თბილისის საკრებულოს უფლებების გაზრდა მერის ძალაუფლების შემცირების ხარჯზე იგეგმება
პარლამენტში ინიცირებული ცვლილებების თანახმად, თბილისის საკრებულოს ეზრდება უფლებამოსილება თბილისის მერის ძალაუფლების შეზღუდვის ხარჯზე და მას ხელახლა მიენიჭება უფლება, რომ თანხმობა მისცეს მერის მიერ წარდგენილი დედაქალაქის წამყვანი თანამდებობის პირების დანიშვნას ან მათ უნდობლობა გამოუცხადოს.
ამგვარი უფლებამოსილება საკრებულოს 2010 წლამდეც გააჩნდა, ვიდრე თბილისის მერის თანამდებობა პირდაპირი წესით არჩევითი გახდებოდა. თუმცა 2009 წლის დეკემბერში კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შედეგად, რომელიც 2010 წელს თბილისის მერად გიგი უგულავას არჩევის შემდეგ შევიდა ძალაში, ქალაქის მთავრობის ფორმირების კომპეტენცია მთლიანად მერის ხელში გადავიდა.
ქართული ოცნების მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, საკრებულოს მიენიჭება უფლება უნდობლობა გამოუცხადოს თბილისის მერის მოადგილეებს, საქალაქო სამსახურების უფროსებს, თბილისის რაიონების გამგებლებს და თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული იურდიული პირების ხელმძღვანელებს; ამ პროცედურის აღძვრას, კანონპროექტის მიხედვით, საკრებულოს სრული შემადგენლობის სულ ცოტა ერთი მესამედის მხარდაჭერა დასჭირდება; საკრებულოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მიერ უნდობლობის გამოცხადების შემთხვევაში, მერი ვალდებული გახდება თანამდებობიდან გადააყენოს შესაბამისი თანამდებობის პირი; მერს აეკრძალება უნდობლობა გამოცხადებული პირის თანამდებობაზე განმეორებით დანიშვნა.
რაც შეეხება ქალაქის მთავრობის დაკომპლექტებას, კანონპროექტის მიხედვით, თბილისის მერი მისი მოადგილეების, მერიის ადმინისტრაციის უფროსის, საქალაქო სამსახურების უფროსებისა და გამგებლების კანდიდატურებს თავად შეარჩევს, თუმცა მათ საკრებულოს თანხმობის გარეშე ვერ დანიშნავს.
თუ საკრებულო ორჯერ დაიწუნებს მერის კადრებს, მაშინ საკრებულოს სულ ცოტა ერთ მესამედს შეუძლია უკვე თავისი კანდიდატურა წამოაყენოს დასამტკიცებლად; იმ შემთხვევაში თუ ვერც საკრებულოს მიერ დასახელებული კანდიდატურა ვერ მიიღებს მხარდაჭერას, მაშინ თბილისის მერი მისთვის სასურველ კანდიდატურას ერთპიროვნული გადაწყვეტილების საფუძველზე დანიშნავს, კანონპროექტის თანამად.
დედაქალაქის-თბილისის შესახებ კანონში ინიცირებული ეს ცვლილებები ქართული ოცნების დეპუტატებმა ერეკლე ტრიპოლსკიმ და გია ჟორჟოლიანმა მოამზადეს, როგორც მათ აღნიშნეს, საკრებულოს უფრო ეფექტური კონტროლის განსახორციელებლად დედაქალაქის მთავრობის საქმიანობაზე.
თბილისის საკრებულოში ძალთა ბალანსი ქართული ოცნების სასარგებლოდ არის შეცვლილი, ხოლო ქალაქის აღმასრულებელ ხელისუფლებას ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის მერი გიგი უგულავა აკონტროლებს.
ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ ცვლილებებით ქართული ოცნება მიზნად ისახავს, რომ თბილისის აღმასრულებელ ხელისუფლებაში უგულავას გუნდი თავისი კადრებით ჩაანაცვლოს. არსებული კანონმდებლობა საკრებულოს არ აძლევს უფლებას, რომ იმპიჩმენტი გამოუცხადოს პირდაპირ არჩეულ მერს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014 წლის გაზაფხულზე არის დაგეგმილი.
წარმოდგენილი ცვლილებები, პარლამენტში სამი მოსმენით მიღების შემთხვევაში, გამოქვეყნებისთანავე შევა ძალაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)