უსუფაშვილი ლიტვის პრეზიდენტს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი 7 ნოემბერს ვილნიუსში ლიტვის პრეზიდენტს დალია გრიბაუსკაიტეს და საგარეო საქმეთა მინისტრს ლინას ლინკევიჩიუსს შეხვდა.

უსუფაშვილი, რომელიც თავის ლიტველ კოლეგას ლორეტა გრაუჟინიენეს 6 ნოემბერს შეხვდა, ვილნიუსში რიგაში სტუმრობის შემდეგ ჩავიდა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან როგორც ქართული ოცნების, ისე ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები, სამი კვირით უსწრებს წინ ვილნიუსში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს, სადაც საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებას ელის.

„უდავოა, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ლიდერთა შორისაა“, – განაცხადა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა. საქართველოს გარდა, აღმოსავლეთ პარტნიორობაში ასევე შედიან სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა და უკრაინა.

ლინკევიჩიუსმა, რომლის ქვეყანაც ევროკავშირის თავმჯდომარეა, განაცხადა, რომ 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებმა „აჩვენა საქართველოს მტკიცე გადაწყვეტილება, რომ დემოკრატიის გზა გააგრძელოს“.

„მნიშვნელოვანია, რომ კვლავაც უზრუნველყოფილი იყოს პლურალიზმის და კანონის უზენაესობის დემოკრატიული პრინციპები“, – განაცხადა მან.

ლიტვის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტმა გრიბაუსკაიტემ მოუწოდა საქართველოს „უზრუნველყოს, რომ არ იყოს შერჩევითი სამართალი და პოლიტიკური ოპონენტების დევნა“ და „გამჭირვალე სამართალწარმოების, სამართლიანი სასამართლოს და კანონის უზენაესობის“ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ასევე საჭიროა, რომ გაუმჯობესდეს უმცირესობების თვალსაზრისით არსებული ვითარება. სხვა საჭირო ნაბიჯებს შორისაა ასევე ანტი–დისკრიმინაციული და მონაცემთა დაცვის შესახებ კანონების მიღება და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა“, – განაცხადა ლიტვის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უსუფაშვილს და გრიბაუსკაიტეს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ პრეს–რელიზში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)