ არის ძირითადი და ჩვენ პრინციპში გავაკეთეთ ყველაფერი, რაც შეიძლებოდა და ქვეყნებს შორის ურთიერთობები უმჯობესდება, უკეთესია და არა უარესი და ამაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის მას პირადად და მეც მცდელობა არ დამიკლია და მთელ ხელისუფლებას, ჩვენმა გუნდმა ძალიან კარგად იმუშავა, აჩვენა ჩვენი სტრატეგიული დამოკიდებულება, ჩვენი პერსპექტივა კარგად და დაჟინებით რომ ეს არის ევროპა და ევროატლანტიკური სივრცე მიუხედევად იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები, ის რაც ჰქონდათ პიარის სახით, მუდამ აყირავებდნდნენ ამ ინფორმაციას და ჩაჰქონდათ მუდმივ რეჟიმში საპირისპირო", – განაცხადა მან და დასძინა: "მე მგონი, რომ ეს პერიოდი დასრულდა და ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა არათუ შევინარჩუნეთ, გავაღრმავეთ და განვავითარეთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან".

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)