ცესკო: 12 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 17.15% შეადგინა

12 საათისთვის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა საქართველოში რეგისტრირებული 3 537 719 ამომრჩევლის 17.15% -მა მიიღო, განაცხადა ცესკომ.

ეს მონაცემი შედარებით დაბალ აქტივობაზე მიუთითებს შარშანდელ საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებაში, როცა დღის 12 საათისთვის თავისი არჩევანი ამომრჩეველთა მეოთხედს  – 25.88%–ს ჰქონდა გაკეთებული. 2012 წლის 1 ოქტომბრისთვის საარჩევნო სიაში 3 613 851 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.

დილის 10 საათისთვის აქტივობა 6.8%-ს შეადგენდა. ცესკოს დღის განმავლობაში კიდევ სამჯერ გამოაქვეყნებს აქტივობის მაჩვენებლებს.

სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ განაცხადა, რომ დილის 11 საათისთვის მისმა დამკვირვებლებმა ექვსი საჩივარი შეიტანეს. "სამართლიანმა არჩევნებმა", რომელსაც 1200 დამკვირვებელი ჰყავს, განაცხადა, რომ საარჩევნო უბნების გახსნის პროცედურები უკეთესად განხორციელდა, ვიდრე შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების დროს.

საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ, რომელსაც 370 დამკვირვებელი ჰყავს, განაცხადა, რომ 12 საათის მდგომარეობით საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ შარშანდელ საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, „უფრო მეტი პროცედურული დარღვევა“ ფიქსირდება. საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველომ განაცხადა, რომ მისმა დამკვირვებლებმა 20 „მცირე“ და 22 „შედარებით სერიოზული დარღვევა“ დააფიქსირეს და სულ 12 საათისთვის 22 საჩივარი დაწერეს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)