ხურჩას ინციდენტში ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა უსაფრთხოების სამსახურის ორ ყოფილ თანამშრომელს, რომელთაც ტერორიზმის ბრალდება აქვთ წაყენებული სროლებისა და აფეთქების იმ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც სოფელ ხურჩაში 2008 წლის 21 მაისს მოხდა – იმ დღეს, როდესაც საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართებოდა.

შსს-ის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა და ამავე სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სპეციალურ ღონისძიებათა ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი მალხაზ მურღულია ტერორიზმის ბრალდებით 22 ოქტომბერს დააკავეს.  

ორივე მათგანი უარყოფს ბრალდებებს.

მათ ბრალი ედებათ ხუთი წლის წინ ხურჩაში მომხდარ სროლებსა და აფეთქებაში, რაშიც მაშინ საქართველოს ყოფილმა ხელისუფლებამ აფხაზური მხარე დაადანაშაულა; თუმცა ამჟამინდელი ხელისუფლება აცხადებს, რომ შამათავამ და მურღულიამ შსს-ს „სხვა მაღალ თანამდებობის პირებთან ერთად“, ორგანიზება გაუკეთეს და განახორციელეს ტერორისტული აქტი „მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინების მიზნით“. ხელისუფლება აცხადებს, რომ განაგრძობს გამოძიებას ამ ინციდენტის დამკვეთების გამოსავლენად, რომლის დროსაც ერთი ქალბატონი მძიმედ დაშავდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)